თავში

საქართველომ ხილის ექსპორტით შარშან 200 მლნ დოლარი მიიღო

საქართველომ ხილის ექსპორტით შარშან 200 მლნ დოლარი მიიღო
საქართველომ ხილის ექსპორტით შარშან 200 მლნ დოლარი მიიღო

„მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა” - ამის შესახებ დღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. 

"ჩვენი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი პოლიტიკა ამას ემსახურება. საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი და რამდენიმე წელიწადში ამ პოზიციებს დავიკავებთ. ტენდენციები უკვე სახეზეა. მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა; ამ მიმართულებით დადებითია სავაჭრო ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტირებული უფრო მეტია, ვიდრე იმპორტირებული. ეს დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გაგრძელდება. 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული; 2021-ში ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა გვქონდეს გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს საქსტატმა აგროწარმოების 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.  აღმოჩნდა, რომ შარშან ქვეყანამ გაზარდა ყველა ტიპის ხილის წარმოება, გარდა ციტრუსისა:  2020 წელს ქვეყანაში წარმოებულია 101.9 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 93.4 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. საანგარიშო პერიოდში წარმოებულია ასევე 63.2 ათასი ტონა კურკოვანი ხილი (წინა წელთან შედარებით 64.2 პროცენტით მეტი), 40.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (32.4 პროცენტით მეტი), 22.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (9.9 პროცენტით მეტი), 57.1 ათასი ტონა ციტრუსი (10.8 პროცენტით ნაკლები). 2020 წელს წარმოებულია 318.9 ათასი ტონა ყურძენი, რაც 8.5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system