თავში

საქართველოში ფეიჰოას წარმოება დაბალ დონეზეა

საქართველოში ფეიჰოას წარმოება დაბალ დონეზეა
საქართველოში ფეიჰოას წარმოება დაბალ დონეზეა

ფერმერების ინფორმაციით, ფეიჰოაზე მოთხოვნა მატულობს, თუმცა, გაზრდილ მოთხოვნას ადგილობრივი წარმოება ვერ პასუხობს. ქვეყანაში ფეიჰოას წარმოება ჯერ კიდევ დაბალ დონეზეა. 

მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთ საქართველოში ფეიჰოას მოსავლიანობას არ უჩივიან, ამბობენ, რომ შარშანდელთან შედარებით, ნაკლები პროდუქტი მიიღეს, რაც უამინდობამ განაპირობა. გარდა ამისა, გაზრდილია ფასი, თუკი შარშან 1 კგ. ფეიხოას ფასი 1,50-3 ლარამდე მერყეობდა, წელს 3-4 ლარის ფარგლებშია.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი მეწარმეებს აძლევს რჩევას, როგორ ხდება საქრთველოს კლიმატურ და ნიადაგურ პირობებში ფეიჰოას ვეგეტატიური გამრავლება.

მეცნიერთა თქმით, ფეიჰოას მაღალმოსავლიანი ერთგვაროვანი პლანტაციების მისაღებად მიმართავენ ვეგეტატიურ გამრავლებას მწვანე კალმების დაფესვიანებით. კალმებს იღებენ მხოლოდ ახალგაზრდა, წინასწარ აპრობირებული სადედე ხეებიდან, რომლებიც ხასიათდებიან რეგულარული მსხმოიარობით და მაღალხარისხოვანი მოსავლით.

"კალმების აჭრის ოპტიმალური ვადა 15 აგვისტოდან 15 სექტემბრამდეა. კალმებს ჭრიან 8-10 სმ. სიგრძის 5-6 მმ. სიმსხოს 2 ზედა ფოთლით. დაკალმება წარმოებს ორანჟერიებში ან კვალსათბურებში. სუბსტრატად ვარგისია წითელმიწა ნიადაგისა და ფრეზირებული ტორფის ნარევი 3:1 თან შეფარდებით. კვალსათბურებზე და სტელაჟებზე ეწყობა კარკასები კალმების გადასახურავად. გადასახურად უმჯობესია რძისებრი პოლიეთილენის ფირი. დაკალმება ხდება რიგთაშორის 10სმ. ხოლო რიგში კალმებს შორის 4-5 სმ. დაშორებით, 3-4 სმ. სიღრმეზე. მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში პოლიეთილენის ფირს ზემოდან ეფარება დოლბანდი, ან სხვა თეთრი ფერის მაჩრდილობელი ქსოვილი. კალმების მაღალი დაფესვიანების მიზნით ხშირად გამოიყენება ზრდის-სტიმულიატორების დაბალკონცენტრიანი ხსნარები, რომელშიც დაკალმებამდე კონებად შეკრული დაჭრილი კალმები თავსდება ქვედა ფუძით 24 საათის განმავლობაში. დაფესვიანების ოპტიმალურ ტემპერატურას წარმოადგენს : გრუნტში 20-22°C, კარკასის შიგნით ჰაერში 23-24°C," - განმარტავენ აგროკონსულტანტები. მათივე რჩევით, მორწყვა ტარდება პულივიზატორით, ფოთლების შენამვამდე. დაუშვებელია კალმების ჭარბი მორწყვა, ასევე დაუშვებელია ნიადაგის სუბსტრატის გამოშრობა.ფეიჰოა ძნელად დასაფესვიანებელ მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება, თუმცა იდეალური პირობებისა და სტიმულიატორების გამოყენების ფონზე გახარება - დაფესვიანება 50-60%-ის ფარგლებში მერყეობს. თუ კი საამისო პირობები არსებობს ფეიჰოას კალმების დაფესვიანება შესაძლებელია მოხდეს არა მხოლოდ უშუალოდ გრუნტში, არამედ წინასწარ სუბსტრატით შემზადებულ პოლიეთილენის პარკებში, რომელშიდაც მოვლისა და ნერგების გაზრდის პროცედურები გაიოლებულია.მეორე წლის შემოდგომაზე ფეიჰოას დაფესვიანებული ნერგი აღწევს 35-45 სმ. სიმაღლეს და ვარგისია მუდმივ ადგილზე დასარგავად.შეგახსენებთ, ფერმერები აღნიშნავენ, რომ საქართველოში ფეიხო შეიძლება მომგებიანი ბიზნესად იქცეს, თუკი მაღალი ხარისხის ხილის წარმოებას შეძლებენ. ამისთვის კი მნიშვნელოვანია სარწყავი სისტემა და გადამამუშავებელი მეურნეობები, რაც პროდუქტის სწორად შენახვის საშუალებას იძლევა.

ფერმერები ერთ-ერთ სარფიან საქმედ ფეიხოას არყის წარმოებას მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მაღალი ფასის გამო შესაძლებელია, წარმოება ამ მიმართულებით განვითარდეს, რის პოტენციალიც დასავლეთ საქართველოში დიდია.

ფეიხოას კარგი მოსავალია ოკუპირებულ აფხაზეთშიც, თუმცა, როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქედან უმნიშვნელო მოგება აქვთ, რადგან პროდუქტი საზღვარზე ვერ გადააქვთ, ხოლო აფხაზი გადამყიდველები იაფად შეძენილ ქართულ ხილს რუსულ ბაზრებზე მაღალი მოგებით ჰყიდიან.

რაც შეეხება ფეიხოას წარმოებას საქართველოში, ,,სტატისტიკის ეროვნული სამსახურის" მონაცემით, შარშან ფეიხოას მოსავალმა 1,5 ათასი ტონა შეადგინა, აქედან 362 ტონა ექსპორტირებულია, რაც მთლიანი წარმოების დაახლოებით, 24% -ია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system