თავში

საქართველოში დიზელის იმპორტის 38%-ი აზერბაიჯანულია

საქართველოში დიზელის იმპორტის 38%-ი აზერბაიჯანულია
საქართველოში დიზელის იმპორტის 38%-ი აზერბაიჯანულია

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 419,4 ათასი ტონა, 43,4 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (376,0 ათასი ტონა) შედარებით. 

იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 159,3 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 38%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 99,5 ათასი ტონა (23,7%), რუმინეთი - 56 ათასი ტონა (13,3%), თურქმენეთი - 55,9 ათასი ტონა (13,3%), და სხვ. 

ბინზესგაერთიანება განმარტავს, რომ მომავალი წლიდან შესაძლებელია მოხდეს ზემოაღნიშნული იმპორტის სტატისტიკის კორექტირება ქვეყნების მიხედვით. ცნობილია, 2021 წლის 1 იანვრიდან ძალაში შედის მთავრობის დადგენილება, რომლის მიხედვითაც მკაცრდება დიზელის საწვავის ხარისხობრივი და ეკოლოგიური მახასიათებლები და ის გაუთანაბრდება ევრო 5-ის შესაბამისი სტანდარტის საწვავს. 

ამ ეტაპზე საქართველოში ხდება როგორც ევრო 4, ასევე ევრო 5-ის სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. კერძოდ, აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ხორციელდება ევრო 4 სტანდარტის შესაბამისი დიზელის საწვავის იმპორტი. 

ბიზნესგაერთიანების განმარტებით, თუ 2021 წლიდან ამოქმედდება დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, აზერბაიჯანიდან დიზელის იმპორტი შეწყდება. შედეგად, შიდაბაზარზე იაფი დიზელი ვერარ შემოვა. იაფი ალტერნატივის არარსებობის გამო კი დიზელი კიდევ უფრო გაძვირდება.

"რაც შეეხება აზერბაიჯანული საწვავის მნიშვნელოვანი წილით წარმოდგენას საქართველოს ბაზარზე, განპირობებულია იმით, რომ ის არის 10-15 თეთრით იაფი და ასევე, საქართველოში დიზელის საწვავზე მომუშავე ავტოპარკის დაახლოებით 86% შეადგენს 10 წელზე მეტი ასაკის ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელთა ძრავის მუშაობის პარამეტრიდან გამომდინარე, აზერბაიჯანული დიზელის საწვავის ხარისხი მათ სრულებით აკმაყოფილებს. შესაბამისად, დღის წესრიგში დგება მთავრობის ახალი დადგენილების 1 წლით გადავადების საკითხი, რაც ავტომატურად გამოიწვევს იმას, რომ ბაზარზე კვლავინდებურად იქნება წარმოდგენილი მომავალ წელსაც საქართველოს საიმედო სტრატეგიული პარტნიორის პროდუქტი," - განმარტავს ბიზნესგაერთიანება.

მათივე მტკიცებით, იაფი დიზელის არსებობა ბაზარზე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგნა ის, როგორც წესი გამოიყენება იმ პირთა მიერ, რომლებიც მონაწილეობენ ეკონომიკურ საქმიანობაში. კერძოდ, გადაზიდვები, დისტრიბუცია, მშენებლობა, ენერგეტიკა. მათ შორის, სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები და სხვ. 

"შესაბამისად, მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ წვდომა შედარებით იაფ პროდუქტზე, მით უმეტეს მიმდინარე ეტაპზე, როდესაც პანდემიიდან გამომდინარე ფიქსირდება ქვეყანაში ეკონომიკის ვარდნა“, - განმარტავენ ბიზნესგაერთიანებაში.

ცნობისთვის, დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება ერთხელ უკვე გადავადდა. ის 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. რეგულაციის გადავადება ბიზნესგაერთიანებებმა მაშინაც აზერბაიჯანული დიზელის შეზღუდვის პრევენციის მიზნით მოითხოვეს.

შეგახსენებთ, საქართველოში აზერბაიჯანიდან საწვავი, ძირითადად, "სოკარს" შემოაქვს. ის ფერმერებს დიზელს შეღავათიან ფასში აწვდის. კომპანია აგროდიზელის პროგრამით კმაყოფილია. "სოკარი" ფერმერებს სპეც.პირობებს სთავაზობს და ამისთვის ბიუჯეტის ფული არ იხარჯება. "სოკარის" ბენზინგასამართ სადგურებზე ფერმერებისთვის სპეციალური წესები მოქმედებს.

ბოლო მონაცემებით, აგროდიზელზე ფერმერებმა 4,3 მლნ ლარამდე დაზოგეს.

როგორ აღმოჩნდა "სოკარი" აგროდიზელის პროგრამაში, სოფლის მეურნეობის მინისტრმა განმარტა. ლევან დავითაშვილის თქმით, სამინისტროს გამოცხადებულ ღია კონკურსში "სოკარმა" საუკეთესო პირობები დადო, რის გამოც სამინისტრომ მისი პროგრამაში ჩართვა გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system