თავში

საქართველოს გზებზე 20%-ით მეტი ადამიანი იღუპება

საქართველოს გზებზე 20%-ით მეტი ადამიანი იღუპება
საქართველოს გზებზე 20%-ით მეტი ადამიანი იღუპება

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოს გზებზე 20%-ით მეტი ადამიანი იღუპება. მათივე მტკიცებით, მიზეზი მთავრობის საგზაო უსაფრთხოების არათანმიმდევრული პოლიტიკაა. 

ავტომობილების რაოდენობის მატებასთან ერთად იზრდება საგზაო საფრთხეებიც, ამიტომ, სპეციალისტების თქმით, პარალელურად საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს უნდა დაეწყოთ ზრუნვა მოკლევადიანი და გრძელვადიანი სატრანსპორტო სტრატეგიის შექმნაზე, რომლის პრიორიტეტული მიმართულებაც იქნებოდა საგზაო უსაფრთხოება. 

საგზაო და სატრანსპორტო საკითხების ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად დადებითი შედეგის მომტანი ნაბიჯები არ იდგმება, რისი დასტურიც, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, დავით მესხიშვილის მტკიცებით შემდეგი შემთხვევაა: მსოფლიო ბანკის ექსპერტმა საქართველოსთვის შეიმუშავა „საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2014-2019 წლების სამოქმედო გეგმა“, რომელიც საკმაოდ მოცულობითია და 4 ნაწილისაგან შედგება. დოკუმენტი შემუშავდა „ჯინ ბრინ კონსალტინგის“ მიერ და მისი მთავარი რეკომენდაციაა საგზაო უსაფრთხოებაზე ორიენტირებული სამსახურის შექმნა, რადგანაც არც მაშინ და არც ახლა არ არსებობს მოძრაობის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სტრუქტურა. თუმცა, შესაბამისმა სამინისტროებმა პროგრამის რეალურ ცხოვრებაში გატარებაზე უარი განაცხადეს, თანაც ყოვეგვარი დასაბუთების გარეშე.

"შესაბამისად არ დაინერგა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სტანდარტები და დოკუმენტი გაურკვეველი ვადით შემოიდო თაროზე. ხშირად, როდესაც საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაზე საუბრობენ ახსენდებათ საპატრულო პოლიცია, რომელიც ძირითადად რეაგირებს უკვე მომხდარ დარღვევებსა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებზე, საპატრულო დეპარტამენტი არ არის ორიენტირებული პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. ამჟამად, არ არსებობს სამსახური, რომელიც იზრუნებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზების სიღრმისეულ კვლევაზე, მათ აღმოფხვრაზე და პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე. მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო სტრუქტურებმა მაგალითი საუკეთესო შედეგის მქონე სახელმწიფოებისგან აიღონ. საგზაო უსაფრთხოების სფეროში წარმატებულთა შორის განიხილება სკანდინავიის ქვეყნები. მაგალითად, 1997 წელს შვედეთმა შემოიღო საგზაო უსაფრთხოების პოლიტიკა სახელწოდებით ნულოვანი ხედვა (Vision Zero), რომლის მიზანია ფატალური ავარიების ნულამდე შემცირება. ბოლო წლებში ყურადღება მიიქცია ლიეტუვას წარმატებულმა სტრატეგიამ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის, სადაც საგზაო უსაფრთხოებასა და გარემოზე ზემოქმედების შემცირების პოლიტიკაზე პასუხისმგებელი ორგანოა რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტრო. ლიეტუვამ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები შეამცირა ახალი სტრუქტურის შექმნითა და პასუხისმგებელ აქტორებს შორის კომპეტენციათა გადანაწილებით. ევროკავშირის თორმეტმა წევრმა სახელმწიფომ გააერთიანა ძალები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების კუთხით. დიდი წარმატება აქვს ამ მხრივ ლიეტულავასა," - აღნიშნულია საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის კვლევაში "ევროდირექტივის შესაბამისობის შეფასება ეროვნულ კანონმდებლობასთან".

აქვე განმარტებულია, რომ ამ ქვეყნებში საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი მაღალ დონეზეა და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულების განმავლობაში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, ისინი მაინც გაერთიანდნენ საგზაო რისკების შემცირებისათვის. ევროპა გეგმავს მივიდეს ნულოვან ხედვამდე (Vision Zero)  და შევამციროთ ავტოსაგზაო შემთხვევები გზებზე 2050 წლისათვის, ეს მიიღწევა სახელმწიფოთა გაერთიანებითა და აზრების გაცვლით.  

დავით მესხიშვილი ამბობს, რომ საქართველოში ბოლო სიახლე საგზაო უსაფრთხოების სფეროში იყო ის, რომ პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებების პროექტს, რომლის მიზანია საგზაო ქსელში შავი წერტილების განსაზღვრა და სახელმწიფოს მხრიდან მათი აღმოფხვრისათვის საკმარისი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. 

"საკანონმდებლო ცვლილების პროექტი შემუშავდა იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც წარმოდგენილი იყო მსოფლიო ბანკის საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის გლობალური მექანიზმის მიერ გამოყოფილი გრანტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტის (ჯეიმს ჰოლგატი) მიერ შესრულებულ ანგარიშში „შავი წერტილების იდენტიფიცირების სახელმძღვანელო და სათანადო ზომების გატარება საქართველოში“. საავტომობილო გზების შესახებ საქართველოს კანონის 26 პრიმა მუხლით-შავი წერტილი არის საერთო სარგებლობის საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 კალენდარული წლის განმავლობაში დაფიქსირებულია: ა) ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო- სატრანსპორტო შემთხვევა; ბ) ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და ადამიანის დაღუპვით დასრულებული ჯამში არანაკლებ 10 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. მიუხედავად საკანონმდებლო ინიციატივისა შავ წერტილებთან დაკავშირებით მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ პრაქტიკულად ვერ ხდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ზუსტი ადგილის მითითება. საქართველოში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისგან განსხვავებით არ არის გაწერილი შავი წერტილების იდენტიფიცირების შემთხვევაში, როგორ უნდა აღმოიფხვრას ისინი და რა ღონისძიებები უნდა გატარდეს პრევენციისთვის. საქართველოს არ აქვს საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია და არც „ნულოვანი ხედვის“ გეგმა. სახელმწიფომ უნდა დაიწყოს სატრანსპორტო სტრატეგიის შექმნაზე და მის განხორციელებზე ზრუნვა, როგორც გრძელვადიანი, ასევე მოკლევადიანი პროექტების გზით. საჭიროა შეიქმნას თანმიმდევრული სტრატეგია იმისთვის, რომ ევროდირექტივაში დასახული მიზანი „ნულოვანი ხედვა“ მიღწევადი გახდეს 2050 წლისათვის. მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში საგზაო უსაფრთხოების სტანდარტი მაღალ დონეზეა, ისინი მაინც ერთიანდებიან საერთო მიზნის ირგვლივ და ქმნიან გრძელვადიან გეგმას," - ვკითხულობთ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის კვლევაში.

92 არასრულწლოვანი დაიღუპა ბოლო ოთხ წელიწადში ავტოსაგზაო შემთხვევებში.

შეგახსენებთ, 2019 წელს საქართველოში 15-39 წლის ასაკში გარდაცვლილ მოქალაქეებს შორის გარდაცვალების ძირითადი მიზეზი სატრანსპორტო უბედური შემთხვევებია.

2020 წლის I კვარტალში გაიზარდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა. გარდაიცვალა 134 ადამიანი.

2020 წლის მხოლოდ 2 კვარტალში (იანვარ-ივნისი) საქართველოს გზებზე 2 270 ავტოსაგზაო შემთხვევისას 203 ადამიანი დაიღუპა, 2 982 კი დაშავდა.

რაც შეეხება კანონმდებლობას, მთავრობის ხედვები საგზაო უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით სხვადასხვა დოკუმენტშია გაწერილი. საგზაო უსაფრთხოება პრიორიტეტად არის გამოცხადებული სამთავრობო პროგრამაში, ასევე არსებობს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და მისი შესაბამისი ყოველწლიური სამოქმედო გეგმები, თუმცა როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, აღსრულების საკითხთან დაკავშირებით პრობლემაა.

ცნობისთვის, საგზაო უსაფრთხოება პირდაპირ უკავშირდება სოციალურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის საკითხებს. ეკონომიკური კუთხით, საგზაო შემთხვევებისგან ზარალი ქვეყნის მშპ-ს 4%-ია, რაც დიდი დანაკარგია. ეკონომიკა ვითარდება და თუკი საგზაო შემთხვევებისგან მიყენებულ ზარალს არ შევამცირებთ, ეკონომიკაში სერიოზულ პრობლემას შეგვიქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system