თავში

საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ბოსტნეული იწარმოება

​საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ბოსტნეული იწარმოება
საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ბოსტნეული იწარმოება

ახალგაზრდა ფერმერთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოში მეზობელ ქვეყნებზე გაცილებით ნაკლები ბოსტნეული იწარმოება, შესაბამისად, ქვეყანა მეტწილად იმპორტზეა დამოკიდებული.

2019 წლის მონაცემებით, საქართველო აზერბაიჯანზე 10,6-ჯერ, სომხეთზე კი 3,3-ჯერ ნაკლებ ბოსტნეულს აწარმოებს.

წარმოება 2015-2019 წლებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში:

  • 2019 წელს საქართველოში -161.1 ათასი ტონა ბოსტნეული იწარმოა, სომხეთში - 547.1, ხოლო აზერბაიჯანში - 1716.2 ათასი ტონა.
  • 2018 წელს საქართველოში - 142.1 ათასი ტონა ბოსტნეული. სომხეთში - 560.3 ათასი ტონა, ხოლო აზერბაიჯანში - 1523.4 ათასი ტონა.
  • 2017 წელს საქართველოში - 125.9 ათასი ტონა ბოსტნეული, სომხეთში - 811.9 ათასი ტონა, აზერბაიჯანში კი - 1407.1 ათასი ტონა ბოსტნეული.
  • 2016 წელს საქართველოში - 141.7 ათასი ტონა, სომხეთში - 916.1 ათასი ტონა, აზერბაიჯანში- 1272.1 ათასი ტონა.
  • 2015 წელს საქართველოში - 152.3, სომხეთში - 973.3 ათასი ტონა, აზერბაიჯანში კი - 1276.8 ათასი ტონა.

2020 წელს საქართველომ აგროწარმოება გაზარდა, თუმცა ის მაინც ვერ უტოლდება მეზობელი ქვეყნების დონეს.სოფლის მეურნეობის მინისტრი 8-წლიანი შედეგებით კმაყოფილია და დასძენს, რომ "ოცნების" ხელისუფლებამ შექმნა სოფლის ეკონომიკის ხელშეწყობის პოლიტიკა, რომლის ეფექტურობის წარმოჩენას ლევან დავითაშვილი კონკრეტული რიცხვებით ცდილობს.

„სოფლის მეურნეობის გამოშვება 2012 წლისთვის 3 მლრდ-ზე ოდნავ მეტი იყო; 2020 წლის სოფლის მეურნეობის გამოშვება, საპროგნოზო მონაცემებით, 6 მლრდ-მდე უნდა იყოს. სოფლის მეურნეობის დოვლათი, რაც ქვეყანაში იქმნება, თითქმის 50 %-ით არის გაზრდილი. 70 %-ით არის გაზრდილი ერთ დასაქმებულზე სოფლის მეურნეობის გამოშვება. პროდუქტიულობა ერთ დასაქმებულზე უფრო გაიზარდა ანუ, უფრო ტექნოლოგიური გახდა სოფლის მეურნეობა. და ერთიც მინდა აღვნიშნო, დამატებითი ღირებულება, ანუ ის, რასაც სოფლის მეურნეობა ქმნის ეკონომიკაში, დაახლოებით, 1 მლრდ ლარით გაიზარდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ჩვენ მილიარდზე მეტი ღირებულების პროდუქცია შემოგვაქვს ყოველ წელს და, პრაქტიკულად, არაფერი გაგვქონდა. დაახლოებით 750 მილიონ დოლარზე მეტი იყო ეს უარყოფითი ბალანსი, რაც დღეს, ისტორიულ მინიმუმზე დავიდა და 250 მლნ დოლარს შეადგენს. 500 მლნ დოლარზე მეტით გაუმჯობესდა ჩვენი სავაჭრო ურთიერთობები ამ სექტორში. ერთ წელიწადში და მოკლევადიან პერსპექტივაში სოფლის მეურნეობის არცერთი გადაწყვეტილება შედეგს არ იძლევა; სოფლის მეურნეობაში თანმიმდევრულობას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ბევრი კრიტიკის და სპეკულაციის მიუხედავად, ჩვენ თანმიმდევრულ პოლიტიკაზე უარი არ გვითქვამს. ბევრი რამ ჯერ კიდევ მისაღწევია, მაგრამ თვალსაჩინო მნიშვნელოვანი შედეგები უკვე გვაქვს”, - ამბობს ლევან დავითაშვილი.

ზრდის მიუხედავად, საქართველოში აგროწარმოების დონე მაინც არადამაკმაყოფილებელია.  სპეციალისტების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ამის მიზეზი ედუარდ შევარდნაძის პრეზიდენტობისას მიწის განაწილების არასწორი სტრატეგიაა, რომლის შედეგს ქვეყანა ახლაც იმკის. მაშინ მიწა დარიგდა 0.5 ჰა ნაკვეთებათ, რომლებიც საკუთრებაში გაიცა ყოველგვარი პირობისა ან გადასახადის გარეშე. ამგვარად, აგროსპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მიწები მოხვდა უცოდინარი გამოუცდელი და უფულო ადამიანების ხელში. "გლეხი", რომელიც ფერმერად ვერა და ვერ იქცა საქართველოში, დარჩა მცირემიწიანი, შესაბამისი ცოდნის, შესაბამისი ტექნიკის, შესაბამისი ფულადი რესურსის გარეშე. ასე კი ვერცერთი ადამიანი ვერ შექმნის დოვლათს სოფლის მეურნეობაში. სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ "გლეხი" ვერ შეძლებს აწარმოოს შესაბამისი რაოდენობის და ხარისხის პროდუქცია, როგორც სხვა წარმატებულ ქვეყნებშია და, აქედან გამომდინარე, ყოველწლიურად იქნება საჭირო სახელმწიფოს რესურსების ხარჯვა იმაზე მეტი, ვიდრე უკუგებას იძლევა. აგროსსპეციალისტების თქმით, ქვეყანა ორო არჩევანის წინაშეა: ან უნდა შევეშვათ და ყველაფერი დავტოვოთ ისე, როგორც არის, ან უნდა შეიცვალოს არსებული საკანონმდებლო სისტემა და მოვიზიდოთ ინვესტიციები.

ეკონომიკის ექსპერტი ვეფხია გიორგაძე ამტკიცებს, რომ მიწა, როგორც კაპიტალის მოზიდვის ბერკეტი, სოფლის მეურნეობაში უმნიშვნელოვანესია და სახელმწიფოს მიერ სოფლის მეურნეობის სუბსიდირება უშედეგო და წყალში გადაყრილი ფულია, თუ მიწის განკერძოება არ მოხდება. გიორგაძის თქმით, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწა გაერომ 40 მილიარდ დოლარად შეაფასა. 2013-2019 წლებში სოფლის მეურნეობაში მილიარდნახევარი ლარი ჩაიდო სუბსიდიის სახით. გიორგაძე ამბობს, რომ 40 მლრდ დოლარიანი კაპიტალის დაძვრა სულ რაღაც 1,5 მილიარდი ლარით, აბსურდია. ექსპერტი report.ge-ს უხსნის, რომ უპირველესად ქართული მიწა საქართველოს მოქალაქეების ხელში უნდა გადავიდეს, რათა მასზე საბაზრო ფასი აღდგეს. გიორგაძე მიიჩნევს, რომ ამის შემდეგ უცხოელებზე გასხვისების უფლების დაშვება პრობლემა არ იქნება, რადგან ქვეყანაში შემოვა მართლა ინვესტორი და საქმის მკეთებელი.

"ასე ხდება განვითარებულ ქვეყნებში, მიწის დაცვის მექანიზმი კი მისი მაღალი საბაზრო ფასია, თუმცა გარვეული რეგულაცია უნდა იყოს და გარკვეულ მოთხოვნებს ინვესტორი აუცილებლად უნდა აკმაყოფილებდეს, რაც მიღებულია პრაქტიკაა მსოფლიოში მიწის მართვის მიმართულებით," - გვიხსნის ექსპერტი და დასძენს, რომ დღეს მიწაზე შიდამოთხოვნა დაბალია, რადგან სახელმწიფო ბაზარს მიწას ჭარბად აწოდებს, რადგან სწორედ სახელმწიფო ფლობს ქართული მიწის 50%-ს.

"ჭარბი მიწოდება ფასს აგდებს, ანუ სახელმწიფო მიწის მიწოდებას ზრდის დაბალ ფასში. მიწას კი აფინანსებს კაპიტალის აქტივის ფასი, ანუ, თუ აქტივის ფასი დაბალი,ა სოფლის მეურნეობა ვერ განვითარდება," - გვიხსნის გიორგაძე და დასძენს, რომ დღეს სოფლის მეურნეობის ძირითადი პრობლემა იაფი ფულის დეფიციტია. მისივე თქმით, იაფი ფულის მოზიდვა უმარტივესია შემდეგი გზით: საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიის შემოყვანა, საგარანტიო ფონდის შექმნა, მიწის გასხვისება საქართველოს მოსახლეობაზე, გაცემული სესხების რესტრუქტურიზაცია.

კითხვაზე, რა განავითარებს სოფლის მეურნეობას საქართველოში, ექსპერტი გვპასუხობს: "აუცილებელია, დიდი საგარანტიო სახელმწიფო ფონდის შექმნა და საინვესტიციო ბანკის/ფონდის შემოყვანა, არსებული კრედიტების რესტრუქტურიზაცია, ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის მინიმუმამდე დაყვანა და უფასო პრივატიზაციის პარალელურად მიყოლება, რაც ხელს შეუწყობს ევროპულ პროცენტით ეკონომიკის დაკრედიტებას."

მიწის რეგისტრაციის პროცესი კვლავ დაბალ დონეზეა.

ცნობისთვის, მიწის სისტემური რეგისტრაცია მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი ნაწილია. ჯერ კიდევ ივნისში გამოცხადაა, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის ახალი ეტაპი იწყება, რის საფუძველზეც მოქალაქეებს მიწის რეგისტრაციისთვის ფინანსური ხარჯის გაწევა არ მოუწევთ.

იუსტიციის სამინისტროსთვის მთავრობა მომავალი წლის ბიუჯეტიდან გამოყოფს 251.0 მლნ ლარს, რაც 2020 წელთან შედარებით 26 მილიონი ლარით მეტია. აქედან მიწის რეგისტრაციის ხელშეწყობის მიზნით გათვალისწინებულია 30,0 მლნ ლარზე მეტი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system