თავში

საქართველოში საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები მკაცრდება

​საქართველოში საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები მკაცრდება
საქართველოში საავტომობილო დიზელის ხარისხობრივი ნორმები მკაცრდება

საქართველოს მთავრობამ „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ” N238 დადგენილებაშიცვლილებებიდაამტკიცა. აღნიშნული გადაწყვეტილებით, დიზელის საწვავი მაქსიმალურად დაუახლოვდა ევროდირექტივით განსაზღვრული პარამეტრების ნუსხას.

ამის შესახებ report.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების განმარტებით, დიზელის ხარისხობრივი მოთხოვნები ეტაპობრივად უმჯობესდება და, დადგენილი პარამეტრების ფარგლებში, 2019 წლიდან შეესაბამება ევრო 4 სტანდარტს, რაც გოგირდის მცირე შემცველობას გულისხმობს. 

დიზელის ხარისხის ევრო 5 ნორმამდე გაზრდა მომავალი წლის 1 იანვრისთვის არის განსაზღვრული.

შეგახსენებთ, 2020 წლის ბოლოს საქართველომ ბენზინის ხარისხობრივი ნორმები გაამკაცრა. ბენზინთან მიმართებითა განისაზღვრა ევროდირექტივით დადგენილი ყველა პარამეტრი.

"საავტომობილო საწვავის ხარისხის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ავტომობილებში გაუმჯობესდება წვის პროცესი, რაც უზრუნველყოფს აზოტის დიოქსიდისა და მყარი ნაწილაკების გაფრქვევების შემცირებას. აღსანიშნავია, რომ საავტომობილო საწვავის ხარისხის დადგენილი ნორმების დარღვევებისთვის სანქციების მნიშვნელოვნად გაზრდის მიზნით, 2020 წელს ცვლილებები შევიდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში. საავტომობილო საწვავის რეგულარულ მონიტორინგს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ახორციელებს," - განმარტავენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში. 

შეგახსენებთ, დიზელის უმსხვილესი მომწოდებელი საქართველოსთვის აზერბაიჯანია.

დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადავადდა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ჯერ კიდევ 2020 წლის ოქტომბერშივე აცხადებდა, რომ თუკი 2021 წლიდან ამოქმედდებოდა დიზელის საწვავზე ახალი სტანდარტი, ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც დიზელის საწვავის იმპორტი ვეღარ განხორციელდებოდა, იქნებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკა.იმის გამო, რომ პანდემიის მიზეზით შარშან ვერ მოესწრო აზერბაიჯანში ახალი სისტემის დანერგვა, ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების რეკონსტრუქცია-გადაიარაღების ვადამ გადაიწია 2021 წლის ბოლომდე. 

სპეციალისტების მტკიცებით, თუ აზერბაიჯანული დიზელი საქართველოში ვეღარ შემოვიდოდა, ეს ამ ტიპის საწვავს გააძვირებდა, რაც პრობლემებს შექმნიდა ეკონომიკაში, რადგან, როგორც წესი, სწორედ დიზელს მოიხმარს აგროწარმოება და ლოგისტიკა. როოგორც ჩანს, ბიზნესმა შეძლო მთავრობის დარწმუნება, რომ დიზელის გაძვირება ჯაჭვური რეაქციით ქვეყანაში პროდუქციის გაძვირებას გამოიწვევდა და, შედეგად, დიზელის საწვავზე ევრო5-ის სტანდარტის ვალდებულება 1 წლით გადავადდა. 

ცნობისთვის, საქართველოში დიზელის ხარისხობრივ ნორმად ევრო-5-ის ვალდებულება მეორედ გადავადდა. ის ჯერ კიდევ 2020 წლის 1 იანვრიდან უნდა ამოქმედებულიყო. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system