თავში

საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს შეინარჩუნებს

საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს შეინარჩუნებს
საქართველო ინტენსიურ ჩარტერულ ფრენებს შეინარჩუნებს

„ჩვენ მივიღეთ რეგულარული ფრენების დროებით აკრძალვის გახანგრძლივების გადაწყვეტილება, თუმცა იმ პირობებში, როდესაც ძალიან ინტენსიური ჩარტერული ფრენები გვაქვს შენარჩუნებული,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, უცვლელი რჩება პრიორიტეტი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას ითვალისწინებს.

„ამიტომაც გვაქვს უდიდესი იმედი, რომ აღმოვჩნდებით ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიაში - სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოებას, მათ შორის, საზღვრების უსაფრთხო კონტროლის და მონიტორინგის გზით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ შარშან კვირაში 600 ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით ხორციელდებოდა, წელს კი ამის დაშვება აბსოლუტურად არაადეკვატური გადაწყვეტილება იქნებოდა.

„აგიხსნით, რას ნიშნავდა რეგულარული ფრენების დაშვება. შარშან ჩვენ ამ დროს გვქონდა კვირაში 600 რეგულარული ფრენა 80-ზე მეტი მიმართულებით. ჩვენ რომ დაგვეშვა რეგულარული ფრენების თუნდაც მესამედი, გამოდიოდა, რომ შესრულდებოდა კვირაში 200 ფრენა, რაც, რა თქმა უნდა, იქნებოდა ეპიდემიოლოგიური კატასტროფა და ჩვენი მხრიდან სრულიად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, რასაც ვერ დავუშვებდით. ჩვენ ევროპასა და დანარჩენ მსოფლიოს არც მანამდე ვიყავით მოწყვეტილები და ჩარტერული რეისების მეშვეობით კომუნიკაციას ვახორციელებდით. ჩვენ დღეს გაცილებით მეტი ვიცით, თუ როგორ გავატაროთ პრევენციული ზომები. დღეიდან 6 ივლისის ჩათვლით საერთაშორისო ჩარტერული ფრენა ყოველდღე შესრულდება. ევროკავშირის უსაფრთხო ქვეყნების სიის გამოქვეყნების შემდეგ, რომელშიც, იმედია, საქართველოც იქნება, განვაგრძობთ მუშაობას ამ მიმართულებით,“ - განაცხადა ნათია თურნავამ და დასძინა, რომ ჩვენთან ჩარტერული რეისების მაღალი ინტენსივობა იქნება კომფორტული როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე სტუმრებისთვის ევროკავშირიდან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system