თავში

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივა

საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივა
საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის პერსპექტივა

ევროკავშირთან სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირებს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ჯერჯერობით უპერსპექტივოდ მიიჩნევს. მისი თქმით, ქართული პროდუქტის დაბალი კონკურენტუნარიანობა და წარმოების სიმცირე ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობაში დიდი ბარიერია. ამიტომ, როგორც ანალიტიკოსი ფიქრობს, პირველ ეტაპზე რეალური სექტორი უნდა განვითარდეს და შემდეგ უკვე სავაჭრო კავშირების გაღრმავებაზე დაიწყოს ფიქრი რიგ ქვეყნებთან დაკავშირებით, მათ შორის ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც აშკარად გამორჩეული ნიშის მატარებელია მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

,,დიდი სავაჭრო ოჯახის ღირსეული წევრი რომ გახდე, გარკვეულ სტანდარტს უნდა აკმაყოფილებდე. საკმაოდ უხერხულ მდგომარეობაში ვართ იმის გამო, რომ ჩვენი კონკურენტუნარიანობა სუსტია. ამ ეტაპზე  მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები ევროკავშირთან მხოლოდ ზიანის მომტანია, რადგან ქართული მხარე ამით სარგებელს ვერ იღებს. რა უნდა გაიტანონ ბაზრებზე ან თუნდაც საერთაშორისო გამოფენებზე, რა გვაქვს გასატანი! ტურისტული და სხვა ტიპის პრომო აქციებით უნდა გასვლა გლობალურ ბაზრებზე, როცა რეალური წარმოება არ არის ქვეყანაში.  პრაქტიკულად ევროპის ბაზარი ჩვენთვის  ჯერჯერობით არის მიუწვდომელი. გვჭირდება განვითარება და კონკურენტუნარიანი პროდუქტის წარმოება, იმ სტანდარტის შესაბამისად, რაც ამ ბაზარზე მოქმედებს.  ამ დროს საერთოდ არ არის წარმოება, პოლიტიკასაც ვერ ვხედავ, რომ ქმედითი ნაბიჯი გადაიდგას. ამიტომ აბსურდია, როცა მთავრობა ცდილობს შექმნას ილუზია, თითქოს რაღაცას აკეთებს. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ეფექტურია იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანასთან გვაქვს იმ ტიპის წარმოება, რომ იმპორტ-ექსპორტის სალდო, მინიმუმ, ნულოვანია.  ასე თუ არ არის, მაშინ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება შეიძლება პრობლემადაც იქცეს. ფაქტობრივად, ვერაფერს შევთავაზებთ. თუმცა პოტენციალი არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით. ამას უნდა სურვილი, შესაბამისი ნება და პროტექციონისტური პოლიტიკის გატარება გარკვეული პერიოდით, რომ წარმოება ფეხზე დადგეს. ეკონომიკური პოლიტიკა არათუ არ გვაქვს, საერთოდაც არ ფიქრობენ ამაზე, პერსპექტივაც ჯერჯერობით არ ჩანს. საბოლოოდ გამოვა, რომ პარტნიორი ქვეყანა ამ შეღავათისგან დიდ მოგებას მიიღებს, დისბალანსი ირღვევა. ასეთი სიტუაცია კი საბოლოოდ ქვეყნისთვის ხდება პრობლემატური", - განმარტავს გია ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს 850-მდე ექსპორტიორმა გაიტანა პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ განაცხადა. მისი ინფორმაციით, პანდემიური ვითარების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე 26 პროცენტით გაიზარდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტი. საუბარია იმ პროდუქციაზე, რომელთაც საექსპორტო პოტენციალი ჰქონდათ და ფერმერულ გაერთიანებებთან მიზნობრივი ხელშეწყობით შესაძლებელი გახდა, მათი გატანა ევროკავშირის ბაზარზე. 

აგროექსპერტების შეფასებით კი, ევროკავშირის წევრობაზე ისტორიული მისიის შესრულებამდე გადამწყვეტია ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რისთვისაც პრინციპულად მნიშვნელოვანია სავაჭრო ურთიერთობების გამყარება ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, ხოლო შედეგია იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწორად შეასრულებს რეკომენდაციებს საქართველო.

აგროპროდუქტის ექსპორტის ზრდის მთავარ პირობად სპეციალისტები ხარისხის გაუმჯობესებას და ქართული პროდუქტის ცნობადობის ზრდას მიიჩნევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system