თავში

საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო ტურიზმში

საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო ტურიზმში
საქართველოს კონკურენტული უპირატესობა მსოფლიო ტურიზმში

"საქართველოს ნამდვილად აქვს ის კონკურენტუნარიანი უპირატესობა, რომელიც განაპირობებს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად იქნება იმ პირველ ქვეყნებს შორის, სადაც იმოგზაურებენ ტურისტები," - ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა და დასძინა, რომ ახალი სწორი პოზიციონირებით საქართველოს შეუძლია გახდეს ის მიმართულება, რომელიც მუდმივად გვინდოდა, რომ გამხდარიყო.

მარიამ ქვრივიშვილის განმარტებით, ქვეყანას ყოველთვის სურდა და სურს ხარისხის უპირატესობა რაოდენობაზე, რაც გულისხმობს კიდევ უფრო მხარჯველუნარიან ტურისტს, რომელიც კიდევ უფრო მეტ დანახარჯს შეიტანს ეკონიმიკაში.

„ჩვენს ტურისტულ პორტფელში უკვე გამოკვთილი გვაქვს ის ქვეყნები, საიდანაც შემოდიან განსაკუთრებულად მხარჯველუნარიანი ტურისტები. აქ უნდა აღვნიშნოთ სპარსეთისა და ევროკავშირის ქვეყნები“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა და დასძინა, რომ  ტურიზმის აღდგენის პროცესში, საქართველოს პოზიციონირება ქვეყნის უსაფრთხოებაზე დაყრდნობით უნდა მოხდეს, ვინაიდან ქვეყანამ შეძლო, მსოფლიო პანდემიასთან წარმატებით ბრძოლა.

„საქართველოს გადაწყვეტილება ასეთია - ახალი პოზიციონირების სტრატეგია იქნება ბოლომდე დაყრდნობილი უსაფრთხოებაზე. ჩვენ ყველაფერი გვაქვს საიმისოდ, რომ გამოვიდეთ და მთელ მსოფლიოს მოვუწოდოთ, რომ იმოგზაურონ საქართველოში, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ციფრები საკმაოდ შთამბეჭდავია. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ის, თუ როდის შეძლებს ჩვენი ყვეყანა იმ ნიშნულზე დაბრუნებას, რომელიც გასულ წელს გვქონდა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენთვის საინტერესო და ტურისტულად, ღირებულების მქონე ქვეყნებთან, რათა შეიქმნას უსაფრთხო დერეფნები. მნიშვნელოვანია, ეტაპობრივად გავყვეთ და ვნახოთ, როგორი იქნება ავიაკომპანიების სიძლიერე, რამდენი ქვეყნიდან აქვთ მათ რეისების დაუყოვნებლივ აღდგენის რესურსი. პირველ ეტაპზე, ჩვენ დავუბრუნდებით იმ ძირითად ნიშნულს, რომელიც ჩვენს რეგიონში გაძლიერებას გულისხმობს. აუცილებელია ცენტრალურად მნიშვნელოვვან ქვეყნებთან თანამშრომლობა. ეს შეიძლება იყოს ისრაელი, სპარსეთის ყურის ქვეყნები, ევროკავშირის ქვეყნებ და სხვა. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, იქამდე ამ ქვეყნებათან უსაფრთხო დერეფნები შეთანხმდეს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. 

საქართველოს კონკურენტულ უპირატესობაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრიც.

"ჩვენ რამდენიმე კონკურენტული უპირატესობა გაგვაჩნია ტურიზმის მიმართულებით: პირველი, ეს არის წარმატება, რითაც ჩვენ ეპიდემიას ვუმკლავდებით და რა გამოცდილებაც ჩვენმა ტურისტულმა ინდუსტრიამ დააგროვა. მეორე უპირატესობა ეს არის იმ ტურისტული პროდუქტების არსებობა, რომელიც დღეს ყველაზე მეტად მოთხოვნადი იყო და ჩვენ ვირუსამდეც გვქონდა განვითარებული. ეს არის ღვინის ტურიზმი, სათავგადასავლო ტურიზმი, აგროტურიზმი; ეს არის ჩვენი კურორტები, რეკრეაციული ზონები და დაცული ტერიტორიები. ეს ყველაფერი დღეს ძალიან მოთხოვნადი იქნება. იმიტომ, რომ ეს პირველ რიგში, არის ისეთი ტურისტული აქტივობები, რომელიც ღია სივრცეში ტარდება და აქ ინფიცირების რისკი უფრო დაბალია. აქ ადამიანებისთვის უფრო მეტი ფსიქოლოგიური კომფორტია შექმნილი. თუნდაც, იმ თვალსაზრისით, რომ ერთ ადგილზე ბევრი ადამიანის კონცენტრაცია არ მოხდება“, – განაცხადა თურნავამ და დასძინა, რომ ასეთი ტურისტული პროდუქტების და შეთავაზებების რიცხვს დაემატება ახალი კონცეფცია, რომელიც ე.წ. უსაფრთხო ტურისტული ზონების მოწყობას შეეხება.

„საქართველოში მრავლადაა საინტერესო ადგილები, სადაც არის ძალიან მიმზიდველი ბუნება, მწვანე ადგილები და დიდი გაშლილი სივრცეები, სადაც შეიძლება, ადამიანები უფრო პრივატულ ვითარებაში ისვენებდნენ. დასახელდა რამდენიმე ლოკაცია, სადაც ეს თავისუფლად შეიძლება, მოეწყოს. იმიტომ, რომ ეს არის ცენტრიდან დაშორებული ლოკაციები. არის გაშლილი ადგილი და შესაძლებლობა, რომ სტუმრები გაშლილ ტერიტორიაზე, ადამიანების ნაკლები კონცენტრაციით, პრივატულობის უფრო დაცვით ისვენებდნენ. ვფიქრობთ, უახლოეს პერიოდში სწორედ ასეთი ტურისტული პროდუქტები იქნება მოთხოვნადი და მოდით, ჩავთვალოთ, რომ ეს არის ჩვენი ინოვაციური, ახალი ტურისტული პროდუქტი, რომელსაც ჩვენი ბუნების, ჩვენი კურორტების გამოყენებით სულ მალე ავამუშავებთ და შევთავაზებთ მსოფლიოს“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

საქართველოში ტურიზმის გახსნას BBC-ი სტატიას უძღვნის.

ცნობისთვის ზაფხულის სეზონზე სტუმრების მისაღებად აჭარის რეგიონი, ზღვის კურორტებიც, ემზადებიან. როგორც აჭარის მთავრობის მეთაური, თორნიკე რიჟვაძე, ამბობს, წლევანდელ სეზონზე ზღვის ნაპირზე სოციალურ დისტანციას გააკონტროლებენ.

შეგახსენებთ, აჭარა,შესაძლოა, მწვანე ტურზონად გამოცხადდეს.

როგორც გუშინ პრემიერმა გახარიამ განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ტურისტულ ზონებს გამოყოფს, როგორიცაა, წყალტუბო, გუდაური, საირმე, აბასთუმანი, ბორჯომი და სხვა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვილის თქმით კი, აჭარა დამატებით მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

აჭარაში, ისევე როგორც მთელს საქართველოში, სასტუმროებს უსაფრთხოების მაღალი სტანდარტები მოეთხოვებათ.

გუშინ ტურიზმის გახსნის გეგმის პრეზენტაციის მთავარი გზავნილი იყო, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული იმიჯით უნდა დაპოზიციონირდეს საერთაშორისო ტურიზმის ბაზარზე.

საქართველოში ტურიზმი სამ ეტაპად გაიხსნება.

ტურიზმში ახალი მოთხოვნები ჩნდება და მთავრობა ცდილობს ეკონომიკის ამ სეგმენტს შეუწყოს ხელი ამ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს აქვს მიღებული დავალებები, რომ საზღვრებზე უნდა გაძლიერდეს თითოეული შემომსვლელი ადამიანის კონტროლი.

გახარიას ინფორმაციით, 15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისებისმიწოდებისთვის,ხოლო პირველი ივლისიდან კი, საქართველო იქნება მზად იმისთვის, რომ მიიღოს უცხოური ტურისტები.

გუშინ ცნობილი გახდა, რომ გიდებისთვის მთავრობა ცალკე სპეციფიკურ პროგრამას ამუშავებს, რომელიც სულ მალე გასაჯაროვდება. ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გიდებისთვის შეღავათები და სპეციალური პლატფორმა ამოქმედდება.

ტურიზმის გახსნის პროგრამის პრეზენტაციაზე გაცხადდა, რომ მთავრობა საბანკო გარანტიის პროცენტს ტურისტულ კომპანიებს 6 თვე დაუსუბსიდირებს.

ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, სასტუმროების სესხების სუბსიდირებისთვის მთავრობას 60 მილიონი ლარი აქვს გამოყოფილი.

მთავრობის გადაწყვეტილებითვე, გადასახადები 6 118-მა ტურისტულ ბიზნესს გადაუვადდა.

კერძოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ტურინდუსტრიის კომპანიებს საშემოსავლო გადასახადი წლის ბოლომდე გადაუვადდებათ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ტურიზმის სექტორი სრულად გათავისუფლდა ქონების გადასახადისგან.

პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში, სარესტორნე ბიზნესის ახალ სესხებს მთავრობა 90%-ით თანაუზრუნველყოფს, ხოლო უკვე არსებული სესხების რესტრუქტურიზაციის დროს სარესტორნე ბიზნესს სახელმწიფო 30%-ის თანაუზრუნველყოფაში დაეხმარება.

მთავრობა სესხებს უსუბსიდირებს სასტუმროების ნაწილსაც.კერძოდ, ყველა სასტუმროს, რომლის წლიური ბრუნვაც 20 მილიონ ლარამდე იყო, დაუსუბსიდირებათ საბანკო სესხის პროცენტის 80%-ს სესხის პირველ 5 მილიონ ლარზე.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მარიამ ქვრივიშვლის თქმით, ტურიზმის ყველა სეგმენტისთვის მთავრობა განსხვავებულ გაიდლაინებს შეიმუშავებს.

მისივე თქმით, აჭარა მწვანე ზონად დაპოზიციონირდება.

ტურიზმის სტიმულირებისთვის, მთავრობა საავიაციო პოლიტიკას ახალ რეალობას მოარგებს.

ეკონომიკის მინისტრი ქვეყანაში უპირველესად რეგიონის ტურისტებს ელოდება, თუმცა მთავრობა ევროპელი ტურისტების მოსაზიდადაც აქტიურად იმუშავებს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე რუსეთთან რაიმე მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს, თუმცა ქვეყანა, უსაფრთხოების ზომების დაცვით, მზად არის, რუსი ტურისტებიც მიიღოს და უმასპინძლოს.

თურნავას პროგნოზით, მარტივი იქნება აღდგეს ფრენები იმ ტრადიციული მიმართულებებით, რომელიც აქამდე გვქონდა და მოლაპარაკებები როგორც ავიაკომპანიებთან, ისე ქვეყნის მთავრობებთან უკვე აქტიურად მიმდინარეობს.

შეგახსენებთ, 11 მაისიდან ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია გაიხსნება, გარდა ფეხსაცმლისა და ტანსაცმლისა.

ცნობისთვის, მთავრობა ამ დღეებში 4 სექტორის მხარდაჭერის გეგმას გაასაჯაროებს. ესაა: ტურიზმი, სოფელი, მშენებლობა და განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system