თავში

საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებით ACCIONA დაინტერესდა

საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებით ACCIONA დაინტერესდა
საქართველოში განახლებადი ენერგიის გამომუშავებით  ACCIONA  დაინტერესდა

განახლებადი ენერგიის სფეროში მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია ACCIONA საქართველოში ქარისა და მზის სადგურების განვითარების შესაძლებლობას განიხილავს. 

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან დავოსში გამართულ შეხვედრაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა რაფაელ მატეომ განაცხადა, კომპანიის დელეგაცია არსებული შესაძლებლობების შესასწავლად საქართველოში უკვე იმყოფებოდა.

მთავრობის მეთაური ინვესტორს საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების კუთხით არსებულ პოტენციალზე ესაუბრა.

პრემიერის განცხადებით, საქართველო არის სანდო და საიმედო პარტნიორი, რომელსაც ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით მსოფლიოში მოწინავე პოზიციები უკავია.

შეხვედრისას აღინიშნა ელექტროენერგიაზე მზარდი მოთხოვნის ტენდენცია, რასაც მსოფლიო გენერაციის ახალი წყაროების განვითარებით პასუხობს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ქარის ელექტროსადგურების პროექტების განვითარების შესაძლებლობაზე, ქვეყნის მდიდარ ჰიდრორესურსებზე და ელექტროენერგიის ტრანზიტის პერსპექტივაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც სატრანზიტო ჰაბის როლს რეგიონში და ევროკავშირის ბაზარზე.

შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ACCIONA-ის წარმომადგენლობა გააგრძელებს მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობასთან ქვეყანაში 200 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურების შესაძლო მშენებლობასთან დაკავშირებით.

ACCIONA განახლებადი ენერგიისა და წყლის მენეჯმენტის სფეროში მსოფლიო ლიდერი კომპანიაა, რომელიც ექსკლუზიურად განახლებადი ენერგიის სექტორში ხუთ კონტინენტზე, 20 ქვეყანაში ოპერირებს. კომპანია ასევე საქმიანობს ქარის ტურბინების გენერატორების წარმოების სფეროში. ACCIONA-ის წლიური შემოსავალი 7,5 მილიარდ ევროს, ხოლო კომპანიის მიერ დასაქმებულთა რაოდენობა 38 000 ადამიანს აჭარბებს.

ცნობისთვის, წელს დავოსში 21-24 იანვარს საიუბილეო რიგით 50-ე მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იმართება. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიის ალპებში ყოველწლიურად თავს უყრის 3 ათასზე მეტ მონაწილეს, მათ შორის, არიან სახლემწიფოების ლიდერები, კორპორაციების ხელმძღვანელები, საზოგადო მოღვაწეები და ჟურნალისტები. ფორუმზე ჩატარდება 400-მდე საქმიანი სესია, რომლებზეც მოხსენებით 600-ზე მეტი სპიკერი გამოვა. წლევანდელ ფორმუში მონაწილეობას საქართველოს მხრიდან იღებენ პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია და ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system