თავში

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება

საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება
საქართველოს ტურიზმის აღდგენის გეგმა მუშავდება

ტურიზმის აღდგენის გეგმასთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა. როგორც report.ge-ს  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაში განუმარტეს, ტურიზმის აღდგენის გეგმა USAID -ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის დახმარებით შემუშავდება.

პროცესში ჩაერთვებიან საერთაშორისო სპეციალისტები და ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები. გეგმა ტურიზმის სტრატეგიის ადაპტირების, არსებული გამოწვევების დაძლევის და ინდუსტრიის ეფექტიანი აღდგენის მიმართულებით შემუშავდება.

ცნობისთვის, უკვე მომზადდა ტურიზმის მარკეტინგული სტრატეგია, რომლის ძირითადი ხაზი უსაფრთხოდ მოგზაურობის შეთავაზებაა. “იმოგზაურე უსაფრთხოდ” - ესაა ძირითადი სლოგანი, რითაც პანდემიურ რეალობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზტულ ბაზრებზე პოზიციონირება მოუწევს. საქართველო პოსპანდემიური ტურიზმის სტანდარტების დანერგვაზეც  მუშაობს.

ცნობისთვის, პანდემიურმა კრიზისმა ყველაზე მეტად ტურისტული ინდუსტრია დააზარალა. ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა ტურიზმის განახლებული მარკეტინგის სტრატეგიაზე დიდ იმედს ამყარებს და დარწმუნებულია, რომ ქვეყანაში ტურიზმი ძალიან სწრაფად აღდგება. იმის გამო, რომ ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკის მთავარი კონტრიბუტორი ტურიზმის სექტორი იყო, ექსპერტები მთავრობას უპირველესად ამ სექტორის სწარფ აღდგენაზე ძალისხმევის გააქტიურებას ურჩევენ.

ტურინდუსტრია ქვეყნის მწვანე სტატუსის აღდგენას ითხოვს., თუმცა ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, პროფესორი, მანანა ალადაშვილი, ფიქრობს, რომ ტურისტული ინდუსტრიის დიდი მონდომების მიუხედავად, ქვეყანა ,,მწვანე სტატუსის" მისაღებად ჯერჯერობით მზად არ არის. მისი განმარტებით, ამ სტატუსის აღსადგენად, გარდა ვაქცინაციის პროცესისა, მნიშვნელოვანია მარკეტინგული ღონისძიებების გააქტიურება, რა მიმართულებითაც ქვეყანა ჯერ კიდევ პასიურია. მთავრობას ზაფხულის ტურიზმისთვის სამზადისს ურჩევენ.

შეგახსენებთ, საქართველომ ვაქცინირებული ტურისტებისთვის საზღვერი გახსნა.

ტურიზმის შესახებ საქართველო კანონს უკვე მესამედ იღებს. ახალი კანონმდებლობაზე მუშაობა უკვე დაიწყო.

მსოფლიო ტურიზმი პრიორიტეტად აგროტურიზმს ასახელებს, თუმცა პარლამენტმა „აგროტურიზმის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტის განხილვა შეწყვიტა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა ეს იმით ახსნა, რომ ქვეყანა მუშაობს ტურიზმის შესახებ კანონზე, რომელშიც აგროტურიზმიც შევა.

სოფლებს პანდემიური ტურიზმის განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ტურიზმის საერთაშორისო ექსპერტების შეფასებით, ტურინდუსტრიაში წამყვანი როლი აგროტურიზმმა უნდა შეასრულოს. აგროტურიზმის განვითარებისთვის ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია სპეციალური აკადემიას ქმნის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system