თავში

საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდებიან
საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთში ლეგალურად დასაქმდებიან

საქართველოს ლეგალურ დასაქმებაზე ხელშეკრულება საფრანგეთთანაც  გაფორმებული აქვს, რომელიც უკვე ძალაშია შესული. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომითი მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსმა, გიორგი ბუნტურმა განაცხადა. 

„ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ფრანგულ მხარესთან შესაბამისი კონსულტაციები, რომ განხორციელების ეტაპზე გადავიდეთ. შევიმუშაოთ შესაბამისი სქემა, რომლის ფარგლებშიც ჩვენს მოქალაქეებს უკვე, ასევე ლეგალურად, შეეძლებათ საფრანგეთში დროებით დასაქმება. კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს და იმედი გვაქვს, რომ წლის ბოლომდე საფრანგეთის მიმართულებაც ამოქმედდება. თუმცა, აქვე, ხაზი მინდა, გავუსვა, რომ ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ფრანგულ მხარეზე ბევრად მეტი რამ არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად დაასრულებენ ვალდებულებებს, რათა მივიდეთ სასურველ წერტილამდე, რასაც საფრანგეთში ლეგალურად დასაქმება ჰქვია. საფრანგეთის შემთხვევაში, საუბარია კვალიფიციურ სპეციალისტებზე. 50 პროფესიაა განსაზღვრული, რომელთაც შეეძლებათ საფრანგეთში დასაქმება. აქ უკვე უფრო კვალიფიციურ სპეციალისტებზეა გათვლა. მაგალითად, მოთხოვნილი პროფესიებია მომსახურების სფერო, ბარმენები, სასტუმროს სერვისი, ასევე სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები, მზარეულები და ა.შ, სხვადასხვა როგორც პროფესიული, ასევე უმაღლესი განათლების კუთხით სხვადასხვა პროფესიის ადამიანები“, – განაცხადა ბუნტურმა.

შეგახსენებთ, ლეგალუურად დასაქმების შესაძლებლობა გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებს მხოლოდ სამთვიან სეზონურ სამუშაოებზე აქვთ. გერმანიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის სეზონურ სამუშაოებზე დასაქმების მსურველთა კვოტა 10-ჯერ გაზარდა და 2021 წლის მოსავლის აღების სეზონისთვის, საქართველოდან გერმანიაში 5 000 ადამიანი შეძლებს ჩასვლას. თავდაპირველად კვოტა 500-ს შეადგენდა. გერმანიაში დასაქმების მიზნით, პირველი ნაკადი – 20 ადამიანი საქართველოდან ხვალ გაემგზავრება

მსგავსი პროგრამა ქართველებისთვის აამოქმედა ისრაელმაც. ისრაელის სახელმწიფოსა და საქართველოს მთავრობას შორის დადებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს მოქალაქეები ისრაელის სახელმწიფოში ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში დამხმარე მუშაკის პოზიციაზე დასაქმებას შეძლებენ.

დასაქმების ხანგრძლივობა: 1 წელია (ისრაელში ჩასული დასაქმებული მიიღებს ერთწლიან ვიზას, რომლის მოქმედების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ყოველწლიურად, მაქსიმუმ 5 წლის განმავლობაში). კანდიდატს უნდა ესმოდეს და ეთანხმებოდეს, რომ აუცილებლად უნდა დატოვოს ისრაელი სამუშაო ვიზის ვადის გასვლის შემდეგ. ასევე აცნობიერებდეს, რომ იგი ვერ შეძლებს მომავალში ისრაელში მუშაობას. სამუშაო ადგილების კვოტა: 2021 წლის განმავლობაში, დაგეგმილია 1000 საქართველოს მოქალაქის დასაქმება ისრაელში. ისრაელში დასაქმებულებს მოუწევთ კვირაში 6 სამუშაო დღე, კვირაში 42 საათი მუშაობა. შესაძლებელია ზეგანაკვეთური მუშაობა (კვირაში დამატებით 16 საათი ან მეტი), რომელიც ანაზღაურდება გაზრდილი ტარიფით. თვის დარიცხული ხელფასი კვირაში 42 საათიანი სამუშაო გრაფიკით, შეადგენს 5300 შეკელს. საქართველოს მოქალაქეების ისრაელში ლეგალურ დასაქმებაზე რეგისტრაცია 12 აპრილს დაიწყო.



ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system