თავში

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის გზის რეაბილიტაციას 6.4 მილიონი ლარი მოხმარდება

საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის გზის რეაბილიტაციას 6.4 მილიონ
საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის გზის რეაბილიტაციას 6.4 მილიონი ლარი მოხმარდება

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის საავტომობილო გზის 14.8 კმ-იანი (კმ13-კმ27) მონაკვეთის პროექტირება-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შეასხებ report.ge-ს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს. მათი განმარტებით,  სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, კერძოდ, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს, საგარეჯოდან 12 კმ-ში იწყება და სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე სრულდება. დეპარტამენტის შეფასებით, გზის კეთილმოწყობა მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისა და მომლოცველებისთვის, ისე ტურისტული თვალსაზრისითაც.

„პროექტის ფარგლებში, დაზიანებული გზა სრულად რეაბილიტირდება, ჩატარდება მიწის სამუშაოები, მოეწყობა გზის საფუძველი, დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, შეკეთდება და მოეწყობა ახალი ხელოვნური ნაგებობები. ასევე, შემოიფარგლება გზის სავალი ნაწილი და დამონტაჟდება საგზაო ნიშნები. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6.4 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოები მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. გასულ წელს დასრულდა, საგარეჯო-უდაბნო-დავით გარეჯის მონასტრის საავტომობილო გზის 13.4 კმ-იანი მონაკვეთის (კმ36-კმ49) რეაბილიტაცია. რეაბილიტირებული მონაკვეთი, სოფელ უდაბნოს ტერიტორიაზე იწყება და დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან სრულდება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარით დაფინანსდა“,-აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

შეგახსენებთ, წელს დაიწყება დღესდღეობით ყველაზე გადატვირთული გზის მონაკვეთის, კახეთის 35 კმ-იანი მაგისტრალის მშენებლობა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება. საუბარია კახეთის 35 კილომეტრიანი მაგისტრალის მშენებლობაზე, რომელშიც ქართული კომპანიებიც ჩაერთვებიან. თბილისი-საგარეჯოს საავტომობილო გზის მშენებლობაზე ტენდერი წელს გამოცხადდება და ამ ავტობანის მშენებლობას სახელმწიფო აფინანსებს.

ცნობისთვის ეს პროექტი აზერბაიჯანული მედიის ყურადღების ქვეშაცაა. გზის კეთილმოწყობა ორივე ქვეყნის ინტერესშია, რადგან აზერბაიჯანი-საქართველოს სატრანზიტო დერეფანს გახდის სრულყოფილს. ეს გზა საერთაშორისო-სატრანზიტო მნიშვნელობისაა, რადგან, თბილისი-კახეთის მთავარი მაგისტრალის ფუნქციის გარდა, ის ასრულებს სატრანზიტო დერეფანის ფუნქციას საქართველო-აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონს შორის.

პროექტი ითვალისწინებს არა ძველი გზის, არამედ მთლიანად ახალი მაგისტრალის აღდგენას. თბილისი-საგარეჯოს 35 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროექტი 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტშიც გათვალისწინებულია. პროექტის თანახმად, თბილისი-საგარეჯოს გზას ოთხი ზოლი ექნება. თბილისი-საგარეჯოს მონაკვეთის პროექტირებაზე, რომელიც მსოფლიო ბანკმა დააფინანსა, ავსტრიელი და ამერიკული მაღალკვალიფიციური კომპანიები მუშაობდნენ. ტენდერი თბილისი-საგარეჯოს გზის მშენებლობაზე მიმდინარე წლის ნოემბერ-დეკემბერში უნდა გამოცხადებულიყო. რუსთავიდან აზერბაიჯანის საზღვრისკენ მიმავალი გზის, რუსთავი-წითელი ხიდისა და რუსთავი-სადახლოს მონაკვეთების მშენებლობა 2023 წლამდე გადაიდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system