თავში

საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურპაკეტის პროექტი მზადაა

საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურპაკეტის პროექტი მზადაა
საქართველო-აზერბაიჯანის ერთობლივი ტურპაკეტის პროექტი მზადაა

”ერთობლივი ტურისტული პაკეტის პროექტი, რომელიც მოიცავს საქართველოსა და აზერბაიჯანს, უკვე მზადაა,” - ამის შესახებ ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ განაცხადა. ქართველი დიპლომატის თქმით, პაკეტი განკუთვნილია კავკასიაში მესამე ქვეყნიდან ჩამოსული მოგზაურებისთვის. ერთი მოგზაურობის ფარგლებში, უცხოელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ ორი განსხვავებული კულტურის, საქართველოს და აზერბაიჯანის, ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ბუნებას და სამზარეულოს. პატარიძის ინფორმაციით, ორი ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტებს შორის მუშავდება ახალი ტურისტული მარშრუტები.

"მარშრუტები მოიცავს არა მხოლოდ ბაქოსა და თბილისს, არამედ ორივე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს. ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია," - ამბობს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი. 

დეტალების გარკვევა report.ge-მ თბილისში მოქმედ აზერბაიჯანის ტურისტულ შოურუმში შეეცადა. როგორც შოურუმის მენეჯერმა, მარიამ ნათაძემ გვითხრა, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. 

"ზაფხულის სეზონი იწყება და მაქსიმალურად გავააქტიურებთ ერთობლივ ტურპაკეტების შეთავაზებას. ამაზე მზაობა ორივე ქვეყნის მხრიდან სახეზეა. დარწმუნებული ვართ, რომ ასეთ ტურებზე მოთხოვნა იქნება. ჩვენი მხრივ, ვცდილობთ ფასები იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ყველა სოციალური ფენის ჯგუფისთვის," - განუცხადა report.ge-ს მარიამ ნათაძემ. 

report.ge-ს კითხვაზე, ასეთი ერთობლივი პაკეტები მსოფლიო ტურიზმში აპრობირებული მეთოდია, თუ ეს საქართველო-აზერბაიჯანის "ნოუჰაუა", ნათაძე გვპასუხობს, რომ ეს ინიციატივა საქართველო-აზერბაიჯანის ექსკლუზივი არ არის, თუმცა, როგორც წესი, ასეთი პაკეტები არც ისე ხშირია. 

"მე რამდენადაც ვიცი ასეთი ერთობლივი ტურპაკეტები ევროპაში ნაკლებადაა. იქ უფრო თითო ქვეყნის ტურისტული პოპულარუიზაცია მიმდინარეპობს. აქ ჩამოსული ფინიპინელებისგან ვიცი, რომ ევროპაში რამდენიმე ქვეყანა ნახეს ერთი ტურით, თუმცა ეს თავად დააორგანიზეს. ეს სპეცპაკეტით არ იყო შეთავაზებული. აზერბაიჯანი რომ საქართველოში ჩამოსული ვიზიტორების აზერბაიჯანით დაინტერესებას ცდილობს, ამის თვალსაჩინო მაგალითია თავად შოურუმის მუშაობა. თბილისის ერთ-ერთ ყველაზე დიდ და ცნობილ, ყველაზე ტურისტულ ქუჩაზე მოქმედებს შოურუმი, რომლის ამოცანაა საქართველოს სტუმრების აზერბაიჯში გადაყვანა. ქართული მხარე როგორ მუშაობს აზერბაიჯანში ჩამოსული სტუმრების საქართველოთი დაინტერესებას, ეს ინფორმაცია მე არ მაქვს, ეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში უნდა მოიკითხოთ," - ეუბნება report.ge-ს მარიამ ნათაძე.

მიმდინარე წლის მარტში საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების ოდენობა 90,3%-ით შემცირდა 2021 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტები 11,9 ჯერ შემცირდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანში ჩასული ვიზიტორების 10,6% საქართველოდან იყო. იანვარ-მარტში საქართველოში აზერბაიჯანელი ვიზიტორების რიცხვი 27,3 ჯერ შემცირდა. მიმდინარე წლის პირველ კვარტალში აზერბაიჯანიდან საქართველოში 11 314 ადამიანი ჩამოვიდა. წელს პირველ კვარტალში აზერბაიჯანელი სტუმრების ოდენობა, გასულ წელთან შედარებით, 250 876 ადამიანით, ანუ 95,7% -ითაა შემცირებული. ამ მაჩვენებლით აზერბაიჯანმა მესამე ადგილი დაიკავა საქართველოში ვიზიტორების რაოდენობით თურქეთის (50 720 ადამიანი) და სომხეთის (15 316 ადამიანი) შემდეგ.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

პოსტპანდემიურ პერიოდში პირველი მედია ტურით საქართველოს აზერბაიჯანული მედიის წარმომადგენლები ესტუმრნენ. ჟურნალისტებმა და ბლოგერებმა თბილისი, მცხეთა, ქუთაისი, წყალტუბო, მარტვილი, სენაკი და შეკვეთილი მოინახულეს. ერთკვირიანი ტურით უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმის, სათაფლიის, ოკაცეს კანიონის, კინჩხას ჩანჩქერის, მარტვილის კანიონის, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის, მცხეთაში არმაზის ციხის, ბაგინეთიდს და ჯვრის მონასტრის დათვალიერება მოახერხეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.

აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა. აზერბაიჯანელებს მაღალმხარჯველ ტურისტებად განიხილავენ. 2019 წელს აზერბაიჯანიდან საქართველოში ჩამოსულმა ვიზიტორმა ერთ ვიზიტზე საშუალოდ 395 ლარი დახარჯა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ორ ქვეყანას შორის საჰაერო ფრენების გააქტიურების პარალელურად ელიან. 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system