თავში

საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია

საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია
საქართველოს 11.38%-ი დაცული ტერიტორიებია

2020 წელს დაცული ტერიტორიების ფართობი რეკორდულად 122 374 ჰა-ით გაიზარდა და დღეისათვის შეადგენს 793 351 ჰა–ს, რაც ქვეყნის ტერიტორიის 11.38%-ია. 

ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშში, რომლის მიხედვით, 2020 წელს, შეიქმნა 3 ახალი დაცული ტერიტორია და გაფართოვდა ერთი. 

დოკუმენტშის ვკითხულობთ, რომ 2020 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო კონსერვაციული და რეინტროდუქციის პროექტების მიმართულებით. ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF)-ის მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს ჯეირნების პოპულაციის აღდგენის პროექტი ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე - მათი რაოდენობა უწყვეტად იზრდება და ამ ეტაპზე 150 ინდივიდს შეადგენს. 

"ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე წარმატებით დაინერგა აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის ტელემეტრიულიმონიტორინგი, პროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია NACRES-ის მიერ ბუნების მსოფლიო ფონდის (WWF), კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) და ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

აჯამეთის აღკვეთილში, 2016 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, იმერული მუხის აღდგენის პროექტი, დაახლოებით 56 ჰა ფართობზე.

2020 წელს, გრძელდება მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და არსებულის განახლება, მათ შორის, შემუშავდა 1 ახალი მენეჯმენტის - ალგეთის ეროვნული პარკის და განახლდა 7 დაცული ტერიტორიის მენეჯმენტის გეგმა. არსებული მდგომარეობით, 20 ტერიტორიული ადმინისტრაციიდან დაცული ტერიტორიების მართვას დამტკიცებული მენეჯმენტის გეგმით ახორციელებს 13.

დაცულ ტერიტორიებზე, საპილოტე პროგრამის ფარგლებში, მიმდინარეობს პატრულირებისა და ბიომონიტორინგის თანამედროვე SMART ტექნოლოგიების დანერგვა, დაცვა-მონიტორინგის გაუმჯობესების მიზნით.

აღსანიშნავია, ასევე, მავნებლებთან ბრძოლის ღონისძიებებიც, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ბზის ალურას წინააღმდეგ გამოსაყენებელი პრეპარატების შესხურება ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში, კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე და კოლხეთის ეროვნულ პარკში. ბორჯომ-ხარაგაულის, ყაზბეგისა და ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის, ნეძვის აღკვეთილის წიწვოვან ტყეებში გამოყენებულ იქნა ფერომონიანი საჭერები. მაჭახელას ეროვნულ პარკში კი დაწყებულია წაბლის კიბოს კვლევა GEF/UNDP-ის ფინანსური მხარდაჭერით," - ვკითხულობთ ანგარიშში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system