თავში

საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში 2.518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში 2.518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს
საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში 2.518 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს

2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს.

მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

2021 წელს საქართველო აზერბაიჯანიდან ჯამში, 2.518 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. აქედან შაჰ-დენიზის წილი 1.014 მილიარდია, სოკარიდან მისაღები გაზის მოცულობა 1.504 მლრდ მ³-ს შეადგენს. კიდევ 200 მ³ ბუნებრივ გაზს საქართველო რუსეთიდან შეიძენს. ადგილობრივი მოპოვებაც იზრდება და 11.08 მლნ მ³-ის ოდენობით არის ნავარაუდევი. ჯამში გაზის მოწოდების პროგნოზი 2.729 მლრდ მ³-ს აღემატება.

2021 წელს გაზის მოხმარება 2.694 მლრდ მ³-ით არის ნავარაუდევი. აქედან 1.794 მლრდ მ³ სოციალური მოხმარებაა (664.9 მლნ მ³ თბოსადგურები, 1.129 მლრდ - მოსახლეობა), 899.82 მლნ მ³-ს მოიხმარს კერძო სექტორი.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ამ ფაქტს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორისგან ვითარებას მოყვა. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system