თავში

საგრანტო პროექტით ვენახი სარწყავი სისტემით აღიჭურვა

საგრანტო პროექტით ვენახი სარწყავი სისტემით აღიჭურვა
საგრანტო პროექტით ვენახი სარწყავი სისტემით აღიჭურვა

პანდემიის შედეგად საქართველოში არსებული გამოწვევების საპასუხოდ და ფერმერთა მხარდასაჭერად, ევროკავშირმა, FAO-სთან და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, საგრანტო თანადაფინანსების პროგრამები გამოაცხადა. 

ამ საგრანტო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე იყო მერი მელითური, რომელიც გურჯაანში მეუღლესთან და 3 შვილთან ერთად ცხოვრობს. ოჯახის საკუთრებაში 1 ჰექტარზე გაშენებული რქაწითელია, რომლის მოსავლიანობა ტერიტორიისთვის დამახასიათებელი გვალვების გამო, ნაკლები იყო. მერის სჭირდებოდა მიდგომა, რომელიც ამ დიდ პრობლემას გადაუჭრიდა. გაზაფხულზე მან მოახერხა გაებურღა ჭა და მიეღო წყალი. შემდეგი ნაბიჯი კი ალალბედზე შევსებული საგრანტო განაცხადი იყო, რომლის წყალობითაც მან 75%-იანი გრანტი მიიღო წვთოვანი საირიგაციო სისტემის მოსაწყობად.

„ჭის გაბურღვაში ძალიან დიდი თანხა გადავიხადე. ზუსტად ვიცოდი, რომ ვერ შევძლებდი საირიგაციო სისტემის საკუთარი რესურსებით დამონტაჟებას. პანდემიის დროს კი გამოჩნდა საგრანტო კონკურსი და გადავწყვიტე ბედი მეცადა. ვერ დავიჯერე, როცა დაფინანსება მოვიპოვე. ეს ჩემთვის უმნიშვნელოვანესი დახმარება იყო, რადგან სწორედ წყლის პრობლემის გამო ვერ ვიღებდი სასურველ შედეგს. ჩვენთან გვალვების გამო, შეიძლება 6 თვეც კი არ მოვიდეს წყალი, ამ დროს კი მოსავალი ფუჭდება და ჩვენი შრომაც წყალში იყრება“, – ამბობს მეწარმე.

სარწყავი სისტემის დამონტაჟების შემდეგ მერი მოსავლის ავტომატურ ზრდას ელოდება. საირიგაციო სისტემის გაყვანისას ოჯახს 10 ტონიანი ცისტერნითაც გადაეცა, სადაც შესაძლებელი იქნება წყლის შენახვა და საჭიროებისამებრ გამოყენება.

„უკვე ყველა მილი დამონტაჟებულია, მაგრამ ველოდებით გაზაფხულს. შემდეგ სეზონს იმედიანად ველი, მჯერა გაცილებით მეტ და ხარისხიან მოსავალს მივიღებთ. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რადგან კორონავირუსის პანდემიამ ყველა ადამიანი მეტ-ნაკლებად უკან დაგხვია. ასეთ დროს საქმიანობაში მხარდაჭერა კი ჩვენთვის ძალიან სასიხარულო იყო. მომავალშიც, როცა საგრანტო კონკურსები გამოცხადდება, ბედს ისევ ვცდი. მჯერა, რომ დიდი მიზნის მიღწევა ნაბიჯ-ნაბიჯ შესაძლებელია," - ამბობს მეწარმე. 

როგორც report.ge-ს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობიდან აცნობეს, 2020 წლის მარტი-დეკემბრის პერიოდში, სოფლად ფერმერებზე, მეწარმეებზე და მცირე და საშუალო ბიზნესზე 8.5 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის 132 სასოფლო-სამეურნეო გრანტი გაიცა. საქართველოს 22 მუნიციპალიტეტში ფერმერებს სარწყავი სისტემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა-დანადგარები გადაეცათ. პანდემიის საპასუხოდ გაცემული თანადაფინანსების გრანტები ევროკავშირისა და FAO-ს ფართომასშტაბიანი საგრანტო ინიციატივის ნაწილია, რომელიც საქართველოში „სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის“ (ENPARD) ფარგლებში 2019 წლიდან ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system