თავში

 საქართველოს გავლით ევროპას კასპიური გაზი მიეწოდება

 საქართველოს გავლით ევროპას კასპიური გაზი მიეწოდება
 საქართველოს გავლით ევროპას კასპიური გაზი მიეწოდება

„ყველა მონაწილე ვართ მართლაც ისტორიული პროცესისა, როდესაც რეალური გახდა ჩვენი და რეგიონის ქვეყნების საუკუნოვანი ოცნება, რომ საქართველოს გავლით ევროპას მიეწოდება კასპიური გაზი. უკვე მოქმედებაშია არამხოლოდ სამხრეთკავკასიური ნაწილი, რომელსაც თავისი სიკეთე მოაქვს საქართველოსთვის, არამედ შაჰდენიზის მეორე ფაზის შემდეგ წარმატებით გაეშვა ტანაპის პროექტი და ახლა უკვე, ბოლოს, ტრანს-ადრიატიკის მილსადენი“ - ამის შესახებ ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრმა მონაწილეობა მიიღო სამხრეთ გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მინისტერიალში, რომელიც წელს ონლაინ-ფორმატში ჩატარდა. ღონისძიება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა გახსნა.

ნათია თურნავა სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე „სამხრეთ გაზის კორიდორი: მიღწევები, ტაპ-ის პროექტის დასრულება და აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის მიწოდების დაწყება.“ მისი შეფასებით, წლევანდელი მინისტერიალი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, რადგან ამ დიდ ინიციატივასა და რეგიონალურ პროექტში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ თქვან, რომ მიუხედავად პანდემიისა, ყველა, დასახული ღონისძიება არის შესრულებული.

„დღეს ჩვენ ვსაუბრობთ მომავალ, კიდევ უფრო საინტერესო განვითარებაზე, თუნდაც, თურქმენეთის მონაწილეობაზე ამ ინიციატივაში. ასევე საუბარია ახალ მოცულობებზე, ახალ საძიებო სამუშაოებზე, რასაც აწარმოებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფო აზერბაიჯანი. ასევე ვსაუბრობთ ამ დერეფნისა და მილსადენების ქსელის კიდევ უფრო გაფართოებაზე და ამაში სხვა ევროპული ქვეყნების, მაგალითად, ბალკანეთის ქვეყნების ჩართვაზე“ - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა

ნათია თურნავას თქმით, საქართველოსა და ჩვენი მოსახლეობისთვის ასევე მთავარი სიკეთეა შაჰდენიზიდან ე,წ. „უფასო გაზის“ გაზრდილი მოცულობები, რომელიც წლიდან წლამდე იზრდება და ჩვენს ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას, მათ შორის გაზის ნაწილში განამტკიცებს.

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის  ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს.

სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.

სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.

შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.

გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. "ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა," - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.

ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ამ ფაქტს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორისგან ვითარებას მოყვა. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.

გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system