თავში

საქართველო უნდა გახდეს ციფრული, თანამედროვე და მწვანე - ჰუდაკის გეგმები

საქართველო უნდა გახდეს ციფრული, თანამედროვე და მწვან
საქართველო უნდა გახდეს ციფრული, თანამედროვე და მწვანე - ჰუდაკის გეგმები

"ჩვენ ვიცით, როგორ უნდა მოვახდინოთ ეკონომიკური სიტუაციის აღდგენა ინვესტიციების, მეტი ეკონომიკური განვითარების გზით. მიმაჩნია, რომ ეს არის საქართველოს მომავალი ევროკავშირში," - ასეთი დამაჯერებელი იყო დღეს სამომავლო გეგმებზე საუბრისას ქართული საზოგადოების წინაშე პრემიერის საინვესტიციო მრჩევლის რანგში პირველად წარმდგარი ვაზილ ჰუდაკი, რომელიც ამავდროულად ევროკომისიისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელიცაა მცირე და საშუალო საწარმოების მიმართულებით.

ვაზილ ჰუდაკის განმარტებით, სწორედ ბიზნესის მხარდასაჭერადაა გამოყოფილი სპეციალურ პროგრამაში  50 მლრდ ევრო. ჰუდაკის თქმით, კერძო სექტორის მხარდამჭერ პროგრამას 2 ძირითადი ასპექტი გააჩნია: 1 გაციფროვნება, 2. მწვანე ეკონომიკა და გარემოსდაცვა. ჰუდაკის შეფასებით, ეს არის საქართველოს მიმართულებებიც: გახდეს უფრო ციფრული, უფრო თანამედროვე და უფრო მწვანე. 

"მიმაჩნია, რომ ამით საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდება ევროპას და ეს არის საქართველოს მთავრობის ძირითადი მისწრაფებაც. ამ პროცესში, ყველა ამ გამოწვევასთან ბრძოლის საქმეში ეკონომიკური გუნდის ყველა მინისტრს შევხვდი, სხვადასხვა გამოწვევა და სხვადასხვა საჭიროება შევისწავლე. სახელმწიფო რესურსები არაა საკმარისი ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სხვა რესურსებიც იყოს მობილიზებული და კერძო სექტორიც იყოს ჩართული ამ პროცესში. სწორედ ამაში ვხედავ ჩემს როლს, რომ დავეხმარო საქართველოს მთავრობას იმ გზების გამოძებნაში, რომლითაც მოხდება სხვა რესურსების მობილიზაცია. საერთაშორისო დახმარების გზით, რაც საქართველოს მთავრობას კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოუტანს. ამას ვხედავ საჯარო და კერძო პარტნიორობის გზითაც, რაც საქართველოს ეკონომიკას წაადგება. მე ნამდვილად დიდი პატივი მაქვს, რომ ამ რანგში ვიმსახურო საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლად და საქართველოს, ქართველ ხალხს ვემსახურო, ეს არის საქართველოსა და ევროკავშირის კავშირების გაძლიერების შესაძლებლობა და ამ მისიას ძალიან სერიოზულად ვუდგები“, - აღნიშნა ვაზილ ჰუდაკმა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ჰუდაკის ამოცანაა საქართველოს ახალი ეკონომიკური სტრატეგიისთვის უცხოური საჯარო და კერძო სექტორებიდან მხარდაჭერის მობილიზება. იგი აქცენტს გააკეთებს სტრატეგიულ, პრიორიტეტულ საინვესტიციო პროექტებზე. საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის მას ურთიერთობა ექნება როგორც ევროკავშირთან, ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, მსოფლიო ბანკთან, ევროპის საინვესტიციო ბანკთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ასევე, საერთაშორისო სამეწარმეო-ეკონომიკურ სუბიექტებთან, საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან.

ცნობისთვის, ვაზილ ჰუდაკი პრემიერის საინვესტიციო მრჩეველი (FDI-მრჩეველი) დღეს გახდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ პოსტზე ის დღეს წარადგინა. ვინ არის და რა გამოცდილება აქვს ღარიბაშვილის ახლადდანიშნულ საინვესტიციო მრჩეველს, ნახეთ აქ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საკითხებში მრჩეველი (FDI-მრჩეველი) აქამდე არ ჰყოლია.რატომ დასჭირდა ღარიბაშვილს საინვესტიციო მრჩეველი, გაიგეთ აქ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system