თავში

საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილება

საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილება
საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილება

საქართველო ევროპაში ზეთისხილის მესამე ჰაბად განიხილება. ამგვარ შეფასებას ქვეყანას აძლევს ზეთისხილის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის ოფიციალური წევრიც საქართველო ნოემბრის ბოლოს გახდება. „ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის, გიორგი სვანიძის თქმით, 2020 წელს ამ ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანაც იქნება. მისივე შეფასებით, ზეთისხილის ინდუსტრია, რომელიც საქართველოში სულ რაღაც 10 წელს ითვლის, ძალიან პერსპექტიული დარგია. ზეთისხილის წარმოებით საქართველო კონკურენციას უწევს ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა ესპანეთი, იტალია, მაროკო, ტუნისი.

"ევროპას მესამე ჰაბი სჭირდება. პირველი არის ესპანეთი, მეორე იტალია და აქეთ აზიის ქვეყნებზე საქართველოთი გადიან. ჩვენ თავისუფალი დაბეგვრის რეჟიმი რომ გვაქვს აზიასთან, ჩინეთთან, რუსეთთან, ევროპასთან – ამით ძალიან დიდი საქმე შეიკრა. საქართველო ისეთ ასპარეზზე გადის, არა მოცულობებით, არამედ ხარისხით, " -  განაცხადა სვანიძემ.

„როდესაც ზეთისხილის მსოფლიო საბჭოში განაცხადი გავაკეთეთ და ჩვენი ზეითუნის ზეთი ჩავიტანეთ, საბჭოს კვლევების შედეგის მიხედვით, უმაღლესი ხარისხის სერთიფიკატი მოგვანიჭეს. საქართველოში დარგული პირველივე ნერგი 10-12 სანტიმეტრით უფრო სწრაფად იზრდებოდა, ვიდრე იგივე ნერგი თურქეთში ან სხვა ქვეყნებში, ნაყოფის კანი უფრო თხელი იყო და კურკა უფრო პატარა. მსოფლიოში ხუთი კილო ზეთისხილის ნაყოფიდან საშუალოდ, ერთი ლიტრა ზეთი იხდება და საუკეთესო მაჩვენებელია ოთხ კილოზე 3.7-3.8 ლიტრა. ჩვენ 3.7-3.8 ლიტრა მივიღეთ. ნერგმა თავიდანვე აჩვენა, რომ საქართველოში განსაკუთრებულ პროდუქტს მივიღებდით, ხარისხით უმაღლესი და მჟავიანობით უდაბლესი“, – განმარტა სვანიძემ.

„ქართული ზეთისხილის“ დამფუძნებლის პროგნოზით, უახლოეს მომავალში ზეთისხილის ინდუსტრია წარმადობით უკან ჩამოიტოვებს ისეთ ტრადიციულ საექსპორტო პროდუქტებს, როგორიცაა თხილი და ყურძენი.

„სულ მალე დაინახავთ, რომ საქართველოში ზეთისხილის დარგი არამარტო დაეწევა თხილს, ყურძენს და სხვა დარგებს, არამედ გადაუსწრებს. სეტყვა და გვალვა ზეთისხილს არ აფუჭებს, მორწყვა თავიდან უნდა და მერე ფესვი ვერტიკალურად იზრდება და საზრდოს თითონ იღებს; 1000 წელი ხარობს ისეთი მადლიანი ხეა და რომ დარგავ – მთელი შთამომავლობა იხეირებს. ნელ-ნელა ხალხი ამას იგებს და ინტერესდება“, – განაცხადა სვანიძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system