თავში

საქართველო რუსულ ხორბალს ყაზახურით ჩაანაცვლებს

საქართველო რუსულ ხორბალს ყაზახურით ჩაანაცვლებს
საქართველო რუსულ ხორბალს ყაზახურით ჩაანაცვლებს

"რუსული ხორბალი, გარკვეული რაოდენობით, ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება", – ამის შესახებ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ განაცხადა.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სილაგავამ განმარტა, რომ რუსეთმა საბაჟო გადასახადი გააძვირა, რამაც სხვა მოთამაშეებს, რომლებიც ბაზრიდან გასულები იყვნენ, საშუალება მისცა, რომ იგივე 280-285 დოლარის ფარგლებში შემოსულიყვნენ ბაზარზე. 

"ესაა ყაზახეთი და, სავარაუდოდ, ეს იქნება უკრაინაც. ფასი არ გაზრდილა, უბრალოდ რუსული ხორბალი გარკვეული რაოდენობით ყაზახური ხორბლით ჩანაცვლდება. დღევანდელი დღიდან, რუსეთიდან გამოგზავნილი ხორბლის საბაჟო გადასახადი 50 ევროა. ჯერ კიდევ წლის დასაწყისში რუსეთმა ხორბლის გამოტანაზე კვოტირება გააკეთა და ეს იქნებოდა 17 მილიონ-ნახევარი ტონა ხორბალი, მაშინ საბაჟო გადასახადი არ იგულისხმებოდა. ამის შემდგომ განაცხადა, რომ უკვე 15 თებერვლიდან საბაჟო გადასახადი იქნებოდა 25 ევრო, ხოლო პირველი მარტიდან – 50 ევრო. ამ ყველაფერმა მსოფლიო ბაზრებზე სიტუაცია ძალიან დაძაბა და მსოფლიოში ყველა ქვეყნისთვის ხორბალი გაძვირდა, რადგან შეიქმნა გარკვეული დეფიციტი, იქიდან გამომდინარე, რომ 17 მილიონ-ნახევარი ტონა ხორბალი იყო იმაზე ნაკლები, ვიდრე ადრე რუსეთს დაანონსებული ჰქონდა მსოფლიო ბაზრისთვის მისაწოდებლად“, - აღნიშნა ლევან სილაგავამ.

შეგახსენებთ, 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 144.7 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 74.4 პროცენტს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, ქერი, ქატო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა. 

ხორბლის გაძვირებამ საქართველოს ყველაზე მასობრივი მოხმარების პროდუქტის, პურის, გაძვირების, საფრთხე შეუქმნა, რადგან ქვეყანა ხორბალზე მოთხოვნის 80%-ს იმპორტით ივსებს. ხორბლის, ფქვილისა და შესაბამისად, პურის, ფასის "დასაჭერად" საქართველოს მთავრობამ სპეც. პროგრამა აამუშავა, თუმცა წლიურ ჭრილში, 2021 წლის იანვარში, 2020 წლის იანვართანშედარებით ქვეყანაში პური და პურპროდუქტები 7.5 პროცენტითაა გაძვირებული. რომ არა მთვარობის ძალისხმევა, პური კიდევ უფრო გაძვირდებოდა.

როგორც „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში“ განმარტავენ, იმპორტიორებს სექტემბერში ხორბალი 200 დოლარად შემოჰქონდათ, დღეს კი მისი შემოატანა 300 დოლარი ჯდება. ასოციაციის პრეზიდენტი ლევან სოლაგავა ამბობს, რომ სუბსიდირების პროგრამა რომ არ არ მუშაობდეს, პურის ფასი 15-20 თეთრით მეტი იქნებოდა.

სილაგავას განცხადებით, სუბსიდირების პროგრამა, რომლითაც მთავრობამ პურის გაძვირება დააზღვია, ორი ტენდერით ხორციელდება: პირველი ტენდერის გამოცხადებისას, პირველი ხარისხის ფქვილზე სახელმწიფოს მხრიდან საჭირო იყო 10-ლარიანი სუბსიდირება, ხოლო მეორე ტენდერის ფარგლებში საჭიროა 15-ლარიანი სუბსიდირება.

ფქვილის სუბსიდირებაზე 1.3 მილიონი ლარია დახარჯული.

მთავრობამ 1 ტომარა ფქვილზე სუბსიდიის მოცულობა გაზარდა. კერძოდ, მთავრობის დადგენილებით, სუბსიდიის მოცულობა ერთ 50-კილოგრამიან ტომარა პირველი ხარისხის ხორბლის ფქვილზე 10 ლარიდან 15 ლარამდე გაიზარდა.

ცნობისთვის, სახელმწიფო პირველი ხარისხის ფქვილს ასუბსიდირებს, რისთვისაც საერთო ჯამში 10 მილიონი ლარი დაიხარჯება. პროგრამა 1-ელ დეკემბერს დაიწყო და 4 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ფქვილის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა დაიწყო 2020 წლის 1 დეკემბრიდან 2021 წლის მარტის თვის ჩათვლით გაგრძელდება. პროგრამის ფარგლებში დასუბსიდირდება 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 10,000 ტონა ფქვილი, ერთ ტომარაზე არაუმეტეს 10 ლარისა. გამოცხადდა ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამა. შედეგად ექვსი კომპანიის მიერ 2020 წლის 20 მაისის მდგომარეობით განხორციელდა 40,000 ტონა სასურსათო ხორბლის იმპორტი. სუბსიდიის ოდენობამ შეადგინა 4 მლნ. ლარზე მეტი.

დღეისათვის საქართველოს 100 ათას ჰა-ზე დაახლოებით, 200 ათასი ტონა ხორბალი მოჰყავს, ქვეყნის მოხმარება კი, 700- 800 ათასი ტონაა. საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს.

საქართველოს ხორბლისა და პურ-პროდუქტების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა დარწმუნებულია რომ ხორბლის წარმოების თვითკმარ მაჩვენებლამდე გაზრდა სრულიად შესაძლებელია. მისი თქმით, ამისთვის ხორბლის ადგილობრივი მოსავლიანობა, მინიმუმ, 400 ათას ტონამდე უნდა გაიზარდოს. ეს ქვეყნის მოხმარების ნახევარია. სილაგავა განმარტავს, რომ გაეროს რეკომენდაციით, ქვეყანას 2 თვის მოხმარების სასურსათო მარაგი უნდა ჰქონდეს და თუ ეს მარაგი ადგილობრივი წარმოების ხორბლით იქნება შევსებული, უსაფრთხოება მეტნაკლებად გარანტირებულია.

საქართველოში ხორბლის ორთვიანი მარაგია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system