თავში

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტს და გაძვირებას ელოდებიან

საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტს და გაძვირებას ელოდებიან
საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის დეფიციტს და გაძვირებას ელოდებიან

საქართველო-ირანის სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი და „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის“ თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, რომ საქართველო-ირანის საჰაერო მიმოსვლის შეჩერება ტურიზმს დაარყამს, ხოლო თუ ორ ქვეყანას შორის სახმელეთო მიმოსვლაც აიკრძალება, საგარეო სავაჭრო ურთიერთობებზეც ცალსახად უარყოფითად აისახება.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ ეტაპზე დროებით შეჩერდება მგზავრების საჰაერო გზით შემოყვანა ირანიდან საქართველოში. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობა არ გამორიცხავს, ირანთან ფრენების შეზღუდვის შემდეგ, გადაადგილება სახმელეთო საზღვარზეც შეიზღუდოს. სომხეთის და თურქეთის ხელისუფლებამ, ირანში კორონავირუსით დაავადებული ადამიანების რაოდენობის ზრდასთან დაკავშირებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან საზღვრის დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღო. 

რადგან საქართველოს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ირანთან არ გააჩნია, ტვირთი ქვეყანაში ორი მიმართულებით შემოდის -  სომხეთის და თურქეთის გავლით. ეს არის ლოგისტიკურად უმოკლესი გზა. სხვა გზებით საქართველოში ირანიდან ტვირთის მოხვედრა მხოლოდ აზერბაიჯანიდანაა შესაძლებელი. 

"მაგალითად, საგზაო ბიტუმი ძირითადად სახმელეთო გზებით თურქეთის გავლით სატვირთო ავტომობილით მოდიოდა, თუ მან საზღვარი ჩაკეტა ბუნებრივია ჩვენი საზღვრებიც ირანისთვის დაიკეტა. ირანთან სავაჭრო ბრუნვა 250-300 მლნ დოლარია. საზღვრების ჩაკეტვის შემდეგ, იმ პროდუქციის დეფიციტი გაჩნდება, რაც იქედან შემოდის. შეიძლება ეს რაღაც პერიოდში გამოსწორდეს და ალტერნატივა მოიძებნოს, მაგრამ ძალიან რთული იქნება, ასეთ პროდუქტებზე ფასიც მოიმატებს, ასევე სრულყოფილად და დროულად ვერ მოხდება მათი მოწოდება. ეს სიტუაცია ცალსახად მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის, მაგალითად, ბიტუმის თვალსაზრისით, რომლის ტრანსპორტირებაც პირდაპირ ირანიდან ხდება და აწყობილია მთელი სქემა, მისი ჩანაცვლება შეიძლება რუსეთიდან მოხდეს, მაგრამ ფასიც გაიზრდება და უშუალოდ ტრანსპორტირების პროცესშიც ბევრ დეტალს გაართულებს“, - აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.

შეგახსენებთ, ამ ეტაპზე ირანულ ვიაკომპანიებს შესაძლებლობა აქვთ ცარიელი თვითმფრინავებით შემოვიდნენ საქართველოს სივრცეში, რათა ტურისტად მყოფმა ირანის მოქალაქეებმა შეძლონ ირანში დაბრუნება.

ცნობისთვის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია კორონავირუსთან დაკავშირებით ტერმინ პანდემიას აღარ იყენებს, თუმცა ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ რჩება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

კორონავირუსის პანდემიის შიში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ვირუსის ინფიცირების მკვეთრი ზრდა დაფიქსირდა ირანში, იტალიასა და სამხრეთ კორეაში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის ეპიდემია საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობად მიმდინარე წლის 30 იანვარს გამოაცხადა.

ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 2 619-ს მიაღწია, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 77 403-მდე გაიზარდა. ამასთან ერთად, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე 1 500-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 27-ს მიაღწია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system