თავში

საქართველო უზბეკეთიდან ტურისტების ნაკადს ელოდება

საქართველო უზბეკეთიდან ტურისტების ნაკადს ელოდება
საქართველო უზბეკეთიდან ტურისტების ნაკადს ელოდება

„ჩვენ განსაკუთრებით დიდ ნაკადებს ველოდებით უზბეკეთიდან. შემოსვლის რეჟიმის შემსუბუქების პარალელურად, ვფიქრობთ, რომ ფრენები ამ ქვეყანასთან გააქტიურდება,“ - ასე ფიქრობს  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. მისივე განმარტებით,  უზბეკეთთან პანდემიამდე პირდაპირი ავიამიმოსვლა მოქმედებდა, ახლა კი იმ ქვეყნების სიას, საიდანაც შემოსული ადამიანები მხოლოდ PCR ტესტით შეძლებენ საქართველოში შემოსვლას და შემდეგ ყოველ 3 დღეში ერთხელ ჩაიტარებენ ტესტირებას, დაემატა შუა აზიის ქვეყნები - თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და უზბეკეთი.

აღნიშნული რეგულაცია ასევე ვრცელდება ვიზიტორებზე, რომლებიც არიან - ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების; ამერიკის შეერთებული შტატების, ისრაელის, შვეიცარიის, ნორვეგიის, საუდის არაბეთის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, თურქეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, ყაზახეთის, რუსეთის, ბელარუსის, მოქალაქეები ან რეზიდენტები. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. მარტის მეორე ნახევარში ისრაელიდან შესრულდება სამი ფრენა, რომლითაც საქართველოში ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი ჩამოვა.

რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საქართველოში შემოსვლა თვითიზოლაციის გარეშე 44 ქვეყნის არავაქცინირებულ მოქალაქეს შეუძლია. ქვეყნებიდან საქართველოში, მათ შორის ტრანზიტულად შემოსვლის შემთხვევაში, მოქალაქე ან რეზიდენტმა ვიზიტორებმა უნდა წარადგინონ 72-საათიანი ვალიდურობის მქონე PCR-ტესტის ნეგატიური პასუხი და ქვეყანაში შემოსვლის შემდეგ, მესამე დღეს, საკუთარი სახსრებით სავალდებულოდ ჩაიტარონ PCR-ტესტი. რაც შეეხება ვაქცინირებულ ვიზიტორებს, ისინი ნებისმიერი ტიპის კოვიდ-ვაქცინის სრული კურსის ჩატარების, რაც ორ სრულ დოზას გულისხმობს, დამადასტურებელი დოკუმენტის საზღვარზე წარდგენის შემთხვევაში, საქართველოში უპირობოდ შემოსვლას შეძლებენ.

საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

საპორტო, სარკინიგზო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის ერთობლივი განვითარების საკითხები, ინვესტიციები და ვაჭრობა - ეს არასრული ჩამონათვალია ის სფეროების, რომლებიც საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პოტენციალადაა მიჩნეული. 

საქართველო-უზბეკეთი სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობას აუმჯობესებს. ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია უზბეკურ ბაზარზე ქართული პროდუქციის, როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე ინდუსტრიული პროდუქციის ექსპორტის ზრდა. მხარეები მსჯელობენ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ინვესტიციების მოზიდვის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროში. საქართველო-უზბეკეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობოთაშორისო კომისიის სხდომა უახლოეს პერიოდში არის დაგეგმილი.

2019 წელს საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 105,51 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 18%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელზე. უზბეკეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ჩამონათვალში მე-10 ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ტურიზმს, 2019 წელს უზბეკეთიდან საქართველოში 16 785 ვიზიტორი შემოვიდა, რაც 102%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system