თავში

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს

საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს

"ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს, კორონავირუსის გავრცელების შედეგად გამოწვეული ეკონომიკური ზარალის მინიმალიზაციისა და ბიზნეს სექტორის მხარდაჭერის თაობაზე.

წინადადებები შემუშავებულია ბიზნეს საბჭოს წევრი კომპანიების მიერ მოწოდებული მოსაზრებების საფუძველზე. 

დოკუმენტი "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭომ" განიხილა აუდიტორულ და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-სთან.

ბიზნესსაბჭოს რეკომენდაციით, ეროვნულმა ბანკმა, პრემიერ მინისტრთან და მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, წარმოადგინოს ეროვნული ვალუტის გამყარების/დასტაბილურების უსწრაფესი, 3 თვიანი გეგმა. 

ეკონომიკური კოლაფსის თავიდან აცილების მიზნით, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს საგადასახადო მიმართულების რეკომებდაციები შემდეგში მდგომარეობს: 

1. ექვსი თვის განმავლობაში საშემოსავალო გადასახადის შემცირება 50 პროცენტით;  

2.კრიზისით დაზარალებული კომპანიებისთვის დღგ-ს გადახდის გადავადება 6 თვით;  

3.დღგ-ის გადახდა მხოლოდ მიღებული ქეშის ნაწილში, ანუ თუ ანაზღაურება არ არის მიღებული მაშინ დღგ-ს არ იხდის გადამხდელი ბიუჯეტში;  

4.შეღავათების შემოღება (ქონების გადასახადი და დღგ) ბიზნესის მიერ კომერციულ და საოფისე ფართების გაქირავებით მიღებულ შემოსავალზე.  

5.საგადასახადო შეღავათები იმ ფონდებსა და დონაციებზე, რაც კოვიდ 19-ის წინააღმდეგ არის მიმართული ფულადი თუ არაფულადი ფორმით; 

6. იმპორტისას ჩასათვლელი დღგ-ს არგადახდევინება დღგ-ს გადამხდელებისთვის, ხოლო არგადამხდელებისთვის გადახდის გადავადება წლის ბოლომდე. 

ბიზნესსაბჭოს რეკომენდაციით, ეკონომიკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია გაიზარდოს ფულად სახსრებზე ხელმისაწვდომობა.

ამისთვის კი ორგანიზაცია მთავრობას სთავაზობს უზრუნველყოს იაფი სესხები ლარში ვირუსით  დაზარალებული ბიზნესებისთვის. ბიზნესსაბჭოში ფიქრობენ, რომ სასწრაფოდ გასაუქმებელია ეროვნული ბანკის მიერ სესხის აღებაზე შეზღუდვები, რათა კომერციულმა ბანკებმა თავად გადაწყვიტონ გაცემული თანხის ოდენობა და ვალუტის სახეობა. მათივე განმარტებით,  უნდა დაწესდეს სესხის წლიური საპოცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი. მათივე რეკომენდაციით, უნდა გაიმართოს კერძო საბანკო სექტორთან მოლაპარაკებათა მეორე რაუნდი, სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ესეთ არაორდინალურ ვითარებაში საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალურად დაწევის მიზნით. ბიზნესსაბჭო ასევე ურჩევს მთავრობას, სთხოვოს ბანკებს საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, სესხის რესტრუქტურიზაციით გადავადებულ თანხებზე პროცენტის დარიცხვის შეჩერება.

"საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭო" ბიზნესისთვის კომუნალური გადასახადების გადავადების აუცილებლობაზეც ამახვილებს ყურადღებას და საჭიროდ მიიჩნევს მთავრობამ სთხოვოს კომუნალური მომსახურების კომპანიებს (ენერგო პრო, თელასი, თბილისი ენერჯი, GWP და ამ სფეროში საქართველოში მოქმედი სხვა კომპანიები) კორონავირუსით დაზარალებულ ბიზნესს შესთავაზოს თანხის გადავადების გონივრული სქემა.

ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ მთავრობამ მათ, ვინც კორონავირუსის გამო დაკარგა სამუშაო ან იმყოფება უხელფასო შვებულებაში, 6 თვის განმავლობაში საშუალო ხელფასის 50 %-ი უნდა გადაუხადოს.

"საპენსიო ანარიცხები უნდა გაუქმება წლის ბოლომდე.  ასევე დაზარალებული კომპანიებისათვის, განსაკუთრებით მცირე საწარმოებისათვის, სახელმწიფოს მიერ ფინანსური გრანტების უნდა გაიცეს 10 000 ლ., 20 000 ლ. ან 30 000 ლარის ოდენობით. აუცილებელია ბიზნეს კომპანიებთან შეთანხმება, საგადასახადო შეღავათების და/ან გრანტების სანაცვლოდ, აიღონ ვალდებულება თანამშრომელთა არ დათხოვნისა და ხელფასების შენარჩუნებაზე. მაგალითად საშემოსავლო გადასახადის გადავადება 6 თვით და ლუდზე აქციზის 12 თეთრიდან 8 თეთრამდე დაყვანა, შესაძლოა იყოს ლუდის წარმოებისათვის მოკლევადიანი გამოსავალი იმ დათქმით, რომ კომპანიები არ მოახდენენ თანამშრომელთა დათხოვნას," - ნათქვამია საქართველო-ევროკავშირის ბიზნესსაბჭოს მიერ შემუშავებულ დოკუმენტში, სადაც ასევე ყურადღებაა გამახვილებული სადაზღვევო სექტორის მხარდაჭერის აუცილებლობაზე.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზედამხედველო მოთხოვნები უნდა გამარტივდეს, რათა კომპანიებს არ შეექმნათ ოპერირების გამოწვევები და მიეცეთ მოქმედების მეტი არეალი დაზღვეულთა მომსახურებისთვის. 

"მაგალითად: სუბორდინირებული სესხის მოქნილი პირობები კაპიტალის დაანგარიშებისას, შემსუბუქებული კოეფიციენტები კონკრეტული სადაზღვევო სახეობების მიმართ და ა.შ.  

1%-იანი საზედამხედველო მოსაკრებელი - მისი შემცირება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ეფექტური ფუნქციონირების საჭირობების ფარგლებში, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა უკვე სახეზეა ტურიზმთან და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების მფლობელების მესამე პირების მიმართ პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის მკვეთრი შემცირების პირობებში. სადაზღვევო კომპანიების უმრავლესობისთვის აღნიშნული გადასახადი წმინდა მოგების 50% ან მეტია. 

ესტონური მოდელი - არსებული გამოწვევების პირობებში მიყენებული ზარალის შესამსუბუქებლად სადაზღვევო კომპანიებზე მოგების გადასახადის ესტონური მოდელის გავრცელება.

საგადასახადო შეღავათები - ჯანმრთელობის დაზღვევის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლება," - ასეთია ბიზნესსაბჭოს სადაზღვეო სექტორისადმი მხარდაჭერის ხედვა.

ორგანიზაცია სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირების აუცილებლობაზეც საუბრობ.

"არსებული რეალობიდან გამომდინარე, მთავრობამ უნდა მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება და წარმოადგინოს შესაბამისი მუხლების მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირება (სამივლინებო, წარმომადგნელობითი და საწვავის ხარჯები, სამთავრობო ავტოპარკის შენახვა, პრემია-დანატამების მინიმუმამდე დაწევა), რათა გამონთავისუფლებული თანხები მიმართულ იქნას ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია აქტიური მუშაობა დონორებთან, თანხების მოზიდვები, რათა ბიუჯეტი კრიზისულ ვითარებაში არ შევიდეს," - ვკითხულობთ დოკუმენტში.

შეგახსენებთ, "ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო" საქართველოს მთავრობას ამ ყველაფრის გაკეთებას ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის პარალელურად ურჩევს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system