თავში

საქართველო ტურისტულ რუკაზე წითელ ზონად რჩება - ალავერდაშვილი

საქართველო ტურისტულ რუკაზე წითელ ზონად რჩება - ალავერდაშვილი
საქართველო ტურისტულ რუკაზე წითელ ზონად რჩება - ალავერდაშვილი

"საქართველოში ვაქცინა იგვიანებს და მაშინ, როცა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშუ ვაქცინაცია მიდის, ტურისტებისთვის საქართველოს საშიშ ზონად დარცება, ასე, რომ ვაქცინის დაგვიანების გამო საქართველო ჯერჯერობით ტურისტულ რუკაზე წითელ ზონად რჩება," - ასე ფიქრობენ სასტუმროების და რესტორნების ფედერაციაში. ასოციაციის პრეზიდენტი ხელისუფლების ინერტულობით უკმაყოფილოა და report.ge-სთან განმარტავს, რომ თითქოს ყველაფერი, რაც კეთდება, ფასადურად კეთდება. რეალურად ქვეყანაში ბიზნეისისთვის და მოსახლეობისთვის არაფერი გაკეთებულა. შალვა ალავერდაშვილის თქმით, საქართველომ ტურისტებს ცა გაუხსნა, თუმცა მხოლოდ ფრენების აღდგენა არ კმარა, რომ ქვეყანამ ტურისტების დიდი ნაკადი მიიღოს. ის, რომ საქართველოთი ტურისტები ნაკლებად ინტერესდებიან, ალავერდაშვილი იმით ამტკიცებს, რომ სასტუმროებს გარანტირებული ჯავშნები უახლოეს პერიოდში თითქმის არ აქვთ.

"საქართველო ამჯამად იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა და ამ მიზეზით ქვეყნები თავიანთ მოქალაქეებს პირდაპირ არა, მაგრამ მოუწოდებენ, მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. გვაქვს მხოლოდ დაუდასტურებელი ჯავშნები და ძირითადად  პოსტსაბჭოთა სივრციდან. ეს ხომ არაა გარანტირებული ჯავშნები რომ დარწმუნებული ვიყოთ, ჩამოვლენ ან წინასწარ თანხას ჩარიცხავენ. ევროპულ ქვეყნების მთავრობები პირდაპირ არა, მაგრამ შიდა მიმოწერებში მოუწოდებენ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ იმ ქვეყნებში მოგზაურობისგან, სადაც ვაქცინაცია არ დაწყებულა. ეს ჩვეულებრივი ამბავია,“ - აცხადებს შალვა ალავერდაშვილი report.ge-სთან. 

ტუროპერატორი ეკა ხორგუანი გვეუბნება, რომ საქართველოს მიმართ ტურისტების ინტერესი სამი კვირაა გაიზარდა, თუმცა როგორც კი ვაქცინაციის არარსებობას შეიტყობენ, ტურების დაგეგმვაზე თავს იკავებენ. 

"სამეზობლოდან ინტერსი მაღალია, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, თუმცა ვაქცინაციის არარსებობა აიძულებთ, რომ გადაავადონბ ტურები. გერმანიიდან უნდოდათ 30-კაციან ჯგუფს ჩამოსვლა აპრილის შუა რიცხვებისთვის, თუმცა თავი შეიკავეს და დაგვპირდნენ ვაქცინაციის გააქტიურების შემდეგ განაახლებენ კონტაქტს," - განუცხადა report.ge-ს "ქინგ ტურის" დირექტორმა ეკა ხორგუანმა. 

ცნობისთვის, 2021 წლის თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები წლიურად 91%-ით შემცირდა. 2020 წელს საქართველოში სულ 1.7 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც 81%-იან შემცირებას ნიშნავს. ეროვნული ბანკის მონაცემებით, საქართველოს ტურისტული სექტორის დანაკარგმა 2020 წელს $2.7 მილიარდი დოლარი შეადგინა.

სადაზღვეო ინდუსტრიაში საქართველოში შემოსული ტურისტებისთვის სავალდებულო COVID-დაზღვევის აუცილებლობაზე საუბრობენ.

ტურინდუსტრია ქვეყანაში ვაქცინების კომერციული გზით, საკუთარი ხარჯებით, შემოტანას საკუთარ თავზე იღებს და ხელისუფლებისგან მხოლოდ "ვაქცინა ტურების" ორგანიზების ნებართვას ითხოვს.

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება. უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც მუშაობს.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system