თავში

საგარეო ვაჭრობა საქართველოს მშპ-ის 2/3-ზე მეტია

საგარეო ვაჭრობა საქართველოს მშპ-ის 2/3-ზე მეტია
საგარეო ვაჭრობა საქართველოს მშპ-ის 2/3-ზე მეტია

გლობალური პანდემიით გამოწვეულმა სოციალურ-ეკონომიკური პროცესების ატიპიურობამ და კრიზისულმა პროცესებმა 2020 წელს თავისი დაღი საქართველოს საგარეო ვაჭრობის დინამიკასაც დაატყო.- მისი ბრუნვის მოცულობა წინა, 2019 წელთან შედარებით შემცირდა 14.8 პროცენტით და 11347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ასე ხსნის საგარეო ვაჭრობის შემცირებას ეკონომიკის ექსპერტი, სტატისტიკოსი, სოსო არჩვაძე. 

მისი შეფასებით, საგარეო ვაჭრობა 2020 წელს ქვეყნის მშპ-ის 2/3-ზე მეტია და ამ მაჩვენებლით, მიუხედავად შემცირებისა, საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციებს მაინც ინარჩუნებს მსოფლიოში. 

"ამასთან, შემცირების ტემპები ექსპორტსა და იმპორტისათვის განსხვავებული იყო (შესაბამისად, -12.0% და -15.9%), რის შედეგად ექსპორტით იმპორტის გადაფარვამ 2020 წელს 41.7 პროცენტი შეადგინა - ეს 1.8 პუნქტით აღემატება წინა, 2019 წლის მდგომარეობას (2019 წ. – -39.9%) და 11.5 პუნქტით - 2015 წლისას (2015. წ. - -30.2%). 2016-2020 წლებში ყოველწლიურად ექსპორტის ზრდის საშუალო წლიური ტემპი 8.7 პროცენტი იყო, მაშინ როდესაც იმპორტისა - მხოლოდ 1.9 პროცენტი. ექსპორტის შედარებით უკეთესი ტრენდის შენარჩუნებამ იმპორტთან შედარებით, უზრუნველყო საგარეო სავაჭრო ბრუნვის დეფიციტის აბსოლუტური სიდიდის კლება: წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - 18.5 პროცენტით (1055.1 მილიონი აშშ დოლარით), ხოლო 2015 წლის მაჩვენებელთან შედარებით - 8.6 პროცენტით (436.6 მლნ. აშშ დოლარით). აღსანიშნავია, რომ 2020 წლის სექტემბერ-დეკემბერში საქართველოს ექსპორტის საშუალო თვიური მაჩვენებელი 300 მილიონ აშშ დოლარს აღემატებოდა (317.7 მლნ. აშშ დოლარი), რაც მეტია არა მარტო 2020 წლის წინა რვა თვის (იანვარ-აგვისტოს) ანალოგიურ მაჩვენებელზე (+22.7%), არამედ 2019 წლის საშუალო ყოველთვიურ მაჩვენებელზეც (+ 0.4%). 2020 წლის ბოლო მესამედში ექსპორტის აღნიშნული პოზიტიური ტრენდი ძირითადად მიღწეულია წარმატებებით აგრარულ წარმოებაში, გადამამუშავებელ მრეწველობაში და ადასტურებს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობას და კონკურენტუნარიანობას გლობალურ ბაზრებზე," - ამბობს იოსებ არჩვაძე. 

ცნობისთვის, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.

აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).

უარყოფითი სავაჭრო ბალანსი ნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტით მეტი პროდუქცია შეიძინა, ვიდრე ექსპორტზე გაყიდა. თვითკმარი ეკონომიკისთვის საჭიროა ამ ბალანსის ექსპორტის სასარგებლოდ გადაწყობა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, სხვა ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, მძიმე ტვირთად აწვება ლარის კურსსაც: საგარეო ვაჭრობა დოლარში ხდება. შესაბამისად, როცა სახეზეა უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, ქვეყანა მეტ დოლარს იხდის იმპორტში, ექსპორტით შემოსულ დოლარის ნაკადთან შედარებით. ეს ნიშნავს, რომ შიდაბაზარზე დოლარი დეფიციტური ხდება და მასზე მოთხოვნა იზრდება, ლარი კი უფასურდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system