თავში

საქართველო აგროწარმოებაში გარღვევას გეგმავს

საქართველო აგროწარმოებაში გარღვევას გეგმავს
საქართველო აგროწარმოებაში გარღვევას გეგმავს

„მარცვლეული და ბოსტნეული კულტურების წარმოებაში ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება”, - ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  2020 წელს მნიშვნელოვანი ზრდა იყო მარცვლეულ კულტურებში, რაც რამდენიმე ფაქტორთან არის პირდაპირ კავშირში. 

"ჩვენ გავაგრძელებთ მხარდამჭერ ღონისძიებებს იმისათვის, რომ უფრო მდგრადი იყოს ჩვენი წარმოება და, პერსპექტივაში, მეტი იყოს როგორც მარცვლეული, ისე ბოსტნეული კულტურები არა ექსტენციურად ფართობების ზრდის, არამედ, ინტენსიურად მწარმოებლების ზრდის ხარჯზე. ეს ტენდენცია უკვე ჩანს, რაც გამოწვეული შესაძლებლობების ზრდით. რამდენიმე წელიწადში, შემნახველი და საშრობი ინფრასტრუქტურის პირობებში, სრული სათესლე მასალის გამოყენების შემთხვევაში, ჩვენ მნიშვნელოვანი გარღვევა გვექნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს საქსტატმა 2020 წლის აგროწარმოების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს, თუმცა განსხვავებული ინფორმაცია აქვთ ადგილობრივ ფერმერებს. ოფიციალურ სტატისტიკით კარტოფილის წარმოება თითქმის 11%-ით გაიზარდა, თუმცა ფერმერებს ამ მოსავლის ნახევარი ულპება. მეკარტოფილე ფერმერები მთავრობისგან დახმარებას ითხოვენ. კარტოფილის მწარმოებლების ქმით, მოსავლიანობა 2020 წელს საუკეთესო იყო, მაგრამ ამით ხალხმა ვერანაირი სარგებელი ვერ მიიღო, რადგან კარტოფილის რეალიზაცია ვერ მოხერხდა, ქართულმა პროდუქტმა თურქეთიდან იაფად შემოტანილ კარტოფილს კონკურენცია ვერ გაუწია.

რეალიზაციის პრობლემა აქვთ ქართველ მეხორბლეებსაც. ისინი ადასტურებენ, რომ შარშანდელთან შედარებით მოსავლიანობა გაიზარდა, მაგრამ ვერც ფერმერებმა და ვერც ქვეყანამ, ამისგან ვერანაირი სარგებელი ვერ ნახეს, რადგან ქართული ხორბალი მიზერულ თანხადაც არ იყიდება და ხალხს შარშანდელი მოსავალი საწყობებში ულპება. ქართული ხორბლის გაყიდვის პრობლემად ხარისხი დასახელდა. მეხორბლეთა ასოციაციის განმარტებით, შარშანდელი მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და სტანდარტის პირობებს ვერ პასუხობს, რის გამოც ასეთი პროდუქტი პურის წარმოებაში არ დაიშვება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system