თავში

საქართველოში ინტერნეტის 140 კმ-ზე მეტი ახალი ქსელი შენდება

საქართველოში ინტერნეტის 140 კმ-ზე მეტი ახალი ქსელი შენდება
საქართველოში ინტერნეტის 140 კმ-ზე მეტი ახალი ქსელი შენდება

„ოზურგეთის 30 000--მდე მოსახლეს მალე შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ელექტრონული ჯანდაცვით, ელექტრონული განათლებით, ელექტრონული კომერციით და სხვა ელექტრონული სერვისებით," - ამის შესახებ „ოუფენ ნეტის“ დირექტორმა, მარიამ სულაბერიძემ განაცხადა ოზურგეთში, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ნათია თურნავასთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან, გურიის სახელმწიფო რწმუნებულთან ზურაბ ნასარაიასთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, აკაკი საღირაშვილთან ერთად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობის მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

მისი განმარტებით, პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო პროგრამაში ჩართულმა ყველა მხარემ შეძლო საპილოტე ქსელის მშენებლობის დასაწყებად საჭირო პროცესები დაჩქარებული წესითა და შეუფერხებლად წარემართა. 

როგორც მარიამ სულაბერიძემ აღნიშნა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში 140 კმ-ზე მეტი ქსელი აშენდება. 

„დღეს ჩვენ აღარ ვსაუბრობთ ინტერნეტიზაციის აუცილებლობაზე - ვფიქრობ, რეგიონის გაძლიერებისთვის გადაიდგა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი და იმედს ვიტოვებთ, რომ ფართოზოლოვან სერვისებთან წვდომით მოსახლეობას ექნება ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა მარიამ სულაბერიძემ.

ოზურგეთში ფართოზოლოვანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყო და აქ 30 000-მდე მოსახლე მაღალი ხარისხის ინტერნეტს მიიღებს.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს ნებისმიერი ოპერატორისთვის თავისუფალი, შეუზღუდავი და არადისკრიმინაციული პირობებით ღია დაშვების მომსახურების მიწოდებას - ოპერატორებს მიეცემათ შესაძლებლობა განავითარონ საკუთარი ქსელები, ხოლო მომხმარებლებმა ისარგებლონ ხარისხიანი ინტერნეტით.

შეგახსენებთ, საპილოტე ქსელის პარალელურად, მსოფლიო ბანკმა, საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმის მხარდაჭერის მიზნით, საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით, შეიმუშავა პროექტი Log in Georgia, რომელიც უზრუნველყოფს რეგიონებში ფართოზოლოვან ინტერნეტქსელებთან ხელმისაწვდომობას. პროექტი ნახევარ მილიონ ადამიანს მაღალხარისხიანი ინტერნეტით უზრუნველყოფს. ინტერნეტით საქართველოს 1064 დასახლებული პუნქტი დაიფარება.

Log-in Georgia-ს პროექტში კომუნიკაციების კომისიაც ჩაერთვება.

მსოფლიო ბანკთან ერთად დაგეგმილია ინტერნეტიზაცია მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს იქნება 1000 -მდე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, მაღალმთიანი სოფლები.

ფონდი "ქართუ" ინტერნეტიზაციის პროექტში საჭიროების შემთხვევაში შევა.

ცნობისთვის, საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტზე საუბარი, დაახლოებით, ხუთ წელზე მეტია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 2016 წელს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დააანონსა, რომ “ქართუ” ინტერნეტიზაციაში $100 მილიონ დოლარს დახარჯავდა, თუმცა პროექტის აქტიური განხორციელება მხოლოდ ახლა დაიწყო. საქართველოს საყოველთაო ინტერნეტიზაციის საპილოტე პროექტი გურიიდან დაიწყო და მისი ღირებულება, სავარაუდოდ, 10 მლნ ლარია.

შეგახსენებთ, მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ 35.7 მლნ ევროს მოცულობის (40 მლნ. აშშ დოლარი) დაფინანსება გამოყო Log-in Georgia პროექტისთვის, რომლის მიზანია, საქართველოს სოფლის მოსახლეობის, საწარმოებისა და საჯარო დაწესებულებების მაღალი ხარისხის, ხელმისაწვდომ ფართოზოლოვან ინტერნეტთან დაკავშირება და ციფრული სერვისების გამოყენების ხელშეწყობა.

ინტერნეტიზაციის 10-მილიონიანი საპილოტე პროექტი უტენდეროდ დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system