თავში

საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნა

საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნა
საქართველოში მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნა

24 სექტემბერს მსოფლიო საზღვაო დღე აღინიშნება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო მიესალმება მსოფლიო საზღვაო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის მიერ წამოწყებულ საინფორმაციო კამპანიას, რომელიც ხაზს უსვამს საზღვაო სფეროში საქართველოს მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს და სამომავლო პერსპექტივებს.

„მსოფლიო საზღვაო დღეს ვულოცავ დარგის ყველა წარმომადგენელს. ჩვენი ქვეყნის მომავალი წარმატებები და ეკონომიკური კეთილდღეობა დიდწილად არის დამოკიდებული საზღვაო სექტორის გამართულ მუშაობაზე. საზღვაო ტრანსპორტი ყველაზე ეფექტური და ეკონომიური ტრანსპორტია - ზღვით გადაიზიდება მსოფლიო ტვირთების 80%, რაც უზრუნველყოფს გლობალური საქონლის საიმედო და დაბალფასიან ტრანსპორტირებას, ვაჭრობის ხელშეწყობასა და მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. მდგრადი საზღვაო გადაზიდვებისა და საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარების ხელშეწყობა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს. ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმები და პროექტები საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, ევროპული სტანდარტით შეასრულოს თავისი, როგორც საზღვაო ქვეყნის ფუნქციები და ვალდებულებები საერთაშორისო დონეზე,“ - განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა თამარ იოსელიანმა და დასძინა, რომ აქტიურ ფაზაშია შესული სექტორული ინტეგრაცია და დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანაბარი უფლებებითა და სერვისებით სარგებლობს საზღვაო სფეროს ცალკეულ მიმართულებებში. 

„მნიშვნელოვანი წარმატებები გვაქვს საზღვაო განათლების განვითარებისა და ქართველი მეზღვაურების დასაქმების მიმართულებით: 2019 წლის მონაცემებით, საქართველო მსოფლიო სახელმწიფოებს შორის მე-13 ადგილს იკავებდა ევროკავშირის გემებზე ოფიცერთა შემადგენლობის მიწოდების კუთხით, 2019 წელსვე საერთაშორისო საზღვაოორგანიზაციამ (IMO) „თეთრ სიაში“ ორგანიზაციის წევრი 165 ქვეყნიდანმხოლოდ 53 სახელმწიფო შეიყვანა, მათ შორის საქართველოც, რითიც დაადასტურა ჩვენი ქვეყნის წამყვანი პოზიცია მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ 2012 წელს გვყავდა 8000 მეზღვაური, დღეს მათი რიცხვი 13600-ს შეადგენს და ევროკავშირთან თანამშრომლობით მათი ღირსეული დასაქმების შესაძლებლობებს ვზრდით“, - აღნიშნა სააგენტოს ხელმძღვანელმა.

თამარ იოსელიანის განცხადებით, საქართველო წარმატებით თანამშრომლობს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში.

„დღეს ჩვენ უკვე გადავედით დინამიური აპროქსიმაციის ეტაპზე, რაც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან არა მხოლოდ სტატიკურ რეჟიმში - საქართველო არამხოლოდ ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების იმპლემენტაციას ახდენს, არამედ უკვე განახლებული სტანდარტების დანერგვას ვახორციელებთ. ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად ვმუშაობთ საზღვაო ტრანსპორტის სტრატეგიაზე. ევროკავშირთან ერთად ვქმნით შესაძლებლობებს საქართველოს საზღვაო სფეროს მდგრადი განვითარებისათვის,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

ცნობისთვის, მსოფლიო დღეს 24 სექტემბერს საზღვაო დღეს აღნიშნავს. საზღვაო ინდუსტრიის ყველა წევრს ეს დღე მიულოცა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

საქართველოს, როგორც საზღვაო ქვეყანას, მიულოცა ევროკავშირის ელჩმაც საქართველოში კარლ ჰარცელმაც. 

შეგახსენებთ, საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მოწოდებას და 15 ივნისს მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოაცხადა, ანუ, მთავრობის 2020 წლის 15 ივნისს გადაწყვეტილებით, საქართველოში მეზღვაური - “საკვანძო პროფესიად“ გამოცხადდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system