თავში

საქართველო რუს ტურისტებსაც უმასპინძლებს

საქართველო რუს ტურისტებსაც უმასპინძლებს
საქართველო რუს ტურისტებსაც უმასპინძლებს

ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ზომების დაცვით მზად არის, მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რითაც მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთიდან ივლისში ტურისტების მიღება ისეთივე უსაფრთხო იქნება, როგორც სხვა ქვეყნიდან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

„ტურისტული კორიდორების შექმნა არის უსაფრთხო კორიდორების შექმნა. თვითონ ტურისტული კორიდორების სახელწოდებაში ჩანს, რომ ეს კორიდორები უნდა იყოს უსაფრთხო, შესაბამისად, ჩვენი რეგიონის ნებისმიერ ქვეყანასთან და ნებისმიერ სხვა ქვეყანასთან როცა შედგება შეთანხმება ტურისტულ უსაფრთო კორიდორზე, ჩვენ გვექნება ყველა გარანტია იმისა, რომ ეს უსაფრთოება დაცული იყოს როგორც ვიზიტორებისთვის, ასევე, დამხევდრი ქვეყნისთვის. ამ წუთში რუსეთთან მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, მაგრამ როგორც ადრე რუსეთიდან წამოსული ტურისტები იყვნენ მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი ვიზიტორებისა, დღესაც ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოების ყველა ზომის დაცვით მზად არის მათ შორის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს,“- აცხადებს ნათია თურნავა.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიდებისთვის შეღავათები და სპეციალური პლატფორმა ამოქმედდება.

დღესვე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვლის თქმით, ტურიზმის ყველა სეგმენტისთვის მთავრობა განსხვავებულ გაიდლაინებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, აჭარა მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს.

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში უპირველესად რეგიონის ტურისტებს ელოდება, თუმცა მთავრობა ევროპელი ტურისტების მოსაზიდადაც აქტიურად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

თურნავას პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system