თავში

საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს

საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს
საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს

საქართველო თვეში 30 ათას ტონა ფქვილს მოიხმარს. სახელმწიფო კი 10 ათასი ტონის სუბსიდირებას ახდენს. ფქვილზე სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის მიზანია მასობრივი მოხმარების პურზე ფასის შენარჩუნება.

ამის შესახებ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ლევან სილაგავა აცხადებს.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს სუბსიდირება მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონა/თვეში(რაოდენობა ,რომელიც საჭიროა მასაბრივი მოხმარების პურის გამოსაცხობად) და ითვალისწინებს იმ პურის ქარხნებზე და საცხობებზე ფიქსირებულ 53 ლარად პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდებას, რომელებიც აწარმოებენ მასობრივი მოხმარების პურს.

სოლაგავას ინფორმაციით, გამარჯვებული წისქვილკომბინატები გამოვლინდება 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილის მიწოდებაზე ინტერესთა გამოხატვის და ჩატარებული სატენდერო კონკურსის შედეგად სახელმწიფოსაგან ყველაზე ნაკლები სუბსიდირების მოთხოვნის პრინციპით.

"საქართველოს თვეში დაახლოებით 30 ათასი ტონა ფქვილი სჭირდება. დანარჩენ 20 ათასზე იქნება თავისუფალი ფასები. ეს არის საგემოვნო პურები, იგივე თონის პური, გერმანული, ავსტრიული, ლიტვური პური. შესაბამისად, ეს მოქმედებს მხოლოდ 10 ათას ტონაზე, რომელიც მიეწოდება წისქვილკომბინატებიდან ფიქსირებულად, 53 ლარად იმ პურის ქარხნებს, რომლებიც წარმოდგენილი იქნება პურის მრეწველთა კავშირის მიერ. დარანარჩენ ბაზარზე პირველი ხარისხის იგივე ფქილი, ასევე უმაღლესი საკონდიტრო ფქვილი წარმოდგენილი იქნება თავისუფალი ფასებით“,-განაცხადა ლევან სილაგავამ.

მისივე განმარტებით, პურის ქარხნების და საცხობების სია,  რომლებსაც უნდა მიეწოდოს ფქვილი,  წარმოდგენილია " საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის" მიერ. 

"დარჩენილ , დაახლოებით 20 ათასი ტონა ფქვილზე მათ შორის პირველი და უმაღლესი საკონდიტრო ხარისხზე არ მოქმედებს სუბსიდირების პროგრამა ,შესაბამისად აღნიშნული ფქვილები ბაზარზე წარმოდგენილი იქნება ჩვეულებრივად თავისუფალი საბაზრო ფასებით," - განმარტავს სილაგავა.

შეგახსენებთ, მსოფლიოს მასშტაბით ხორბალი გაძვირებულია. მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი მწარმოებელია 8 ქვეყანა:აშშ, კანადა, ავსტრალია, არგენტინა, ევროკავშირი, რუსეთი, უკრაინა და ყაზახეთი. მათგან 6 ქვეყანაში წელს ხორბლის მოუსავლიანობაა. მხოლოდ რუსეთში და ავსტრალიაში არის შედარებით უკეთესი მოსავალი, თუმცა, ეს 2 ქვეყანა 6-ს ვერ აბალანსებს. გარდა ამისა პანდემიის გამო შექმნილი გაურკვევლობის მიზეზით ქვეყნები სასურსათო მარაგებს ავსებენ. ყველა ქვეყანა ცდილობს უფრო მეტი ხორბალი იყიდოს, ვიდრე შარშან, ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 20-30%-ით მეტი ხორბლის ყიდვა ხდება მსოფლიოში. გაზრდილი მოთხოვნა კი ფასს მაღლა სწევს.

ლევან სილაგავას თქმით, საქართველოში ხორბლის მარაგების პრობლემა არ არსებობს და ორთვიანი მუდმივი მარაგია.

გარდა ამისა, პურის ქარხნებისთვის ბუნებრივი აირის ტარიფი იგივე დარჩება.

სახელმწიფო ფქვილის სუბსიდირებაზე 10 მილიონამდე ლარს დახარჯავს, რის გამოც პურზე ფასი არ გაიზრდება.

ცნობისთვის საქართველოში პურზე ფასის უცვლელად შენარჩუნება მხოლოდ სახელმწიფო სუბსიდირების წყალობით მოხერხდა. სუბსიდირების არარსებობის შემთხვევაში, პურის ფასი 15-20 თეთრით გაძვირდებოდა.

მანამდე სუბსიდირებისკენ მოუწოდა მთავრობას საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია, საქართველოს პურის მრეწველთა კავშირთან ერთად. მათ მთავრობას ღია წერილით მიმართეს.

შეგახსენებთ, მთავრობა პურის ფასის სუბსიდირებისთვის მზაობას მუდამ გამოთქვამდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი პურპროდუქტების მსხვილ მწარმოებლებს, პურის მცხობელთა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების თავმჯდომარეებს რამდენჯერმე შეხვდა.

საქართველოს რუსულ ხორბალზე მაღალი დამაკიდებულებისა და რუსული ხორბლის გაძვირებისა და, ზოგადად, ხორბლის საერთაშორისო ფასის მატების გამო, საქართველოში გამოითქვა ვარაუდი, რომ ხორბალი, ფქვილი და პური გაძვირდებოდა, თუმცა მინისტრმაც და მეხორბლეთა ასოციაციამაც ეს შესაძლებლობა გამორიცხეს.

მინისტრი დავითაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა გარანტირებულია.

ცნობისთვის, საქართველოში პური და პურპროდუქტები წლიურ ჭრილში გაძვირებულია. 


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system