თავში

საგარეო ვალის რა სტრატეგია აქვს საქართველოს

საგარეო ვალის რა სტრატეგია აქვს საქართველოს
საგარეო ვალის რა სტრატეგია აქვს საქართველოს

ფინანსთა მინისტრი საგარეო ვალის სტრატეგიაზე საუბრისას აღიარებს, რომ საქართველოს საგარეო და საშინაო ვალი გაეზარდა. თუმცა მისივე თქმით, მშპ-სთან მიმართებით ვალი მნიშვნელოვნად გაზრდილი აქვს  ყველა ქვეყანას. რაც შეეხება ვალის გასტუმრების გეგმას,  ლაშა ხუციშვილის განცხადებით, მოლოდინი იმისა, რომ სახელმწიფო ვალი 1-2- წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს. 

„მოლოდინი იმისა, რომ ვალი 1-2- წელიწადში დაუბრუნდება ძველ ნიშნულს, არავის უნდა ჰქონდეს, რადგან საკმაოდ დიდია წნეხი, რომელიც კოვიდმა მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის საქართველოს. შესაბამისად, ყველა ქვეყანას საგარეო და საშინაო ვალი მნიშვნელოვნად გაეზარდა მშპ-სთან მიმართებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დავიწყოთ პროცესი, რომელიც შეამცირებს საგარეო ვალს ქვეყანაში და ასევე მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ ყველას, მათ შორის ინვესტორებს, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებს, რომ ქვეყანა ფისკალურ დეფიციტს ამცირებს თანამიმდევრულად“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა და დასძინა, რომ ქვეყნის პრიორიტეტად კვლავ რჩება საგარეო ვალის და ზოგადად ვალის შემცირების ტრენდის ჩვენება.

„ვალთან მიმართებაში მინდა ცალსახად აღვნიშნო, რომ ვალის მოცულობის ცვლილება არ იქნება, რადგან 500 მლნ-ის სანაცვლოდ მოხდა მეორე 500 მლნ-ის ჩანაცვლება; ანუ ვალის მოცულობა რჩება იგივე, საპროცენტო განაკვეთი იქნება გაცილებით დაბალი, 6.875%-დან 2.75%; დაახლოებით 5 წლის განმავლობაში 350 მლნ-ით ნაკლების გადახდა მოუწევს ბიუჯეტს იმის გამო, რომ საპროცენტო განაკვეთი იქნება 2,5-ჯერ დაბალი, ვიდრე იყო 2011 წელს გამოშვებული ევროობლიგაციების შემთხვევაში“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

საქართველომ ამ კვირაში ახალი სესხი აიღო. საქართველოს ევრობონდებში ფული ბრიტანელმა, ევროპელმა და აშშ-ის ინვესტორებმა ჩადეს. ახალი სესზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით ბიუჯეტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში დაზოგავს 350 მილიონ ლარს. ახალი სესხის ვადიანობა 5 წელიწადი, ხოლო წლიური პროცენტი 2,75%-ია. სესხზე ასეთი დაბალი საპროცენტო განაკვეთი რეგიონში უპრეცედენტოა.

შეგახსენებთ, ფინანსისტების ნაწილი ამბობს, რომ ახალ სესხზე 2.75% კარგი პროცენტი იქნებოდა, ევრობონდები რომ ყოფილიყო ათწლიანი და არა ხუთწლიანი. მათი მტკიცებით, შეცდომაა ევრობონდების 10-წლიანი ვადით არგამოშვება.

ცნობისთვის, 2021 წლის 12 აპრილს საქართველოს სუვერენული ევროობლიგაციის ვადა ამოიწურა და ამიტომაც მთავრობამ ახალი ევრობონდები გამოუშვა, რითაც 10 წლის წინ გამოშვებული ევროობლიგაციების ძირი თანხა, $500 მილიონი დოლარი, დაფარა. ვალი რეფინანსირდა, ანუ მთავრობა ახალი $500-მილიონიანი ევროობლიგაციები გამოუშვა. საქართველოს მთავრობა აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან ევროობლიგაციის რეფინანსირებასთან დაკავშირებით. ხელისუფლებამ ევრობონდების რეფინანსირებისთვის მზადება და საერთაშორისო საინვესტიციო ბანკებთან - JP Morgan-თან, Goldman Sachs-თან და ICBC-თან მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარე წლის მარტში დაიწყო. ევრობონდების რეფინანსირების პროცესში ჩართულია ქართული საინვესტიციო ბანკებიც, Galt & Taggart-ი და TBC Capital-ი. ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს სახელით 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევრობონდების განთავსებაზე ოფიციალური განაცხადი 2 დღის წინ გამოქვეყნდა და ახალი საგარეო ვალის მოზიდვის მიზნით, საერთაშორისო ინვესტორებთან მოლაპარაკებებს მართავს. წინა ევრობონდებისგან განსხვავებით, ახალი ფასიანი ქაღალდების ვადიანობა არა 10 წელი, არამედ 5 წელი იქნება.

2011 წელს, ევრობონდების გამოშვების დროს, $500 მილიონი დოლარის ღირებულება 832 მილიონი ლარს შადგენდა. ხელისუფლება ამ ფასიანი ქაღალდის კუპონზე განაკვეთს 3.0%-3.5%- ფარგლებში ელოდა, რაც წინა 10-წლიანი ობლიგაციის განაკვეთზე (6.875%-ზე) 2.2-ჯერ დაბალი იყო, თუმცა ფინანსთა მინისტრის თქმით, ახალი ვალი საქართველომ კიდევ უფრო დაბალ პროცენტში, 2,75-ში აიღო, ანუ 2,5-ჯერ უფრო დაბალ პროცენტში. საქართველოს მიერ გამოშვებულ ახალ ევრობონდზე განაკვეთის შემცირება, პირველ რიგში, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან არის დაკავშირებული, რადგან საქართველოს სუვერენული რეიტინგი 2011 წელს არსებული “BB მინუსიდან” “BB”-მდე გაუმჯობესდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system