თავში

საით წაგვიყვანს ქვეშეთი-კობის გზა - ბენეფიტები და რისკები - PHOTO

საით წაგვიყვანს ქვეშეთი-კობის გზა - ბენეფიტები და რისკები
საით წაგვიყვანს ქვეშეთი-კობის გზა - ბენეფიტები და რისკები - PHOTO

ჩრდილოეთ-სამხრეთი დერეფნის მაგისტრალის შემადგენელი, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობის თანადაფინანსებისთვის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყო. აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობა 415 მილიონი აშშ დოლარით დააფინანსა. პროექტში სახელმწიფოს თანადაფინანსება კი 83.6 მილიონი აშშ დოლარია.ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის ღირებულება ჯამში 1,2 მილიარდი ლარია. ჯამში დაგეგმილია 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის 22.7 კმ. გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობა, მათ შორის, ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 

გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. საქართველოს მთავრობის განმარტებით, გვირაბი უზრუნველყოფს ზამთრის პერიოდში მგზავრების უსაფრთხო და საიმედო გადაადგილებას, ახალი გზა კი აარიდებს სატრანსპორტო ნაკადს ყაზბეგის ეროვნულ პარკს და გუდაურის ზამთრის კურორტს. გზა, ასევე, გააუმჯობესებს ზამთრის პერიოდში გარე სამყაროსგან მოწყვეტილი ხეობის მოსახლეობის პირობებს ახალი გზა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში განხორციელებული თუ დაგეგმილი სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები ხელს შეუწყობს ხეობაში მოსახლეობის დაბრუნებას, ახალი ტურისტული მიმართულებების შექმნას და ეკონომიკური საქმიანობის გამოცოცხლებას. პროექტის ზემოქმედების არეალში ხეობის 9 სოფელი მოხვდება. 

სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს და სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი, თუმცა სპეციალისტების დიდი ნაწილი და ოპოზიცია ამბობს, რომ პროექტში არაა გათვალისწინებული რისკები, რაც ამ გზას ახლავს თან ჩრდილოელი მეზობლის, რუსეთის მხრიდან სამხედრო დანიშნულებით გამოყენების შემთხვევაში. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი ქვეშეთი-კობის მაგისტრალს რუსულ პროექტსაც უწოდებს, რასაც უარყოფს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილი. მისი განმარტებით ეს გზა  რუსული პროექტი არაა და ის მინისტრის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებზეა ორიენტირებული.

"ბრალდებაზე, თითქოს ჩვენ რუსულ პროექტებს ვანიჭებთ უპირატესობას და, შესაბამისად, ვბლოკავთ ისეთ პროექტებს, რომლითაც დასავლეთი არის დაინტერესებული, მე გეტყოდით, რომ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა ფინანსდება ევროპის განვითარებს ბანკის და აზიის განვითარების ბანკის მიერ, რომლის დამფინანსებლები ასევე დასავლური ქვეყნები არიან," - აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ამბობს, რომ ახალი გზები ეკონომიკურ სარგებელს მოგვიტანს. სამი თვის წინ პრემიერ-მინისტრმა გახარიამ გვითხრა, საქართველო ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებითაც უნდა ინტეგრირდეს და დერეფანი გახდესო. 

სპეციალისტები კი ამტკიცებენ, რომ დერეფნად ყოფნა კარგიც შეიძლება იყოს და ცუდიც, სარგებლის მიღება კი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად კარგად აკონტროლებ ამ დერეფანს და იყენებ თუ ვერა მას სახელმწიფოებრივი მიზნებისთვის. იმაზეც, თუ ვინაა შენი მეზობელი და რა გეოპოლიტიკური ზრახვები აქვს მას.

"ყველა ვთანხმდებით, რომ გზები ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. მაგრამ მათი დაგეგმვისას ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი, მათ შორის თავდაცვის კუთხითაც. ქვეყანას ტოტალური თავდაცვის პოლიტიკა ჰქონდა გამოცხადებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერმა მშენებლობამ, ეს იქნება გზა, თუ პატარა კორპუსიც კი, უნდა გაიაროს ტესტი ტოტალურ თავდაცვაზე. მაგალითად, უნდა იქნას გამოკვლეული, რა შესაძლებლობები აქვს ამა თუ იმ ობიექტს, ომის შემთხვევაში, იქცეს სამხედრო ობიექტად. თავდაცვის სამინისტრო ამაში ჩართული უნდა იყოს, განსაკუთრებით, გზებთან, გვირაბებთან და პორტებთან დაკავშირებულ მცირე თუ მასშტაბურ მშენებლობებში. ის უნდა იყოს ჩართული მშენებლობის ყველა ეტაპზე, განსაკუთრებით, დაგეგმარების პროცესში. უნდა ვიცოდეთ რა რაოდენობის სამხედრო ტექნიკის გამტარუნარიანობა აქვს გზებისა და გვირაბებს. გარდა ამისა, გარკვეული უნდა იყოს საინჟინრო ოპერაციის მასშტაბი და გავლება დანარჩენ ინფრასტრუქტურაზე. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ შეიძლება დაგვჭირდეს საომარი ვითარებისას ხიდის აფეთქება და ამან არ უნდა გამოიწვიოს ქვეყნის სატრანსპორტო კოლაფსი," - აცხადებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტში, რომელიც საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზეა პასუხისმგებელი, აცხადებენ, რომ პროექტებში გათვალისწინებულია საერთაშორისო სტანდარტები და ნორმები, სამხედრო უსაფრთხოებაზე საუბარი გზების დაგეგმვისას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ქარსელაძისთვის, გაუგებარია. 

"საგზაო ინფრასტრიქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის ყველა პროექტი უსაფრთხოების კომპონენტს შეიცავს. ყველა პროექტი ითვალისწინებს საერთასორისო სტანდარტებს საგზაო უსაფრთხოებისა. გაუგებარია, რა სამხედრო უსაფრთხოებაზე საუბრობთ. არსებობს რეგლამენტი, როგორ ხდება პროექტების შერჩევა: ტარდება ფიზიბილიტის ეკონომიკურ-ტექნიკური დასაბუთება, რომლის საფუძველზეც დგება ის ძირიტადი გარემოებები, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება პროექტი. საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილი ყველა ელემენტი გვაქვს გათვალისწინებული,"  -აცხადებს ქარსელაძე.

თუ ახლო წარსულს თვალს გადავავლებთ, აღმოვაჩენთ, რომ გზა რუსეთისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტია საკუთარი ინტერესების განსახორციელებლად. ისტორიკოსი დიმიტრი სილაგაძე ამბობს, რომ რუსეთის იმპერიამ, როგორც კი საქართველოში ფეხი მოიკიდა, მყისიერად გზების მშენებლობა დაიწყო. 

"გზა მათთვის მნიშვნელოვანი იყო, არის და იქნება. ისტორია მეორდება. დღევანდელი დამოუკიდებელი საქართველოსთვის ყველაზე ცუდი რაც გაკეთდა საბჭოთა დროს არის როკის გვირაბი. ამით ტრანზიტი, ექსპორტ-იმპორტი, ანუ ვაჭრობა გაიოლდა და ბიზნესმა იხეირა, თუმცა, სამხედრო თვალსაზრისით, მისი უარყოფითი ფაქტორი ჩვენ 2008 წელს ვიწვნიეთ. გვირაბით მარტივია ჯარების შემოსვლა. თუ გვირაბის გაყვანამდე ამ მონაკვეთზე ჯარს უწევდა რთული რელიეფური და მაღალი უღელტეხილის გადმოლახვა, ახლა ეს პრობლემა აღარაა. 1921 წელს თებერვალში კი გადმოვიდნენ ამ უღელტეხილზე, მაგრამ რამდენიმე ასეული კაცი და ისიც ქვეითი. ჯავშანტექნიკის მოძრაობა იქ ფაქტობრივად შეუძლებელი იყო. ასე რომ, დასაფიქრებელია, ამ მონაკვეთზე გზის მშენებლობა," - აცხადებს ისტორიკოსი და დასძენს, რომ 2012 წლის დეკემბრიდან რუსეთის მთავრობა ჩრდილოეთ კავკასიაში საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას აქტიურად შეუდგა და ჩვენს საზღვრებთან გზებს ახლაც გამალებით აშენებენ.  

ეკონომისტების ნაწილის მტკიცებით, “ტრანსკავკასიური მაგისტრალის” პროექტი ჩრდილოელ მეზობელს მილიარდობით რუბლი უჯდება. მათივე აზრით, რუსეთი ის ქვეყანა არაა, რომელიც გზებს მხოლოდ თავისი მოსახლეობის ეკონომიკური განვითარებისთვის აკეთებს. ამას სპეციალისტები ქვეყნის ფინანსური მდგომარეობის გაანალიზებით ამტკიცებენ და განმარტავენ, რომ რუსეთში მოსახლეობა წლიდან წლამდე უფრო ღარიბდება. 

კონფლიქტოლოგების განმარტებით, იმ ფონზე, როცა გზებს ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ ვაშენებთ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულება უყურადღებოდ გვაქვს მიტოვებული. ისინი სვამენ კითხვას, თუ მტერი ცენტრალურ მაგისტრალზე დადგება და ქვეყანა ორად გაიხლიჩება, ისე, როგორც 2008 წლის ომის დროს იგოეთთან მოხდა, მაშინ რას ვაკეთებთ?! როგორ შემოვიტანთ ჰუმანიტარულ ტვირთს ბათუმის პორტიდან თბილისში? როგორ იმოძრავებს ჩვენი ჯარი? რა ალტერნატივა გვაქვს ამ შემთხვევაში?

რეალურად, აღმოსავლეთ-დასავლეთის შემაერთებელი შემოვლითი გზა გვაქვს, ოღონდ რთულად გასავლელი ახალციხე-ბათუმის მონაკვეთი. მთავრობამ მისი რეაბილიტაცია 2014 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა, ამ მონაკვეთზე სამუშაოების პროგრესი ძალიან სუსტია. არადა, ეს მონაკვეთი აბრეშუმის გზის ნაწილია, რომლითაც ჩვენი მთავრობა უცხოელ პარტნიორებთან თავს ხშირად იწონებს და მის დასრულებას წესით უნდა ჩქარობდეს.

წყარო: გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system