
საქართველოს ეროვნული ბანკის ანალიტიკური ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში საბანკო სესხების მთლიანი პორტფელის 6.4% უმოქმედოა. ქვეყანაში გაცემული სესხების მოცულობა 40.1 მილიარდი ლარია, შესაბამისად, უმოქმედო სესხის სტატუსი მათგან 2.56 მილიარდი ლარის სესხებს აქვს მინიჭებული.
სებ-ის განმარტებით, უმოქმედო სესხი წარმოადგენს იმ სესხებს, რომელიც კლასიფიცირებულია როგორც არასტანდარტული, საეჭვო და უიმედო.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, უმოქმედო სესხების მოცულობა მცირდება, იანვარში ის საბანკო სესხების პორტფელის 8.4%-ს შეადგენდა.
ეროვნული ბანკი უმოქმედო სესხების მოცულობას სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიითაც ითვლის. ამ მეთოდოლოგიით, უმოქმედოა სესხი თუ ის 90 დღეზე მეტად არის ვადაგადაცილებული. ამ კატეგორიის სესხების მოცულობა საბანკო პორტფელის 2.3%-ს შეადგენს. 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა მაქსიმალური იანვარსა და თებერვალში იყო და 2.6%-ს შეადგენდა.