თავში

საქართველო M-4-ის წარმოებას იწყებს

საქართველო M-4-ის წარმოებას იწყებს
საქართველო M-4-ის წარმოებას იწყებს

საქართველო M-4-ის წარმოებას იწყებს.  M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების მიზნით, ახალი ქართულ-ებრაული საწარმო სსსტც „დელტას“ ტერიტორიაზე წლის ბოლოს ამოქმედდება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ურთიერთთანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და ებრაული კომპანიის წარმომადგენლებმა დღეს მოაწერეს ხელი. თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სამომავლოდ განიხილება საწარმოს ფუნქციური დატვირთვის გაზრდა და სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისა და აქსესუარების წარმოება. ასევე, საწარმოში შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტიპის იარაღის მოდერნიზებაზე მუშაობა. პროექტის მიხედვით, საწარმოში დამზადებული იარაღი თავდაცვის ძალებს გადაეცემა. ასევე, დაგეგმილია პროდუქციის საექსპორტო წარმოება. „დელტას“ პატრონაჟით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ქართულ-ებრაულ საწარმოში M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის სრული ტექნოლოგიური პროცესი წარიმართება.

ქართულ-ებრაული საწარმოს „დელტას“ ტერიტორიაზე ამოქმედებასა და M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის წარმოების დაწყებაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯერ კიდევ წინა კვირას განაცხადა. "მინისტრის საათის" ფორმატში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების ნატოს სტანდარტების შეიარაღებაზე გადასვლის მაგალითად სამხედრო ქვედანაყოფების ამერიკული წარმოების M-4 ტიპის შაშხანებით აღჭურვა დაასახელა.

იარაღის წარმოების დაწყებას იწონებენ სამხედრო ანალიტიკოსები. ჟურნალ "არსენალის" რედაქტორი და სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი გვეუბნება, რომ ეს ქვეყანაში სამხედრო და ეკონომიკური თვალსაზრისით დიდი წინგადადაგმული ნაბიჯი იქნება, მით უფრო, თუ საქართველო ამ საკითხში ებრაელების მრავალწლიან და მაღალტექნოლოგიურ გამოცდილებას გაიზიარებენ და მათი ტექნოლოგიით შეუდგებიან იარაღის წარმოებას.

ცნობისთვის, M-4 ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ადგილობრივი წარმოების პროექტის განხორციელების პროცესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის პერიოდში დაიწყო. თავდაცვის ყოფილ მინისტრსა და ახლანდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ტყვიის საწარმოს მშენებლობის პროექტიც ჰქონდა. მისი აზრით, საქართველომ უნდა აწარმოოს ყველა სახის იარაღი, ბირთვულის გარდა.ღარიბაშვილის თქმით, თავდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროები რამდენიმე ათეულ მილიონს ხარჯავენ ტყვია-წამლის შეძენაში, ამიტომ ტყვიის საწარმო საქართვლოში, მისი აზრით,კომერციულადაც გამართლებული იქნება, ეკონომიკურადაც და უსაფრთხოებასაც გააძლიერებს.

ახლანდელმა პრემიერმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს დააანონსა, რომ საქართველო შეიარაღებაში 2021 წელს 200 მილიონზე მეტს დახარჯავს.

2021 წლის ბიუჯეტის მიხედვით, თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 95 მლნ ლარით გაიზარდა და 900 მლნ ლარს გაუტოლდა, რაც თავდაცვაზე გამოყოფილი წლიური თანხის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2008 წლის შემდეგ.

თავდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი თავდაპირველად 880 მლნ. ლარით განისაზღვრა, თუმცა პანდემიის გამო ის 75 ლარით შემცირდა. უწყების ხარჯები ორი მიმართულებით დაკორექტირდა: ესაა სამშენებლო მიმართულებები და საფრანგეთის კრედიტით დაფინანსებული პროექტი.

საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, განცხადებით, 2020 წელს თავდაცვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 100 მილიონი ლარით 250 ობიექტი, ყველა მოქმედი ყაზარმა და სასადილო რეაბილიტირდა. შარშან ღარიბაშვილმა დააანონსა, რომ მომავალ წლებში ყურადღება დაეთმობა განახლებული ინფრასტრუქტურის შენარჩუნებისა და მშენებლობა-განვითარების საკითხებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system