თავში

საქართველოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მედიატურით ესტუმრნენ - PHOTO

საქართველოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მედიატურით ესტუმრნენ
საქართველოს აზერბაიჯანელი ჟურნალისტები მედიატურით ესტუმრნენ - PHOTO

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ პოსტპანდემიურ პერიოდში აზერბაიჯანიდან პირველი მედია ტური გამართა. როგორც report.ge-ს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციაში განუმარტეს, პრეს-ტური ტურიზმის აღდგენის გეგმის ფარგლებში ტურისტული ნაკადების მოსაზიდად ჩატარდა.

"აზერბაიჯანის მაღალრეიტინგული გამოცემების: Qazet.az, Zerkalo, The Most ჟურნალისტები და ბლოგერები თბილისს, მცხეთას, ქუთაისს, წყალტუბოს, მარტვილს, სენაკსა და შეკვეთილს ეწვივნენ.ერთკვირიანი ტურის ფარგლებში უცხოელმა ჟურნალისტებმა პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, ოკაცეს კანიონი, კინჩხას ჩანჩქერი, მარტვილის კანიონი, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი, მცხეთაში არმაზის ციხე ბაგინეთი და ჯვრის მონასტერი მოინახულეს. ტურის დასრულების შემდეგ საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები და ვიდეო ბლოგები მომზადდება.Qazet.az- თვეში მილიონამდე, ხოლო Zerkalo.Az-ს 2 მილიონიდან 5 მილიონამდე მკითხველი ჰყავს," - განუცხადეს report.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

ცნობისთვის, აზერბაიჯანი საქართველოსთვის მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზარს წარმოადგენს. 2019 წელს საქართველოს აზერბაიჯანიდან ყველაზე ბევრი საერთაშორისო მოგზაური ეწვია, აზერბაიჯანიდან საქართველოში 1 526 619 საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

შეგახსენებთ, საქართველო-აზერბაიჯანის ტურისტულ პაკეტებზე მუშაობა განახლდა. ორმა ქვეყანამ ერთობლივი ტურისტული სვლა ჯერ კიდევ 2019 წელს 2020 წლისთვის დაგეგმა. მეზობელ ქვეყნებს ერთობლივი ტურისტული პაკეტები უნდა შეექმნათ მესამე ქვეყნის წარმომადგენლებისათვის, თუმცა კორონავირუსმა საქართველო-აზერბაიჯანის ტურიზმში დაგეგმილი თანამშრომლობა გადადო. მას შემდეგ, რაც ორივე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მართვადი გახდა, მხარეებმა გეგმა განაახლეს. აზერბაიჯანის ტუროპერატორებს საქართველოს ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ტურიზმის აღდგენის გეგმა გააცნეს.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან აზერბაიჯანში ვიზიტორთა რაოდენობა შემცირდა 16,3 ჯერ, ხოლო საქართველოში აზერბაიჯანიდან ჩამოსული ვიზიტორების რაოდენობა 37,5-ჯერაა შემცირებული. აზერბაიჯანიდან საქართველოს 2021 წლის თებერვალში 3950 ადამიანი ეწვია. ამ ქვეყნიდან შემოსული სტუმრების ოდენობა წლიურ ჭრილში 95.8%-ითაა შემცირებული, ხოლო 2019 წლის თებერვალთან შედარებით, 93.3%-ს უტოლდება.

საქართველოში აზერბაიჯანელი სტუმრების ზრდას ელიან მარტიდან, რადგან 19 მარტიდან Buta Airways–ი კვირაში 3 – ჯერ ასრულებს ფრენებს ბაქო-თბილისის მიმართულებით და საპირისპიროდ. ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით ფრენები სრულდება 21 მარტიდანაც. მიმდინარე წლის 30 ოქტომბრამდე ავიაკომპანია AZAL განახორციელებს ფრენებს კვირაში 4-ჯერ - სამშაბათს, პარასკევს, შაბათს და კვირას. აზერბაიჯანი იმ ქვეყნების ჩამონათვალშია, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ PCR-ტესტის ნეგატიური პასუხით.

ფრენების სიხშირე ზაფხულში მნიშვნელოვნად გაიზრდება. რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები 1-ელი თებერვლიდან გაუქმდა და საჰაერო საზღვარზე შემოსვლის განახლებული რეჟიმი ამოქმედდა. საჰაერო საზღვარი ქვეყანას დაახლოებით 10 თვე ჰქონდა დახურული. სახმელეთო საზღვარი საქართველომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის 16 მარტიდან ჩაკეტა და ამ დრომდე დახურული აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system