თავში

საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება

​საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება
საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობა მკაცრდება

საქართველოში ფულის გათეთრების შესახებ კანონმდებლობის გამკაცრება იგეგმება. საკანონმდებლო ორგანოს მთვარობამ კანონპროექტი უკვე წარუდგნა. 

ახალი კანონის პროექტით ახლებურადაა განსაზღვრული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს სანქციათა კომიტეტის მიერ სანქცირებულ პირების საქართველოში სანქცირების პროცესი.

დღეს მოქმედი კანონმდებლობა საკანონმდებლო კონტროლს ითვალისწინებს და გადაწყვეტილებების მიღება სასამართლოს გავლით ხდება.იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი კანონპროექტით, სასამართლო ზედამხედველობის ფუნქცია კანონიდან ამოვა და გაეროს უშიშროების კომიტეტის მიერ განსაზღვრულ პირთა სანქცირება ავტომატურად, 48-საათიან ვადაში მოხდება.  ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეიცვლება წესები, რომლითაც სიაში შესული პირების ქონების დაყადაღება მოხდება.

კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილება სრულ თანხვედრაშია  MONEYVAL-ის მიერ 2019 წელს გაკეთებულ რეკომენდაციასთან.

სანქცირების სისტემიდან ამოდის საბანკო ზედამხედველობის კომპონენტიც. მიზეზი კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია ახსნილი:

"წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტი მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსების და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენის და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების ეფექტიანი და სწრაფი მოდელის დანერგვას. აქვე გასათვალისწინებელია, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციები გაეროს წესდების VII თავით არის მიღებული, ემსახურება მსოფლიო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებასა და დაცვას და შესასრულებლად სავალდებულოა ყველა სახელმწიფოსთვის.

ზემოაღნიშნულზე პირდაპირ მიუთითებს გაეროს წესდების 103-ე მუხლის დანაწესი („იმ შემთხვევაში, როდესაც ორგანიზაციის წევრების ვალდებულებანი წინამდებარე წესდების თანახმად წინააღმდეგობაში აღმოჩნდებიან მათ ვალდებულებებთან სხვა რომელიმე საერთაშორისო შეთანხმების თანახმად, უპირატესი ძალა აქვთ წინამდებარე წესდებაში აღნიშნულ ვალდებულებებს”), რომლის თანახმად, წესდებით ნაკისრი ვალდებულებები, როდესაც მათი შესრულება ემსახურება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დაცვისა და შენარჩუნების მიზანს, გადაწონის სახელმწიფოს მიერ სხვა საერთაშორისო შეთანხმებებით ნაკისრ ვალდებულებებს.

ზემოთ მითითებული რეზოლუციების „დაუყოვნებლივ შესრულება“ სწორედ საერთაშორისო მშვიდობისკენ მიმართული საფრთხეების თავიდან აცილებასა და ტერორიზმთან ბრძოლას ემსახურება და უპირატესია საქართველოს მიერ ნაკისრ ყველა სხვა ვალდებულებასთან შედარებით".

შეგახსენებთ, 2020 წლის ივლისში სისხლის სამართლის სტატისტიკით, ივლისში სისხლის სამართლებრივი დევნა სულ 1 933 პირზე დაიწყო (2019 წლის ივლისთან შედარებით ზრდა 9.3 %), მათ შორის 34 არასრულწლოვანი იყო. სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე ივლისში სამართლებრივი დევნის პროცედურა სულ 46 პირზე დაიწყო. მათ შორის 30 პირს ბრალად ედება მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა. აღნიშნული კატეგორიის დანაშაულის ფარგლებში, 13 პირს ედება ბრალი უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისთვის, ხოლო 3 მოქალაქეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას (ფულის გათეთრებას) ედავებიან.

გაფართოვდა საქართველოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო უფლებამოსილება ფულის გათეთრების აღკვეთის მიმართულებით.

იცვლება სათამაშო ბიზნესის დაბეგვრის წესიც. პირმა, რომელიც აფუძნებს სათამაშო ბიზნესს, ფულის წარმომავლობა უნდა დაადასტუროს.როგორც ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, კანონპროექტის მიზანი ფულის გათეთრების წინააღმდეგ ქმედითი მექანიზმების შემუშავებაა.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა(სებ-მა) კომერციული ბანკი/ბანკები ფულის გათეთრებისა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის კანონმდებლობის დარღვევისთვის 726,000 ლარით დააჯარიმა. ბანკებთან ერთად დაჯარიმდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, საგადახდო მომსახურების პროვაიდერებიც და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებიც. სულ შემოწმდა საფინანსო სექტორის 61 წარმომადგენლი, მათ შორის საგადახდო მომსახურების 9 პროვაიდერი, რომლის ინსპექტირება 2018 წელს დაიწყო და დასრულდა 2019 წელს. დაკისრებული ფულადი ჯარიმის ოდენობამ 1 698 800 ლარი შეადგინა. 

ცნობისთვის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საზედამხედველო ჩარჩო“ 2019 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system