თავში

საქართველოში გამოგონებების დაპატენტება გამარტივდება

საქართველოში გამოგონებების დაპატენტება გამარტივდება
საქართველოში გამოგონებების დაპატენტება გამარტივდება

საქართველოში საერთაშორისო განმცხადებლებს გამოგონებების დაპატენტების პროცედურა გაუმარტივდებათ. გერმანიის ქალაქ მიუნხენში საქართველოს მთავრობასა და ევროპის საპატენტო ორგანიზაციას (EPO) შორის გაფორმდა შეთანხმება ევროპული პატენტების ვალიდაციის შესახებ, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და ევროპის საპატენტო უწყების პრეზიდენტმა ანტონიო კამპინოსმა.

შეთანხმების თანახმად, შესაძლებელი გახდება ევროპული პატენტის საქართველოს ტერიტორიაზე ვალიდირება ერთიანი ევროპული საპატენტო განაცხადის საფუძველზე, რაც საერთაშორისო განმცხადებლებს საქართველოში გამოგონებების დაპატენტების პროცედურას გაუმარტივებს.

„ვალიდაციის შეთანხმების ხელმოწერა მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსათვის, იგი ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ ინტეგრაციას ევროპულ ბაზართან. შეთანხმება ასევე გაამარტივებს მოლაპარაკებებს საქართველოს ევროპის საპატენტო ორგანიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ევროპის საპატენტო ორგანიზაციის წევრობა კიდევ უფრო განამტკიცებს სამრეწველო საკუთრების დაცვას საქართველოში და ამგვარად ხელს შეუწყობს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების მიზნების განხორციელებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველო მიზნად ისახავს ევროპის საპატენტო ორგანიზაციში (EPO) გაწევრიანებას. 

ევროპის საპატენტო ორგანიზაცია (EPO) წარმოადგენს ევროპის მასშტაბით მეორე უმსხვილეს საჯარო სერვისების განმახორცილებელ ორგანიზაციას. EPO ახდენს გამოგონებებზე საპატენტო განაცხადების ექსპერტიზას და გასცემს ევროპულ პატენტებს, მისი საქმიანობა მიმართულია ევროპის მასშტაბით ინოვაციის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისაკენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system