თავში

საქართველოს სოფლად ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან

საქართველოს სოფლად ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან
საქართველოს სოფლად ბიზნესის განვითარებაში ეხმარებიან

სოფლის განვითარების ხელშეწყობა და სოფლად ეკონომიკური საქმიანობის გაძლიერება საქართველოში ევროკავშირის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. COVID-19-ის პანდემიის პირობებში, სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ადგილობრივი ბიზნესის მხარდაჭერამ განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. საზღვრების ჩაკეტვა, ბაზრების დახურვა და ეკონომიკური საქმიანობის შეფერხება სოფლად მცხოვრებ მოწყვლად მოსახლეობაზე განსაკუთრებით მძიმედ აისახა. ვირუსის გავრცელებამ საფრთხე შეუქმნა როგორც ადამიანების ჯანმრთელობას, ისე მათ ეკონომიკურ საქმიანობასა და შემოსავლებს.

ამის შესახებ report.ge-ს ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობიდან აცნობეს. 

ორგანიზაციის განმარტებით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) მათ მიმდინარე საქმიანობას გადახედეს და პროექტების განხორციელება პანდემიის დროს წარმოქმნილ საჭიროებებს მოარგეს. სოფლად მცირე ბიზნესის ხელშეწყობისა და სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნისა მიზნით, მათ ერთობლივი საგრანტო პროგრამის განხორციელება დაიწყეს, რომლის საერთო ბიუჯეტი 9 მილიონი ლარია. 

პროგრამაში ასევე ჩართულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტო (RDA).

როგორც UNDP-ის პროექტის მენეჯერი, ნოდარ კერესელიძე გვიყვება, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III-ის პროგრამის ფარგლებში, UNDP მიმდინარე წლის მაისიდან ახორციელებს საგრანტო პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების დივერსიფიცირებასა და გაძლიერებას, სამუშაო ადგილების შექმნას, სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ენერგო ეფექტური და განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიების დანერგვას. პროგრამის მიზანია, ადამიანების საარსებოს წყაროს გადარჩენა, რომელსაც პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა და კარანტინის პირობებში საფრთხე შეექმნა.

„კორონავირუსის პანდემიის პირობებში მსგავსი ტიპის საგრანტო პროგრამები განსაკუთრებულმ ნიშვნელობას იძენს, ვინაიდან სწორედ სოფლად არსებულ ბიზნესებს,მათ შორის, ტურიზმის სექტორში ჩართულ მეწარმეებს, განსაკუთრებით მძიმედ შეეხოთ პანდემიით გამოწვეული სირთულეები. შესაბამისად, საგრანტო პროგრამა,რომელიც 80%-მდე თანადაფინანსებას გულისხმობს,მნიშვნელოვანი წამახალისებელი ფაქტორია სოფლად არსებული ბიზნესებისთვის, რათა პანდემიურ და პოსტ–პანდემიურ პერიოდში შეძლონ არსებობა, შეინარჩუნონ წარმოება, სამუშაო ადგილები და სამომავლოდ გაფართოვდნენ კიდეც," - ამბობს კერესელიძე. 

ევროკავშირმა პანდემიის დაწყებიდან ყველა შესაძლო რესურსის მობილიზება მოახდინა, რათა ქვეყანას არსებული კრიზისი ეფექტიანად დაეძლია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სოფლად ეკონომიკის დივერსიფიცირება და არაფერმერული ბიზნესის განვითარებაა. ამ დროისთვის, ევროკავშირისა და UNDP-ის საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიღებული 347 განაცხადიდან 31 დამტკიცდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system