თავში

საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია

საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია
საქართველოში რუსული ხორბლის წილი მაღალია

2021 წლის 15 თებერვლიდან რუსეთში ხორბლის, ჭვავის, სიმინდისა და ქერის ექსპორტზე დაწესებული კვოტები ამოქმედდა. ძალაში შევიდა საბაჟო ტარიფები და ამკრძალავი ბეგარაც საბაჟო ღირებულის 50%-ის ოდენობით. ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტები განმარტავენ, რომ  ზოგადად, ქვეყნის მიერ ექსპორტზე საბაჟო ტარიფისა თუ კვოტის დაწესება პროტექციონისტური პოლიტიკის ნაწილია და ხშირ შემთხვევაში მიმართულია ადგილობრივი მწარმოებლებისა და ბაზრების დაცვისკენ. საექსპორტო კვოტა რაოდენობრივი შეზღუდვის სახეს წარმოადგენს და გულისხმობს გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონკრეტული პროდუქტისა თუ მომსახურების ექსპორტზე რაოდენობრივი თუ მოცულობითი შეზღუდვების დაწესებას ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ამ პროდუქტისა თუ მომსახურების ფასების დაბალი დონის შენარჩუნების მიზნით. კვოტისგან განსხვავებით, საბაჟო ტარიფის დაწესება სახელმწიფო შემოსავლის მიღების წყაროს წარმოადგენს, რომელიც შემდეგ შესაძლოა ადგილობრივ მწარმოებლების გაძლიერების მიზნით დაიხარჯოს. ტრადიციულად, საექსპორტო შეზღუდვების დაწესება ექსპორტიორი ქვეყნისთვის ადგილობრივი მიწოდების ზრდასა და ადგილობრივი ფასების შემცირებას ნიშნავს, რაც იმპორტიორი ქვეყნისთვის იმპორტის გაძვირებასა და მოთხოვნის შემცირებაში აისახება. 

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ეკონომისტების განმარტებით, თეორიაში განხილულია ამ ეფექტის ორი მთავარი მიზეზი:

  1. საერთაშორისო ფასები – როდესაც საექსპორტო შეზღუდვას დიდი ექსპორტიორი ქვეყანა აწესებს, ეს საერთაშორისო ფასებზეც ახდენს გავლენას. რადგან რუსეთი ხორბლის ერთ-ერთი მთავარი ექსპორტიორი ქვეყანაა, ექსპორტზე შეზღუდვების დაწესება საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მიწოდების შეზღუდვასა და, შესაბამისად, ფასების ზრდას გამოიწვევს. იმპორტიორმა ქვეყნებმა შესაძლოა იმპორტის ბაზრების დივერსიფიკაცია მოახდინონ, თუმცა საერთაშორისო ფასების ზრდის გამო მათ მაინც უფრო მაღალი ფასის გადახდა მოუწევთ.
  2. მოლოდინები – ექსპორტზე კვოტის დაწესება მიწოდების დეფიციტის მოლოდინებს ქმნის, რაც კიდევ უფრო მეტად ზრდის ფასებს.

ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტები შენიშნავენ იმასაც, რომ იმპორტის გაძვირებამ იმპორტიორ ქვეყანაში, შესაძლოა, ადგილობრივი წარმოების ზრდას შეუწყოს ხელი.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მონაცემებით, 2019 წელს ხორბლის ყველაზე დიდი მწარმოებელი მსოფლიოში ჩინეთი იყო, რომლის წილიც მთლიან წარმოებაში 17% იყო , მას მოჰყვება ინდოეთი (14%), რუსეთი (10%), აშშ (7%) და საფრანგეთი (5%). საქართველოში ხორბლის იმპორტის დიდი ნაწილი რუსეთიდან ხორციელდება. 2020 წელს ხორბლის მთლიანი იმპორტის 95%-ს რუსული ხორბალი შეადგენდა, ამერიკული ხორბლის იმპორტი კი მხოლოდ 4% იყო. 2012-2015 წლებში შედარებით დიდი რაოდენობით ხორბლის იმპორტი ხდებოდა ყაზახეთიდან და უკრაინიდანი, თუმცა ის მალევე ჩაანაცვლა რუსულმა ხორბალმა, რაც ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებს უსლაც არ უკვირთ, რადგან საქართველოს ძირითად პარტნიორებში რუსეთი ხორბლის წარმოების დონითაც გამოირჩევა.

"იმპორტირებული ხორბლის რაოდენობაცა და ღირებულებაც 2010-2020 წლებში დაღმავალი ტრენდით ხასიათდება, რაც შესაძლოა ადგილობრივი წარმოების და, მაშასადამე, თვითუზრუნველყოფის კოეფიცინტის ზრდით აიხსნას (2010 წელს – 6% და 2019 წელს – 15%) (საქსტატი, 2021). დაღმავალი ტრენდით ხასიათდება ხორბლის საშუალო საიმპორტო ფასიც (HS1001), რომელიც 2012-2020 წლებში 1 ტონაზე 190 დოლარიდან 280 დოლარამდე მერყეობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იგი 2016 წლის მინიმალურ ფასს მოუხლოვდა და 2019 წელს 213 აშშ დოლარი/ტონა, ხოლო 2020 წელს – 219 აშშ დოლარი/ტონა შეადგინა. შედარებით უფრო მაღალია მაგარი ხორბალის (გარდა სათესლე ხორბლისა, HS100119) საიმპორტო ფასი, რამაც 2019 წელს 226 აშშ დოლარი/ტ შეადგინა, ხოლო 2020 წელს გაიზარდა და 252 აშშ დოლარი/ტ გახდა (Trade Map, 2021)," - აღნიშნულია ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის ხორბლის ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრების მიმოხილვაში.  ხორბლით ვაჭრობის მონაცემების მიმოხილვის შედეგად, დასკვნის სახით ორგანიზაცია აცხადებს, რომ საქართველო რუსეთის ბაზარზეა დამოკიდებული და საიმპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის დონე დაბალია. ამიტომაც, დიდია ალბათობა, რომ რუსეთის მიერ ვაჭრობაზე შეზღუდვების დაწესებამ შეიძლება საქართველოში პურისა და პურ-პროდუქტების გაძვირება გამოიწვიოს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system