თავში

საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება დადებითად ფასდება

საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის
საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება დადებითად ფასდება

8-9 მარტს ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ევროპული ინიციატივის „ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, მაუწყებლობა და სიხშირული სპექტრის მენეჯმენტი“ ფარგლებში მაღალი დონის ვირტუალური ფორუმი ევროპის ქვეყნებში „მნიშვნელოვანი ინტერნეტკავშირი“ გაიმართა. ღონისძიება ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირისა და სლოვენიის რესპუბლიკის საჯარო ადმინისტრირების სამინისტროს ორგანიზებით ჩატარდა.

ფორუმში მოხსენებით გამოვიდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი ეკა ყუბუსიძე, რომელმაც მიმოიხილა საქართველოს მიერ ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით გადადგმული და დაგეგმილი ნაბიჯები. მან ყურადღება გაამახვილა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით covid-19 პანდემიის დროს და აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ინტერნეტთან წვდომა წარმოადგენს ფუნდამენტალურ კონსტიტუციურ უფლებას. 

ფორუმზე საქართველოს წარმომადგენელმა წარადგინა საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წელს დამტკიცებულ სტრატეგია „საქართველოს ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა 2020-2025“, რომელიც ევროკავშირის EU4Digital პროგრამის ფარგლებში ევროკომისიისა და მსოფლიო ბანკის დამხმარებით შემუშავდა ევროკავშირის „1 გბტ/წმ 2025 სტრატეგიის“ შესაბამისად და რომლის მიხედვითაც 2025 საქართველოში ყველა ოჯახს უნდა ჰქონდეს 100 მგბტ/წმ, ხოლო ადმინისტრაციულ ერთეულებსა 1 გბტ/წმ ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

მოხსენებაში საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა სახელმწიფო პროგრამის მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც სოფლად, ე.წ. „თეთრ ზონებში“, იქ სადაც მოსახლეობა ტოლია ან მეტია 200-ზე და ტელეკომ ოპერატორები არ გეგმავენ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფტრასტრუქტურის განვითარებას, აშენდება საბითუმო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურა, რომელიც კერძო ტელეკომ ოპერატორებს მისცემს საშუალებას ფართოზოლოვანი მომსახურებები გაუწიონ ბოლო მომხმარებელს. ისეთ დასახლებებში კი, სადაც მოსახლეობა 200-ზე ნაკლებია, საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს სათემო ინტერნეტიზაციის განვითარებას, რომლის ფარგლებშიც 2017 და 2019 წლებში 2 სათემო ქსელი აშენდა და იგეგმება აღნიშნული პროექტის გაგრძელება. ეკა ყუბუსიძემ ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებაზე, საქართველოში ციფრული ჰაბისა და რეგიონალური მონაცემთა გაცვლის ცენტრის ფორმირებაზე.

ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის ფორუმზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ასევე ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ აღნიშნული ორგანიზაცია გაითვალისწინებს საქართველოს გამოცდილებას მის სამომავლო დაგეგმილ თემატურ კვლევებში, რომელიც ორიენტირებული იქნება ამ საერთაშორისო ორგანიზაციის 193-ივე წევრ ქვეყანაში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system