თავში

საქართველოში ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება იგეგმება

​საქართველოში ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება იგეგმება
საქართველოში ქარსაფარი ზოლის აღდგენა-გაშენება იგეგმება

საქართველოში ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, აღდგენა, გაშენება იგეგმება. არსებული მონაცემებით, ქარსაფარი ზოლების 80%-ს ესაჭიროება ხელახლა გაშენება, ხოლო 20%-ს აღდგენა/რეაბილიტაცია.

ქარსაფრების საკითხი კანონმდებლობით დარეგულირდება. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა, საკანონმდებლო ორგანოში “ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ კანონპროექტი დაარეგისტრირეს, რომელიც ქარსაფარ ზოლებთან დაკავშირებით სახელმწიფო პოლიტიკას განსაზღვრავს.

წინასწარი გათვლით, ქარსაფარი ზოლების ინვენტარიზაციის ხარჯი დაახლოებით 31 მილიონ ლარს შეადგენს.

კანონპროექტით, ქარსაფარი ზოლი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში (მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე). სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას მიიღებს მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.

ქარსაფარი ზოლის აღდგენა-განაშენიანების დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება მუნიციპალიტეტისთვის დამახასიათებელი ქარის სიძლიერის მიმართ მდგრადი მწვანე ნარგავების სახეობები და გაშენების მეთოდები. აღდგენისა და გაშენების გეგმას გარემოს დაცვის სამინისტრო შეიმუშავებს.

ქარსაფარი ზოლის მოვლითი ღონისძიებები მოიცავს სანიტარულ და სარეკონსტრუქციო ჭრებს, ხეების სხვლა-ფორმირებასა და მწვანე ნარგავების ამოღება-გაშენებას.

კანონპროექტი უზრუნველყოფს ქარსაფარი ზოლების დაცვას, რაც გულისხმობს დაცვას ხანძრისგან, უკანონო ჭრისგან, ძოვებისგან, აგრეთვე მავნებელი დაავადებებისგან, სანიტარული მდგომარეობის გაუარესებისგან.

კანონპროექტის თანახმად, ქარსაფარი ზოლის სტატუსის მქონე მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის მესაკუთრე უფლებამოსილი იქნება, ქარსაფარი ზოლი გამოიყენოს არაფუნქციური მიზნებით, თუ ეს ხელს არ შეუშლის მის დანიშნულებისამებრ გამოყენებას. არაფუნქციური გამოყენება გულისხმობს, მათ შორის ქარსაფარ ზოლში არსებული ამორტიზირებული მერქნული რესურსებით, აგრეთვე მერქნიანი მცენარეების პროდუქტებით, არამერქნული რესურსებით, როგორიცაა სოკო, სამკურნალო და საკვები ბალახეულობა, თუთის ფოთოლი, ბუჩქოვანი მცენარეების პროდუქტები და სხვა, და ხის მეორეხარისხოვანი მასალით (თესლი, ნაყოფი, ძირკვი, ფიჩხი, ნეკერი და სხვა) სარგებლობას.

ქარსაფარ ზოლში სპეციალური დანიშნულებით ჭრების განხორციელება დასაშვები იქნება წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის, მილსადენების, გზების, ელექტროგადამცემი კომუნიკაციებისა და არხების მშენებლობისათვის.

2022 წლის 1-ელ მარტამდე გარემოს დაცვის სამინისტრომ ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაციის გეგმა უნდა მოამზადოს და დაამტკიცოს. 2025 წლის 1-ელ მარტამდე, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულმა სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ქარსაფარი ზოლის ინვენტარიზაცია, რაც გულისხმობს ფაქტობრივი მდგომარეობის აღწერას, რომლის მიზანია იმ ტერიტორიების გამოვლენა, სადაც ქარსაფარი ზოლი სრულად ან ნაწილობრივ არის შენარჩუნებული. მუნიციპალიტეტმა ქარსაფარი ზოლების აღდგენა-გაშენების, მოვლის, დაცვისა და ზედამხედველობის მიზნით, 2030 წლის 1-ელ იანვრამდე ყოველწლიურად უნდა უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ფარგლებში არაუმეტეს 300 ჰა ქარსაფარი ზოლის ფართობზე არანაკლებ ერთი პირის მიერ უფლებამოსილების განხორციელება.

სააგენტოს და სამინისტროს მიერ გასაწევი ხარჯების დაფინანსების წყარო იქნება სახელმწიფო ბიუჯეტი, ადგილობრივ დონეზე კი, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

“კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილისათვის ქარსაფარი ზოლის სტატუსის მინიჭებას, ზოლის აღდგენას და გაშენებას. შესაძლოა გამოვლინდეს, რომ ქარსაფარი ზოლი იყო და განადგურდა კერძო პირის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, რომელზეც ეს პირი უკვე ახორციელებს გარკვეულ ეკონომიკურ საქმიანობას. მესაკუთრის თანხმობის საფუძველზე, შესაძლოა მიღებული იყოს გადაწყვეტილება, რომ ქარსაფარი ზოლი საჭიროებს აღდგენას. შესაბამისად, კონკრეტული პირი ვეღარ შეძლებს იმ საქმიანობის გაგრძელებას, რასაც ახორციელებდა განსახილველ მიწის ნაკვეთზე. მიუხედავად იმისა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში, ქარსაფარი ზოლის არსებობა სარგელიანია და ზრდის მიწის ნაყოფიერებას, შესაბამისად, მოსავლიანობას - კანონპროექტი თავდაპირველად მაინც გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს კერძო პირთათვის“, - აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კანონპროექტი, ქარსაფარი ზოლების დაზიანებაზე ადმინსტრაციულ და სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობასაც აწესებს. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილების თანახმად, ქარსაფარ ზოლში მწვანე ნარგავების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მათი ზრდის შეწყვეტა, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ქმედების განმეორებით შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, ქარსაფარ ზოლში ხე-ბუჩქნარის გაჩეხვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. “სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატანი ცვლილებით კი, სასჯელის სახედ შესაძლოა განისაზღვროს გამასწორებელი სამუშაო ვადით 1 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 3 წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system