თავში

საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად აღიარეს

საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად აღიარეს
საერთაშორისო ექსპერტებმა საქართველო საინვესტიციოდ მიმზიდველ ქვეყნად აღიარეს

OECD – „საქართველო საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“

„საქართველო პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისთვის ღიაობით და საინვესტიციო მიმზიდველობით მოწინავე, გამორჩეული ქვეყანაა“ - ამის შესახებ ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წარმომადგენლებმა სასტუმრო „შერატონში“ ეკონომიკის სამინისტროს მასპინძლობით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადეს, რომელშიც ქართული მხრიდან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე, ასევე სხვა სახელწიფო უწყებები, ბიზნესასოციაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საფინანსო ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე OECD–ის ექსპერტებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს საქართველოს საინვესტიციო პოლიტიკის შეფასების ფარგლებში მიღებული პირველადი მიგნებები, რომლის მიხედვით ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დინამიური ეკონომიკური რეფორმების შედეგად შექმნილი საინვესტიციო გარემო დადებითად არის შეფასებული და OECD–ის წარმომადგენლების განცხადებით, იგი უზრუნველყოფს საქართველოს მაღალ საინვესტიციო მიმზიდველობას საერთაშორისო დონეზე და მას უდავო ლიდერად წარმოაჩენს რეგიონში.

„ის, რაც OECD –ის წინასწარ ანგარიშში იყო წარმოდგენილი, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ უსვამს ხაზს მთავრობის მიერ არჩეულ სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომელიც ეფექტიანად ხორციელდება და ფართოდ უღებს კარს საერთაშორისო კომპანიებს, რომ მათ წარმატებით განახორციელონ ინვესტიციები საქართველოში,“ - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკოლოზ ალავიძემ.

მისი თქმით, ისეთი ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასება, როგორიც არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, არის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი იმის პოზიციონირებისთვის, თუ რამდენად მიმზიდველი და საინტერესოა ქვეყანა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განხორციელებისთვის.

„მათ მიერ გაჟღერდა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, მათ შორის, ხაზგასასმელია შეფასება, რომ ჩვენი ქვეყნისა და მისი ეკონომიკის მასშტაბიდან გამომდინარე, ერთ სულ მოსახლესთან მიმართებაში მოზიდული ინვესტიციების კუთხით საქართველოს აქვს საუკეთესო მონაცემები. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა სწორად ვითარდება. შეხვედრაზე ასევე მივიღეთ კარგი რეკომენდაციები იმისთვის, რომ კიდევ უფრო დავხვეწოთ ჩვენი მოკლე და საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმა და ღირსეულად წარვდგეთ OECD–ის მიერ, მომავალი წლის გაზაფხულზე საქართველოში დაგეგმილ მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმზე „OECD–ის ევრაზიის კვირეული - 2020“, “ - აღნიშნა ნიკოლოზ ალავიძემ.

„OECD ევრაზიის კვირეული - 2020“ (OECD Eurasia week 2020) 2020 წლის მარტში გაიმართება. ამ მასშტაბის ღონისძიების საქართველოში ჩატარება, თავის მხრივ უპრეცენდენტო შემთხვევაა აღმოსავლეთ პარტნიორობასა და სამხრეთ კავკასიაში ასეთი საერთაშორისო ფორუმის ჩატარების კუთხით. აღნიშნული კვირეული წარმოადგენს მაღალი დონის დიალოგის პლატფორმას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები, ბიზნესწრეების, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიის წარმომადგენლები, მათ შორის OECD-ის წევრი ქვეყნებიდან, OECD-ის ევრაზიის კონკურენტუნარიანობის პროგრამის წევრი ქვეყნებისა და ასევე, საერთაშორისო განვითარების პარტნიორი ორგანიზაციების (EBRD, WB და სხვ.) 300-მდე წარმომადგენელი. აღნიშნულ ფორუმზე საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობისა და არსებული ბიზნესგარემოს შესახებ უფრო დეტალური და ვრცელი შეფასებები გაკეთდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system