თავში

საქართველოს საბანკო ასოციაცია: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საბანკო სექტორს დაარტყამს

საქართველოს საბანკო ასოციაცია
საქართველოს საბანკო ასოციაცია: რეფინანსირების განაკვეთის ზრდა საბანკო სექტორს დაარტყამს

საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის 0.5 პროცენტული პუნქტით გამკაცრება ლარის გაცვლით კურსზე დადებით გავლენას მოახდენს, თუმცა ამასთანავე, ძნელაძე ამბობს, რომ თავად საბანკო სექტორისთვის რეფინანსირების განაკვეთის ზრდა “დადებით ფაქტორს არ წარმოადგენს.”

“აღნიშნულ გამკაცრებას სიხარულით, რა თქმა უნდა, ვერ შევხვდებოდით, არ არის კარგი ფაქტორი, მაგრამ მიზეზები ახსნა ეროვნულმა ბანკმა და არგუმენტაცია გააკეთა თუ რატომ გამკაცრდა პოლიტიკა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს იმოქმედებს როგორც საკრედიტო პორტფელის ზრდაზე, საპროცენტო განაკვეთის ზრდაზე, კონკრეტულ ადამიანებს, ვისაც რეფინანსირებაზე აქვთ მიბმული სესხები მათთვის გაძვირდება მომსახურება. იმედი მაქვს, რომ არ იმოქმედებს ეკონომიკური აქტივობის შენელებაზე. იმედი გვაქვს, რომ ეს დადებითად იმოქმედებს კურსზე, - ამბობს ძნელაძე.

სებ-მა რეფინანსების განაკვეთი 0.5%-ით, 7%-მდე 4 აგვისტოს გამართული მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გაზარდა. კომიტეტი აღნიშნავს, რომ ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის გაუფასურებამ ქვეყანაში ინფლაციური მოლოდინების გაძლიერება გამოიწვევდა, რის საპასუხოდაც, სხდომაზე რეფინანსირების ზრდას დაუჭირეს მხარი.

“ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის არსებული გაუფასურება ინფლაციურ მოლოდინებს აძლიერებს. როგორც მონეტარული პოლიტიკის გასული სხდომის გადაწყვეტილებაში იყო აღნიშნული, გაცვლითი კურსის გაუფასურებიდან ინფლაციაზე ზეწოლის გაგრძელების შემთხვევაში, კომიტეტი განიხილავდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება პოლიტიკის განაკვეთის 0.5 პროცენტული პუნქტით გაზრდის შესახებ. ამასთან, კომიტეტი მზად არის, ინფლაციაზე გაცვლითი კურსიდან მომდინარე ზეწოლის შესუსტებამდე გააგრძელოს პოლიტიკის გამკაცრება.

წინასწარი ინდიკატორები ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებაზე მიუთითებს, თუმცა ერთობლივი მოთხოვნა კვლავ პოტენციურ დონეს ქვემოთ ნარჩუნდება, რაც გაცვლითი კურსიდან ინფლაციაზე მომდინარე ზეწოლას ნაწილობრივ ანეიტრალებს. პროგნოზის მიხედვით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წელს მიზნობრივი დონის ზემოთ დარჩება, მომავალი წლის მარტიდან შემცირებას დაიწყებს, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნდება,” - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system