თავში

საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს დააჩქარებს

საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს დააჩქარებს
საქართველო ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ტემპს დააჩქარებს

საქართველოს მთავრობა ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის დაჩქარებას და ამ სისტემის ეფექტიანი დანერგვის მიმართულებით ქმედით ღონისძიებებს იწყებს. ამ საკითხს მიეძღვნა რიგით მეორე კონფერენცია, რომლის სამიზნე ჯგუფი პოლიტიკის შემქმნელები არიან. ღონისძიების ამოცანაა, მოიცვას რეგიონული და მუნიციპალური ხელისუფლება, რათა ისინი გაეცნონ იმ გამოწვევებსა და შესაძლებლობებს, რომლებიც მეტ ნაკლებად მჭიდროდ დასახლებულ, ურბანულ ტერიტორიებზე ცირკულარული ეკონომიკის დანერგვის გზაზე ექნებათ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, სოლომონ პავლიაშვილის ინფორმაციით, საქართველოს გააჩნია გარემოს დაცვის სტრატეგია - ნარჩენების მართვის ეროვნული გეგმა, რომელიც ევროკავშირის მოთხოვნებთან არის ადაპტირებული.

,,ქვეყანას აქვს პოლიტიკური ნება, რომ განვითარდეს ცირკულარული ეკონომიკის მოდელი, რომელიც ნიშნავს, რომ ბუნებრივ რესურსზე ზეწოლა მაქსიმალურად შემცირდეს. ის ნაბიჯი, რომელსაც დგამს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, შეეხება წარმოების გაფართოებულ ვალდებულებას. ეს არის რეგულაციები საბურავებთან, პლასტიკის ბოთლებთან, გამონაცვალ ზეთებთან და ,,აკუმულატორებთან" დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ ყველა ეს ნარჩენი შეიძლება გამოვიყენოთ ცირკულარული ეკონომიკის მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი მაღალ დონეზე ევროპაშიც არ არის განვითარებული, გვაქვს პრეტენზია, რეგიონში ვიყოთ ლიდერი. ამ პროცესში მონაწილეობს ყველა ის ჯგუფი, რომელმაც უნდა შექმნას სისტემა, ეს არის პოლიტიკის შემქმნელები - რეგიონები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ფინანსური ინსტიტუტები და სხვა. ვსაუბრობთ, თუ რა ფორმით შეიძლება წახალისდეს ბუნებისთვის აუცილებელი, მეგობრული მოდელები. ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლა განსაკუთრებით პრიორიტეტულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ნედლეულის დეფიციტი შეიმჩნევა", - აცხადებს პავლიაშვილი და დასძენს, რომ მოპოვებული ნედლეულის 20% დღესდღეობით მიიმართება ნაგავსაყრელზე, როცა შესაძლებელია მისი ხელმეორედ გადამუშავება.

,,ყველა ნარჩენი ნაგავი არ არის და ნაგავსაყრელზე არ უნდა მოხვდეს. საუბარია ნარჩენების შემოტრიალებაზე, რომელიც ისევ და ისევ ეკონომიკას უნდა მოხმარდეს. ევროკავშირს აქვს სამოქმედო ჩარჩო, რომლის ფარგლებშიც დაახლოებით 54 ღონისძიება უნდა განხორციელდეს. მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი საფინანსო სექტორის, ასევე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების ჩართვა, რომლებიც მხარს დაუჭერენ ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესს საქართველოში. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოების გათვითცნობიერება და ე.წ. ეკოდიზაინის შექმნა. პროდუქციის ექსპლუატაციის ვადა უნდა გაიზარდოს, ვინაიდან ცირკულარული ეკონომიკა ნიშნავს ისეთი წარმოების შექმნას, როცა ნედლეულის ხელმეორედ გამოყენება, მისი სამომხმარებლო თვისებების აღდგენა შესაძლებელია. შედეგი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტების ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა", - განაცხადა პავლიაშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობდა დამოუკიდებელი საერთაშორისო კონსულტანტი, გაეროს ცირკულარული ეკონომიკის მრჩეველთა საბჭოს წევრი დ-რ დარიუშ ედვარდ პრასეკი, რომელმაც საზოგადოებას დეტალურად გააცნო, თუ როგორ უნდა დაჩქარდეს ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის პროცესი და მოხდეს ამ სისტემის ეფექტიანი დანერგგვა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system