თავში

საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

​საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა 
საქართველოსა და სლოვენიის პრემიერ-მინისტრებმა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში სლოვენიელ კოლეგას, მარიან შარეცს შეხვდა.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებას. მთავრობის მეთაურმა სლოვენიის პრემიერს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე ისაუბრეს, რომელიც 2020 წლის ივნისში ბრიუსელში გაიმართება.

საუბარი შეეხო იმ გეგმებს, რომლებიც შეიძლება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის დაისახოს. მხარეების შეფასებით, 10 წლის შემდგომ აღმოსავლეთ პარტნიორობაში გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია, თუმცა არსებობს ახალი შესაძლებლობები, რომლებიც ნათლად უნდა ჩამოყალიბდეს და როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ სახელმწიფოებს, ასევე ევროკავშირს უნდა ჰქონდეთ ნათელი წარმოდგენა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებზე.

პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს ტურიზმის სფეროში თანამშრომლობაზე და ამ კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე. მხარეების შეფასებით, არსებული ეკონომიკური ურთიერთობები იძლევა საშუალებას, მეტად განვითარდეს ვაჭრობა და ხელი შეეწყოს ახალი ბიზნესკონტაქტების დამყარებას.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system