თავში

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლარში გარიგებები შეწყდა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლარში გარიგებები შეწყდა
საქართველოს საფონდო ბირჟაზე ლარში გარიგებები შეწყდა

საქართველოს საფონდო ბირჟაზე 2 თვეზე მეტია, რაც სავაჭრო სესიებზე გარიგება არ განხორციელებულა. საქართველოს საფონდო ბირჟის მონაცემებით, 2021 წლის განმავლობაში სავაჭრო სესიებზე სულ  2,453 ლარის 8 საბირჟო გარიგება შედგა. ბოლო გარიგებით 23 თებერვალს "ლიბერთი ბანკის" 366 ლარის ღირებულების აქციები გაიყიდა.

ამ ეტაპზე ბირჟაზე სულ 28 კომპანიის ფასიანი ქაღალდები არის დაშვებული, მათი ჯამური მოცულობა კი 2.38 მილიარდი ლარია. მარტი და აპრილი ბირჟაზე პასიური თვეებია. 

ცნობისთვის, სსბ-ის ელექტრონული სავაჭრო სისტემა ბროკერებს ათასობით სხვადასხვა აქციით ვაჭრობის შესაძლებლობას აძლევს სამუშაო ადგილებიდან, რომლებიც განლაგებულია როგორც სსბ-ის სავაჭრო დარბაზში, ასევე საბროკერო კომპანიათა ოფისებში - დისტანციური წვდომის ტერმინალების დახმარებით.

საქართველოს საფონდო ბირჟა (სსბ) არის ერთადერთი მოქმედი ორგანიზებული ფასიანი ქაღალდების ბაზარი საქართველოში, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ჩამოყალიბდა და ფუნქციონირებს ამერიკელი ექსპერტების დახმარებით შემუშავებულ საკანონმდებლო ჩარჩოებში. სსბ აკმაყოფილებს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის საერთაშორისოდ დამკვიდრებული პრაქტიკის ყველა საბაზისო მოთხოვნას.ჩვენ ვთავაზობთ ეფექტურ საინვესტიციო მექანიზმს როგორც ადგილობრივ, ასევე უცხოელ ინვესტორებს.

2019 წლის ბოლოს საქართველოს საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში დაშვებული იყო 35 ემიტენტის ფასიანი ქაღალდი. ამავე პერიოდში სავაჭრო სესიებზე და ბირჟაზე დაფიქსირებულ გარიგებათა საერთო ღირებულებამ 109.19 მლნ ლარი შეადგინა (815.96 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდი). აქედან, ბირჟის სავაჭრო სესიაზე დაიდო 0.05 მლნ ლარის გარიგება, ხოლო ბირჟაზე დაფიქსირებული გარიგებების ღირებულებამ 109.14 მლნ ლარი შეადგინა.

დაფიქსირებულ გარიგებებში, გარდა საბროკერო კომპანიების მიერ განხორციელებული ტრანზაქციებისა, შესულია 2019 წლის განმავლობაში რეგისტრატორების მიერ განხორციელებული 5 გარიგება 100,824 ცალ ფასიან ქაღალდზე. გარიგებების საერთო ღირებულებამ 9.2 მლნ ლარი შეადგინა.

ეროვნული ბანკის (სებ-ის) ინფორმაციით, ცენტრალური დეპოზიტარი 2019 წელს ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებული იყო 721.6 მლნ ფასიანი ქაღალდი და 0.96 მლნ ლარი. აქედან, ფულადი დეპონირების ტრანზაქციების 57 პროცენტი და საერთო თანხის 90 პროცენტი განხორციელდა სს „საქართველოს ბანკის“ მონაწილეობით.

წინა წლის ანალოგიურ მონაცემთან შედარებით, ცენტრალურ დეპოზიტარში დეპონირებულ ფასიან ქაღალდებზე ტრანზაქციების რაოდენობა შემცირებულია 18.6 პროცენტით, ხოლო რაოდენობა გაზრდილია 719.3 მლნ ცალი ფასიანი ქაღალდით. აღნიშნული ზრდის მიზეზი, ეროვნული ბანკის განმარტებით, იყო ერთჯერადი დეპონირების ოპერაცია ერთ-ერთი ემიტენტის ფასიან ქაღალდებზე, რომლის წილიც დეპონირებული ფასიანი ქაღალდების რაოდენობის 99 პროცენტს შეადგენს.

სებ-ის მონეცემებით, საანგარიშო წელს ცენტრალურ დეპოზიტარში ფულადი სახსრების ბრუნვა 0.11 მლნ ლარით გაიზარდა. რაც შეეხება ფულადი სახსრების ტრანზაქციების რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელიც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 59 პროცენტით შემცირდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system