თავში

"ენგურჰესის“ გაჩერებით საქართველოს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება

საქართველოს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება
ენგურჰესის“ გაჩერებით საქართველოს 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 20 იანვრიდან „ენგურჰესი“ გაჩერდება. საქართველოს ენერგეტიკის სექტორს, დაახლოებით, 300 მლნ/კვტ.სთ ელექტროენერგია დააკლდება."ენგურჰესი" საქართველოში ელექტროენერგიის ყველაზე მსხვილი მწარმოებელია და მისი გამომუშავება, მთლიანი გენერაციის, დაახლოებით, 30%-ს შეადგენს.

რეაბილიტაცია სამ თვეში აპრილის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.  სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობისას ქვეყნის უდიდესი ჰიდროელექტროსადგურის დერივაციული გვირაბი დაშრება და "ენგურჰესის" ხუთივე აგრეგატი სრულად გაჩერდება. გვირაბის სიგრძე 15,5 კილომეტრია, დიამეტრი კი - 9,5 მეტრი. მისი რებილიტაცია ჯერ კიდევ 2018-2019 წლებში იგეგმებოდა, თუმცა გადაიდო. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას, შეფასებით, „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ენერგოსისტემას ზიანი არ მიადგება. თურნავას თქმით, „ენგურჰესის“ რეაბილიტაციის პროცესის დროს ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით მომარაგდება და ანაზღაურება აფხაზური მხარის მიერ მოხდება.

„ენგურჰესი“ ჩვენი სიმდიდრე და იაფიანი ენერგიაა. იქიდან გამომდინარე, რომ წყლის დანაკარგი გაიზარდა, გვირაბი არაა საუკეთესო მდგომარეობაში, შევარჩიეთ ზამთრის პერიოდი რეაბილიტაციისთვის, რადგან ამ პერიოდში ყველაზე დაბალია წყალი და გამომუშავება მინიმალურია. „ენგურჰესის“ 3-4 თვიანი გაჩერებით ზიანი არ მიადგება ჩვენს ენერგოსისტემას, რადგან სეზონურად ამ დროს გამომუშავება მინიმალურია. რაც შეეხება, ამ პერიოდში როგორ მოხდება აფხაზეთის ელექტროენერგიით მომარაგება, იქ უკვე გაკეთდა განცხადება, რომ ისინი იღებენ იმპორტულ ელექტროენერგიას რუსეთიდან და ანაზღაურებაც მათი მხრიდან ხორციელდება, ანუ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმონაწილეობთ“,-აღნიშნავს თურნავა.

"ენგურჰესის" გამომუშავებული ენერგიით საქართველო აფხაზეთის მოსახლეობას უფასო ელექტროენერგიით ამარაგებს. ჰესის გაჩერების გამო კი მათ დენის შესყიდვა რუსეთისგან მოუწევთ.

ბოლო წლების განმავლობაში აფხაზეთში მოხმარება წლიდან წლამდე მზარდია, რასაც ენერგეტიკოსები კრიპტოვალუტების წარმოებით ანუ ე.წ. მაინინგით ხსნიან. მოხმარების ზრდის მიზეზად სახელდება ასევე უფასო დენის არაეკონომიური მოხმარება მოსახლეობის მიერ. 

ზამთარში "ენგურჰესის" მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის, ფაქტობრივად, 100%-ს ოკუპირებული რეგიონი მოიხმარს, ზაფხულის სეზონზე კი, ბოლო წლებში ეს მაჩვენებელი 50%-60%-ის ფარგლებშია; არადა 1990-იან წლების ზეპირი შეთანხმების მიხედვით, წარმოებული ელექტროენერგიის 40% - აფხაზეთმა, ხოლო - 60% საქართველოს დანარჩენმა რეგიონებმა უნდა მოიხმაროს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system