თავში

საირიგაციო პრობლემები სოფლის მეურნეობაში კვლავ დაუძლეველია

საირიგაციო პრობლემები სოფლის მეურნეობაში კვლავ დაუძლეველია
საირიგაციო პრობლემები სოფლის მეურნეობაში კვლავ დაუძლეველია

სარწყავ-საირიგაციო და დრენაჟის სისტემები წლების მანძილზე წესრიგდებოდა სხვადასხვა რეგიონში. ამან არაერთ ფერმერს მისცა საშუალება გაემარტივებინა მორწყვის პროცესი. საგრძნობლად არის გაზრდილი წყალუზრუნველყოფილი და დრენირებული მიწების ფართობი. 2012 წელს მათი რაოდენობა 60 ათას ჰექტრზე ნაკლები იყო, ხოლო 2019 წელს ჯამურად თითქმის 170 ათასი ჰექტარი შეადგინა, თუმცა სამელიორაციო სისტემის ქსელის გაფართოების და რეაბილიტაციის მიუხედავად, ირიგაცია და დრენაჟი მაინც მნიშვნელოვან პრობლემად რჩება.

ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს ბიზნესასოციაციის (BAG) მიერ ჩატარებულ კვლევაში "აგრარული მეურნეობა - გამოწვევები და შესაძლებლობები".

კვლევის მიხედვით,  საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელზე ორჯერ მეტი მტკნარი ზედაპირული წყალი მოდის. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა მდიდარია წყლის რესურსებით, როგორც სასმელი, ასევე საირიგაციო, არაერთი მეურნეობა უჩივის სარწყავი წყლის დეფიციტს. 

"კონკრეტულ რეგიონებში ფერმები, ნალექისა და წყლის დებეტის სიმცირის გამო საკმარისი მოცულობის წყალს ვერ ღებულობენ. წყალი ქსელში რამდენიმე თვის განმავლობაში, გრაფიკით მიეწოდება და ხშირად სწორედ მაშინ არ არის საკმარისი სისტემაში მისაწოდებლად, როცა ნალექი ცოტაა და მეურნეობებს სარწყავი წყლის საჭიროება უდგებათ. სოფლის მეურნეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა წყლის სტაბილური მიწოდების უზრუნველყოფა. წყლის დანაკლისი პირდაპირ აისახება მოსავლის ხარისხსა და რაოდენობაზე, ასუსტებს ნარგავებს და ამცირებს მავნებლებისა თუ სხვადასხვა დაავადებების მიმართ მდგრადობას. სამწუხაროდ, სამელიორაციო სისტემა ვერ ახერხებს წყლის მოთხოვნის შესაბამისად მიწოდებას და ვერც წინასწარ გასცემს მიწოდებაზე გარანტიას. ამიტომ, მეურნეობები ცდილობენ გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სარწყავი წყლის სხვა, ალტერნატიულ გზით მოძიებას, რათა არ იყვნენ „საქართველოს მელიორაციის“ ნაკლებად სტაბილური მიწოდების სისტემაზე დამოკიდებული," - განმარტავენ კვლევაში მონაწილე BAG-ის აგროსპეციალისტები.

მათივე შეფასებით, საქართველოს მოლიორაციის მომსახურების ტარიფი, რომელიც ფიქსირებულია და მოუქნელი. ამჟამად, მეურნეობას მომსახურების მიღების სანაცვლოდ უწევს 1 ჰექტარზე წლურად ფიქსირებული ტარიფის გადახდა (აღმოსავლეთ საქართველოში მორწყვა _ 75 ლარი/ჰა; დასავლეთ საქართველოში მოწყვა 45 ლარი/ჰა, დრენაჟი _ 40 ლარი/ჰა). თუმცა არსებული რეგულაცია არ აკონკრეტებს, წლის განმავლობაში რამდენი დღე უნდა მიეწოდებოდეს მომხმარებელს წყალი, რომ საფასურსის გადახდა დაეკისროს. 

"დღეს არსებული პრაქტიკით, სარწყავი წყლის თუნდაც ერთჯერადი მიწოდება უკვე საკმარისი საფუძველია საიმისოდ, რომ მომსახურება გაწეულად ჩაითვალოს და მეურნეობას შესაბამისი ანაზღაურების გადახდის ვალდებულება ეკისრება. სისტემის პრობლემაზე მეტყველებს ისიც, რომ სამელიორაციო ქსელის გაფართოებისა და წყალუზრუნველყოფილი ფართობის ზრდის პარალელურად არ იზრდება სარწყავად აღებული წყალის მოცულობა და მელიორაციის სისტემაზე მიერთებული აბონენტების რაოდენობა. 2016- 2019 წლებში სარწყავი ქსელის მიერ დაფარული ფართობი 16.3%-ით გაიზარდა (გრაფიკი 10), ხოლო ირიგაციული მიზნით აღებული წყლის მოცულობამ იკლო, ისევე როგორც სისტემაზე მიერთებული სუბიექტების რაოდენობამ," - წერია კვლევაში.

წყლის სიმცირის, არასტაბილური მიწოდების და მოუქნელი საფასო პოლიტიკის გარდა, გამოკითხული ფერმერები უჩივიან საქართველოს მელიორაციის სისტემაში წყლის არათანაბარ და უსისტემო გადანაწილებას და სხვა არაერთ ტექნიკურ ხარვეზს, მაშინ, როცა სისტემის არსებობის მიზანი მეურნეობების ხელშეწყობა და გვალვასა თუ წყალდიდობებზე რეაგირება უნდა იყოს. 

"სისტემამ უნდა უზრუნველყოს წყლის ეფექტიანი გამოყენება და დანერგოს მართვის თანამდროვე, ინოვაციური მეთოდები. სწორედ ამიტომ, სისტემის აღნიშნული ხარვეზების იგნორირება მნიშვნელოვანი რისკის წინაშე აყენებს მეურნეობებს," - ასეთია კვლევაში მონაწილე BAG-ის აგროსპეციალისტების რეკომენდაცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system