თავში

საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯს მოირგებს

საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯს მოირგებს
საქართველო უსაფრთხო ტურისტული ქვეყნის იმიჯს მოირგებს

„საქართველომ უნდა შეიძინოს ახალი იმიჯი - ეს არის უსაფრთხო დანიშნულების ადგილი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრეზენტაციაზე განაცხადა, სადაც ტურიზმის გახსნის ანტიკრიზისული გეგმის დეტალებზე ისაუბრა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, თუ აქამდე მსოფლიო საქართველოს იცნობდა, როგორც უძველესი ტრადიციების მქონე, სტუმართმოყვარე, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე გახსნილ ქვეყანას, რომელსაც აქვს უნიკალური ბუნება თუ ისტორია, ახლა მსოფლიო ხელახლა გაიცნობს, როგორც უსაფრთხო დანიშნულების ქვეყანას.

„ამის თქმის შესაძლებლობას გვაძლევს ის ახალი, კონკურენტული უპირატესობები, რომელიც ჩვენ, როგორც ქვეყანამ, შევიძინეთ პანდემიასთან ბრძოლაში, ეს არის საერთაშორისოდ აღიარებული ჩვენი წარმატება და ასევე სრულიად უნიკალური გამოცდილება და უნარ-ჩვევები, რაც შეიძინა ტურიზმის ინდუსტრიამ და მასში დასაქმებულმა ადამიანებმა საკარანტინე ზონების მომსახურების, შესაბამისი სერვისების გაწევის ფარგლებში. ეს ძალიან მასშტაბური პროგრამაა, რომელშიც ჩართულია 83 სასტუმრო, პრაქტიკულად, მთელი ქვეყნის მასშტაბით“ - აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ჩვენ არამარტო შევიძინეთ უნიკალური გამოცდილება, არამედ შევინარჩუნეთ ეს ინდუსტრია და 2500-მდე დასაქმებული, რომლებიც სწორედ ამ პროგრამის წყალობით აგრძელებს მუშაობას და ფლობს უნიკალურ უნარ-ჩვევებს. „კარანტინებში მოვემსახურეთ 19 000-ზე მეტ ადამიანს და ახლა ყველაფერი გაგვაჩნია იმისთვის, რომ ეს გამოცდილება „გადავთარგმნოთ“ ჩვენს ახალ იმიჯში, ახალ კონკურენტულ უპირატესობაში. ასეთივე უნიკალური გამოცდილება შეიძინეს ჩვენმა აეროპორტებმა და იქ მომუშავე პერსონალმა, სასაზღვრო-გამშვებმა პუნქტებმა და იქ მომუშავე ადამიანებმა, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იყვნენ, მუნიციპალურმა სერვისებმა, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ ზონებში კარანტინში მყოფი ადამიანების მომსახურებას ახორციელებდნენ და ეს არის სწორედ უნიკალური გამოცდილება, რომლის კაპიტალიზაციაც ახლა უნდა მოვახდინოთ და ამის კონკრეტული გეგმა გაგვაჩნია“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

როგორც დღეს პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

მთავრობის მეთაურის თქმითვე, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიდებისთვის შეღავათები და სპეციალური პლატფორმა ამოქმედდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

დღესვე ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვლის თქმით, ტურიზმის ყველა სეგმენტისთვის მთავრობა განსხვავებულ გაიდლაინებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, აჭარა მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში უპირველესად რეგიონის ტურისტებს ელოდება, თუმცა მთავრობა ევროპელი ტურისტების მოსაზიდადაც აქტიურად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

თურნავას პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, დღესვე ცნობილი გახდა, რომ 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, 10 დღის განმავლობაში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმა გასაჯაროვდება. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system